USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების ახალი ნაკადი შემოვიდა
თარიღი:  557

ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ავტობუსების ახალი ნაკადი საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპანია MAN Truck & Bus-ის წარმომადგენლებთან ერთად წარუდგინა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ავტობუსების პარკის სრული განახლება და ახალი ავტობუსების შემოყვანაა.

„ჩვენთვის, ერთი მხრივ საამაყო და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობაა, ჩავერთოთ თბილისის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებაში. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა ეს შესაძლებლობა და ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებლებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე ავტობუსები შევთავაზეთ.

MAN-ის 18-მეტრიანი, ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსები, სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით. ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას.

მოგეხსენებათ, თეგეტა უკვე 17 წელია გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის პარტნიორი და რეგიონში მისი ექსკლუზიური დილერია. ამასთანავე გვაქვს სათანადო გამოცდილება, საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებებს, MAN-ის სტანდარტებით აღჭურვილ ჩვენს სერვისცენტრში, შესაბამისი ტექნიკური მომსახურება გავუწიოთ“, - განაცხადა „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ დირექტორმა ბექა ბერიძემ.

„მოხარულები ვართ, რომ ქალაქ თბილისმა აირჩია ჩვენი თანამედროვე MAN Lion’s City ავტობუსები. ჩვენ უკვე ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს და ძალიან ვამაყობთ, რომ თბილისში Man Lion’s City-ის 200-ზე მეტი ავტობუსი იმუშავებს და გააძლიერებს ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს.

ქალაქ თბილისში იფუნქციონირებს MAN-ის თანამედროვე, ევრო 6-ის სტანდარტის CNG-ის ძრავზე მომუშავე საქალაქო ავტობუსები, რომელიც წარმოადგენს უფრო ეკოლოგიურ ალტერნატივას სხვა ჩვეულებრივ ძრავებთან შედარებით.

MAN-ის საქალაქო ავტობუსს შეუძლია გაცილებით დიდი რაოდენობის მგზავრების გადაყვანა და ამით აკმაყოფილებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუდმივად მზარდ მოთხოვნას, ასევე გამოირჩევა მარალი ხარისხითა და კომფორტით. ეკონომიური და ეკოლოგიური MAN-ის ავტობუსები გამიზნულია იმისთვის, რომ თბილისში ტრანსპორტი უფრო მდგრადი გახდეს. ავტობუსები წარმოებულია ჩვენს ავტორიზირებულ სერვის ცენტრში პოლონეთში, სტარაჩოვიცეში. ასე რომ თბილისი ნდობას უცხადებ პროდუქტს რომელიც შემუშავებული და შექმნილია ევროპაში“, - განაცხადა „მან თრაქ ენდ ბასის“ ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელმა ბარბაროს ოკტაიმ.

კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.

გარდა ამისა, ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებითა და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.

ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას.

ამ ეტაპზე, დედაქალაქში შემოსულია და ექსპლუატაციაშია 75 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. დამატებით 25 ავტობუსი მარშრუტებზე ეტაპობრივად გადანაწილდება.

უახლოეს პერიოდში თბილისში დამატებით 100 ერთეული ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა. ჯამში თბილისის მოსახლეობას 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება.

 

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის