USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
თბილისში პარტნიორი ტაქსის მძღოლების აქცია-მსვლელობა გაიმართა
თარიღი:  1424

დღეს, თბილისში “ბოლტისა” და “იანდექსის” აპლიკაციებით დასაქმებული ტაქსის მძღოლებისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების საერთო აქცია-მსვლელობა გაიმართა. მსვლელობა 12:00 საათზე ჰუალინგის დასახლებიდან დაიწყო და რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციით დასრულდა.

როგორც ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია მსვლელობის დაწყებამდე BMGTV-ის ეთერში განმარტავდა, პროტესტის მიზეზი ტარიფების პრობლემა და არასათანადო სამუშაო პირობები, მათ შორის ავტომობილებისა და მძღოლების უკონტროლობაა.

“პროტესტი დღეს არ დაწყებულა, რეალურად, რაც “იანდექსი” გამოჩნდა ბაზარზე, შინაგანი პროტესტი მუდმივად არსებობდა დასაქმებულებში. ხელშეკრულებაში, რომელიც მძღოლებს აპლიკაციებთან აქვთ გაფორმებული, უწერიათ “პარტნიორული ურთიერთობა”, თუმცა მათ შორის უნდა არსებობდეს შრომითი ხელშეკრულება. სხვანაირად, თუ მძღოლი პარტნიორია, მაშინ კომპანია გადაადგილების ტარიფებს. რეალურად ცალმხრივად არ უნდა წყვეტდეს, “იანდექსი” და “ბოლტი” ერთმანეთთან კომუნიკაციაში მძღოლებს ჩაგრავენ.

მაგალითად, ერთი მხრივ, თუ მგზავრმა დარეკა და საჩივარი განაცხადა, რომ რომელიმე მძღოლი მას სათანადოდ არ მოემსახურა, მძღოლი გაშავებულია და მეტიც, ის თანხა, რაც ბალანსზე ჰქონდა დაგროვებული, აღარ ერიცხება. გარდა ამისა, საქართველოში “იანდექსის” მძღოლებზე პასუხისმგებელი პირი არ არსებობს, არავის აინტერესებს, მანქანა ვარგისია თუ არა, მძღოლი თუა ჯანმრთელი, რა ევალებათ მძღოლებს… “, - ამბობს ლავრენტი ალანია.

პროფკავშირის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემაა ასევე A და B კატეგორიების ლიცენზიების მქონე მძღოლების არათანაბარ პირობებში ყოფნაც. ტაქსის კომპანიებში დასაქმებულები აპროტესტებენ, რომ B კატეგორიის მძღოლებს, მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზირების ფასი იდენტურია, არავითარი პრივილეგია არ ეძლევათ, მათ შორისაა Bus Lane-ებზე მგზავრის აყვანისა და მანათობელი ტრაფარეტების დადგმის უფლებებიც. ლავრენტი ალანია ასევე განმარტავს, რომ პროტესტის მიზანია “იანდექსის” მომხმარებელი მძღოლებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვაც, რადგან აპლიკაციას მათ პირად მონაცემებზე მუდმივი წვდომა აქვს.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში უკვე შევიტანეთ განცხადება, რომ ყველა ადამიანის, ვისაც “იანდექსის” აპლიკაცია აქვს გადმოწერილი, პირად მონაცემებს და ისტორიას კომპანია ფლობს. როდესაც “იანდექსი” საქართველოში შემოვიდა, აპლიკაციის პირველი ვერსია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არც აღიარებდა, არავინ იცის, რა კომპანიაა, ვინ დგას მის უკან, და არ შეიძლება, ადამიანების პერსონალურ მონაცემებს რაღაც კომპანია ფლობდეს. განცხადება წარმოებაში მიღებულია და მათ გადაწყვეტილებას ველოდებით”, - აცხადებს ლავრენტი ალანია.

ტაქსის მძღოლები ფიქრობენ, რომ საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანაში გავრცელდება და ბაზარზე არსებულ ყველა კომპანიის მძღოლს მოიცავს.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის