USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
თბილისმა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) წლიურ შეხვედრას უმასპინძლა
თარიღი:  745

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, თბილისში ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) წლიურ შეხვედრას უმასპინძლეს, სადაც იმსჯელეს საკითხზე, თუ როგორ გაუადვილონ ღვინის მწარმოებლებს საერთაშორისო ვაჭრობა.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„საქართველო 2023 წელს ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, თბილისში ვუმასპინძლეთ აღნიშნული ჯგუფის წევრ ქვეყნებს, ასევე, ორგანიზაციის დამკვირვებელი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და მოლდოვას წარმომადგენლებს. ჯგუფის ორდღიანი მუშაობის ფარგლებში, გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა სავაჭრო ბარიერებზე და იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება გავუადვილოთ ღვინის მწარმოებლებს საერთაშორისო ვაჭრობა, მათ შორის ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და სხვა. თბილისში გამართული WWTG-ის შეხვედრა პროდუქტიული იყო; შესაბამისად, გადაიდგმება ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო მეტი ქართული ღვინო გაიყიდოს სტრატეგიულ ბაზრებზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

უწყების ცნობითვე, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) წლიური შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გახსნა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა. თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან შეუდგა. WWTG-ის წევრები, საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან.

თბილისში გამართული წლიური შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის არსებული მდგომარეობა, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) რეზოლუციები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) კოორდინაციის, WWTG-ის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ის სხვა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივებასთან.

WWTG-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა ღვინის ტური ქართლის რეგიონში. შეხვედრის მონაწილეები ეწვივნენ ღვინის კომპანიებს „შატო მუხრანი“ და „იაგოს ღვინო“, ასევე ძალისის ნაქალაქარს. WWTG-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტოა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის