საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო სკოლებში სწავლება 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება.
ქვეყნის მასშტაბით სხვა სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება.
„სწავლება რა თქმა უნდა იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად. ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო 15 სექტემბრიდან ყველგან. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კლასებში, სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვა რაოდენობის ბავშვია და ამის გამო იყო გადანაწილებული, ნაწილი დისტანციურად და ნაწილი კლასებში. ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, სწავლა დაიწყება დისტანციურად ყველგან, მაგრამ სასწავლო კლასებში სწავლა დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ისევე როგორც იყო ბათუმსა და ქობულეთში. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ეხება ყველა წრეებს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს, მათ შორის, 1-4 კლასებს.