USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება
Date:  

დედაქალაქში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხნის მშენებლობა იგეგმება, რაც საქართველოში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხელი მოაწერა მხარდაჭერის ხელშეკრულებას, ხოლო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ - განხორციელების ხელშეკრულებას.

როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, დიდი ლილოს პოლიგონზე მასალების აღმდგენი ობიექტი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმო აშენდება, რომლის საშუალებითაც ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების შემდეგ, მასალის რეალიზება მოხდება.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა. პირველი, რაც გაკეთდება, ესაა გადამტვირთი სადგურის მოწყობა, ფაქტობრივად ახლის მშენებლობა და ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობის მოწესრიგება. გარდა ამისა, მოწესრიგდება ლილოს ნაგავსაყრელი, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ქალაქისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ამ პროექტის განხორციელება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის მიმართულებას თბილისში.

„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომელმაც გამოყო 26 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში. ეს არის ნარჩენების გადამუშავების პროექტი. აღნიშნული თანხიდან ნაწილი - 22 მილიონი ევრო გამოყოფილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, ხოლო 4 მილიონი ევრო გამოყოფილია მწვანე კლიმატის ფონდიდან. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის პროგრამას დედაქალაქში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

პროექტის მნიშვნელობას ასევე ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმაც.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რათა თბილისში დაიწყოს ნარჩენების სეპარაცია და მართვა. აღნიშნული პროექტის უპირველესი მიზანია თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის განხორციელება დაიწყება თბილისიდან და გვსურს, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც განხორციელდეს, მათ შორის, ბათუმში.

ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლოსთვის წამოვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გარემოსდაცვით მიზნებს“, - განაცხადა ალკის დრაკინოსმა.

ხელმოწერის ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ესწრებოდა.

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way