USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
თბილისში 1 აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი ზონები ამოქმედდება
Date:  889

1 აგვისტოდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კიდევ რამდენიმე ტერიტორიაზე ამოქმედდება. შესაბამისი განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ახალი პარკირების ზონები მოიცავს მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის, დიდი დიღმისა და ბაგების კონკრეტულ მისამართებს, ასევე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირს.

„კონკრეტულ რაიონებში აღნიშნული რეფორმა უკვე მიმდინარეობს. ზონალურ-საათობრივი პარკირება საშუალებას აძლევს რაიონის მცხოვრებლებს, რომ ავტომობილების სანომრე ნიშნების საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სახლთან ახლოს პარკირება უფასოდ გამოიყენონ,“ — განაცხადა კალაძემ.

მერის განმარტებით, ადგილობრივ მაცხოვრებლებს 1-ელი ივლისიდან შეეძლებათ, სპეციალურ საინფორმაციო ჯიხურებში ავტომობილების რეგისტრაცია გაიარონ, რათა ზონალურ არეალებში უფასო პარკირებით ისარგებლონ.

ახალი პარკირების ადგილები:

  • მთაწმინდის რაიონი — ჯამში 596 ადგილი, მათ შორის: მიტროფანე ლაღიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, ინგოროყვას, შიო ჩიტაძის, ვუკოლ ბერიძის, ზურაბ ჟვანიას, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, მთაწმინდის, დანიელ ჭონქაძის, ძმები კაკაბაძეებისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებზე;
  • ვაზისუბანი — 160 ადგილი ოსიპ მანდელშტამისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებზე;
  • დიდი დიღომი — 324 ადგილი ფარნავაზ მეფის გამზირზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის გადაკვეთის მიმდებარედ) და პეტრე იბერის ქუჩაზე;
  • ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი — 160 ადგილი;
  • ბაგები — 100 ადგილი ზურაბ საკანდელიძის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე.

საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება შემდეგ მისამართებზე:

  • ბესიკის ქუჩა N25-ის მოპირდაპირედ
  • ტარას შევჩენკის ქუჩა N5
  • ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა N9
  • წყნეთის გზატკეცილი N49-ის მოპირდაპირედ
  • ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N112 და N142
  • ოსიპ მანდელშტამის ქუჩა N3
  • ფარნავაზ მეფის გამზირი N1 და N35
  • პეტრე იბერის ქუჩა N24

თბილისის მერიის ინფორმაციით, საინფორმაციო ჯიხურებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დახმარება და გაიარონ რეგისტრაცია ადგილზე.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way