„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოში წელს პირველად მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება „თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიმართება. სამიტი ორი დღის განმავლობაში, 22-23 ოქტომბერს ჩატარდება. სამიტის ფარგლებში სხვადასხვა სესიები და პანელური დისკუსიები გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივად ორგანიზებულ სამიტზე, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ფინტექ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები.
„თბილისის ფინანსური სამიტის“ მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება იქნება.
ასევე დაგეგმილია ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლების ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები.
„თბილისის ფინანსური სამიტი“ GFTN-ის ღონისძიებების სერიის შემადგენელი ნაწილია, რომლის მასპინძლად GFTN-მა საქართველო აირჩია. შედეგად, საქართველო სწორედ ამ ქსელის ნაწილი ხდება. სამიტი კი ერთგვარი პლატფორმაა ქვეყნის სტრატეგიული მიზნისკენ მიმავალ გზაზე - საქართველო იქცეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მთავარ რგოლად. GFTN-ის ქსელი სათავეს იღებს სინგაპურში და აერთიანებს მრავალწლიან წარმატებას, რაც შემდგომში განვითარდა აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
"თბილისის ფინანსურ სამიტზე" მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.