USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს, რომელსაც პრემიერი უხელმძღვანელებს
Date:  
თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
 
უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომაზე განიხილეს პოტენციური ლოკაციები სტადიონის ასაშენებლად, აგრეთვე მშენებლობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური საკითხები. კომისიის წევრებმა ისაუბრეს სტადიონის ადაპტირების შესაძლებლობებზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების ჩასატარებლად.
 
შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს იმ სპეციფიკურ მოთხოვნებზე, რომლებსაც ახალი სტადიონი საერთაშორისო, მაღალი რანგის მატჩების მასპინძლობისთვის უნდა აკმაყოფილებდეს.
 
მთავრობის მეთაურმა ინფორმაცია ამ საკითხზე ფეხბურთისა და რაგბის ფედერაციების პრეზიდენტებისგან მოისმინა.
 
სხდომაზე ასევე განიხილეს პროცესში უეფას წარმომადგენლების ჩართვის ინიციატივა.
 
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში ქვეყანას სპორტის არაერთ სახეობაში განსაკუთრებული მიღწევები აქვს, მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
 
ახალი სტადიონი ქვეყანას მისცემს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანისა და სხვა უმაღლესი რანგის ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას.
 
tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way