USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრა გაიხსნა
дата:  1842

თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის მორიგი შეხვედრა გაიხსნა. შეხვედრა თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიამ გახსნა.

„2021 წელს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მადლობას ვუხდი იუნესკოს, რომელმაც მისი განხორციელება გვანდო და სამუდამოდ დაგვიტოვა წიგნის ერთ-ერთი დედაქალაქის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ ქსელის შეხვედრები ახალი იდეებისა და გამოწვევების დასაწყისი იქნება. თბილისის მერია და მთელი ჩვენი გუნდი ამ პროექტის დიდი მხარდამჭერები ვართ და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. მადლობას მოვახსენებ სტუმრობისთვის ქსელის ყველა წევრი ქალაქის წარმომადგენელს, ხოლო 2024 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქს, სტრასბურგს წარმატებას ვუსურვებ“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

ქსელის შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ხელმძღვანელი, იან დენისონი და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

„აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მოგვცემს დავგეგმოთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინიციატივები 2024-25 წლების განმავლობაში, რაც განავითარებს წიგნის სფეროს, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებასა და დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს, რათა ჰქონდეთ ინფორმაციისა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ქსელის წევრი ოცი ქალაქის წარმომადგენელთა ვიზიტი, დამატებით, ახალ კარს გახსნის ქვეყნისა და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის“, - აღნიშნა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა.

ქსელის შეხვედრას ესწრებიან პროექტის გასული წლების მასპინძელი ოცი ქალაქის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს გააცნობენ გაწეული სამუშაოების ანგარიშს, განიხილავენ ახალ გამოწვევებს, მათი გადაჭრის მეთოდებს, სამომავლო პარტნიორობას, დაფინანსების მოპოვების გზებსა და სხვა საკითხებს. დაგეგმილი პროგრამები წარმოადგინეს 2024 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქ სტრასბურგიდან და რიო დე ჟანეიროდან ჩამოსულმა სტუმრებმა. ეს უკანასკნელი პროექტს 2025 წელს უმასპინძლებს.

იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრას თბილისი მეორედ მასპინძლობს. პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა, როდესაც თბილისმა „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტი დაასრულა. 2023 წელს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გამართული შეხვედრისას, თბილისმა სხვა ქალაქებთან ერთად აიღო ქსელის წევრობისა და მისი განვითარების პასუხისმგებლობა, რაც ერთობლივ ქარტიაზე ხელის მოწერითაც დაადასტურეს. თბილისის მერიის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ჩვენი დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან მასპინძლობდა. ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა ასამდე პროექტი, რომლებმაც სრულად მოიცვეს არა მხოლოდ წიგნის სფერო, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილიც. განხორციელდა არაერთი საგამომცემლო, ზოგადსახელოვნებო, მულტიმედიური და საერთაშორისო პროექტი.

იუნესკოს მიერ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის დაარსებიდან, დღემდე, ამ სტატუსს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 25 ქალაქი ატარებდა.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати