თბილისის ზოოპარკში გამრავლებული ირმები რომ ბუნებას დაუბრუნდნენ, მაგ ამბავს უკვე შეიტყობდით. ვიდეოსაც ნახავდით. ამ რამდენიმეწუთიან საოცარ სანახაობას მრავალწლიანი შრომა უძღოდა წინ და გვინდა, ამ პოსტით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ კეთილშობილი ირმების რეინტროდუქციასთან (ბუნებაში დაბრუნებასთან) დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
ცოტა ვრცელი პოსტი გამოვა, მაგრამ სადაც ჩვენს საპირველაპრილო სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობთ საოცარი ინტერესით, ვიმედოვნებთ, ამ რეალურ და უდავოდ ისტორიულ მოვლენას გაცილებით დიდი ყურადღებით მოეკიდებით.
მაშ ასე, საქმეს შევუდგეთ.
როდის დაიწყო პროექტზე მუშაობა?
სახეობის ბუნებაში დაბრუნება ისეთი რამაა, რაც არ იწყება და არ მთავრდება რამდენიმე კვირაში, თვეში, გნებავთ – წელიწადში. ამ პროცესს შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს.
კავკასიური კეთილშობილი ირმის კონსერვაციის იდეა ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. მართალია, იმ პერიოდში ირმებისთვის არავის სცხელოდა, მაგრამ სწორედ მაშინ მომზადდა ამ სახეობის კონსერვაციის პირველი გეგმა. რატომ კეთილშობილი ირმის? რადგან საქართველოში მისი რაოდენობა მკვეთრად იყო შემცირებული და ამ მხრივ არც ახლა გვაქვს დალხენილი მდგომარეობა.
როგორ შევარჩიეთ ირმებისთვის შესაფერისი ადგილი?
რამდენიმე წლის წინ იტალიიდან მთის ჩლიქოსნების სპეციალისტები, ლუკა როსი და სანდრო ლოვარი, ჩამოვიყვანეთ. ირმებისთვის შესაბამისი საბინადრო არეალის შერჩევაც მათთან ერთად დავიწყეთ. ადვილი საქმე არ იყო – ცხოველს ვერ დაავლებ ხელს და იქ ვერ გადასვამ, სადაც მოგიხერხდება ან გაგიხარდება. ტერიტორია სახეობის თავისებურებებს უნდა შეესაბამებოდეს: აუცილებელია სიმშვიდე, საკმარისი საკვები, სათანადო ლანდშაფტი და კლიმატური პირობები, სამალავები თავის შესაფარებლად; გათვალისწინებული უნდა იყოს მტაცებლების რაოდენობა და მტაცებლებზე უარესის – ბრაკონიერობის ალბათობა. მოკლედ, უამრავი საკითხია.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ცხრა მთის გადავლისა და არაერთი ვარიანტის განხილვის შემდეგ არჩევანი ალგეთის ეროვნულ პარკზე შევაჩერეთ. აღფრთოვანდნენ ჩვენი იტალიელები – Bravissimo! როგორც იქნა, ისეთი ადგილი ვიპოვეთ, სადაც ირმის რეინტროდუქციას შევძლებთო.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ის უნდა მოგვეფიქრებინა, სად გვეშოვა ბუნებაში დასაბრუნებელი ირმები. შემდეგი კითხვაც ასე ჟღერს:
სად უნდა გვეშოვა ბუნებაში დასაბრუნებელი ირმები?
საქართველოში ირემი რამდენიმე ადგილასაა გავრცელებული: ლაგოდეხი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, გარდაბანი და თუშეთი. გარდაბანში ისედაც კინკილა პოპულაციაა. არც ბორჯომი და ლაგოდეხია „მჭიდროდ დასახლებული“. ირმების იქ დაჭერასა და ახალ ადგილზე გასამრავლებლად გადაყვანას საუკუნე დასჭირდებოდა. ლაგოდეხში ხელის შემშლელი ის იყო, რომ მთასა მყვირალი ირმები მთიდან ბარში არ ჩამოდიოდნენ. თუ მაღლა ავასკდებოდით და როგორღაც მოვიხელთებდით, ვერტმფრენით უნდა გადმოგვეყვანა. ერთ გზაზე მხოლოდ ერთი ცხოველის ტრანსპორტირებას შევძლებდით (დაახლოებით მიმინოს ძროხასავით) და შემდეგი 20 წელი აღმა-დაღმა ფრენასა და ირმების ზიდვაში უნდა გაგვეტარებინა. სხვა გამოსავალი უნდა მოგვეძებნა.
როგორ დავიწყეთ ირმების გამრავლება?
მაშინ გაჩნდა ირმების ზოოპარკში გამრავლების იდეა.
ზოოპარკში მობინადრე კეთილშობილი ირმების პირველ წყვილს პირველი ნაშიერი წყალდიდობის შემდეგ გაუჩნდა. მშობლები ნამეტნავად ინტენსიურად ჰყვარობდნენ ერთმანეთს და ერთ შვილზე არ გაჩერებულან – სულ მალე ლამაზ-ლამაზი და-ძმებიც ჩამოუმწკრივეს. ამასობაში თბილისის ზღვის ახალ ზოოპარკში გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ირმებისა და ნიამორების დიდი ვოლიერი აშენდა, რომელსაც ამ სახეობების საკონსერვაციო სივრცის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ავუკრიფეთ გუდა-ნაბადი და ირმების ოჯახი ახალ ტერიტორიაზე გადავაბრძანეთ. იქ საკმარისი ადგილი იყო იმისთვის, რომ მრავალშვილიანი ოჯახი კიდევ უფრო გაზრდილიყო.
ინბრიდინგის (ახლონათესაურ კავშირში მყოფი ინდივიდების შეჯვარება) თავიდან ასაცილებლად ბაქოს ზოოპარკიდან 2 პატარძალი და ერთი სიძე ჩამოვიყვანეთ. ქორწილიც კარგი გადავუხადეთ. მოეწონათ აქაურობა. იმდენად, რომ წელს ახალ ზოოპარკში უკვე 33 ირემი დანავარდობდა. მხოლოდ ამ გაზაფხულზე, მაგალითად, 8 ნუკრი დაიბადა.
სანამ ესენი მრავლდებოდნენ არც ჩვენ ვისხედით უქმად.
როგორ აშენდა სარეინტროდუქციო ვოლიერი ალგეთის ეროვნულ პარკში?
2 წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით გადაშენების პირას მყოფი სახეობების აღდგენის ეროვნული გეგმა გაკეთდა, რომელიც ილიას უნივერსიტეტში ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ხელმძღვანელობით მომზადდა. გაიწერა კრიტერიუმები, აღიწერა მეთოდები, დაისახა გეგმა.
ფინალური აკორდი სარეინტროდუქციო ვოლიერი იყო, რომელიც ალგეთის ეროვნულ პარკში, ჩვენ მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე, ველური ბუნების დაცვის სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბიომრავალფეროვნების სამსახურის თაოსნობით აშენდა.
ჩვენი ახალი საირმე 60 ჰექტარი შემოღობილი ტყეა. ულამაზესი ადგილი, სადაც ხეცაა, ბუჩქიც, საკმარისი საკვებიც, წყალიცა და ირმებისთვის საჭირო ყველა სიკეთეც.
სარეინტროდუქციო ვოლიერი რას ნიშნავს?
როდესაც სახეობას ბუნებაში ვაბრუნებთ, ცხოველებს პირდაპირ ტყეში არ ვტოვებთ ბედის ანაბარად. თავდაპირველად, გარემოსთანშესაგუებლად, სპეციალურად შემოსაზღვრულ უზარმაზარ ტერიტორიაზე ვუშვებთ, რათა შემდეგ, თანდათანობით, ხატოვნად რომ ვთქვათ, შეერწყან ველურ ბუნებას.
როგორც კი ჯგუფი საკმარის რაოდენობას მიაღწევს (ამას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს), ვოლიერის კარი გაიხსნება და ირმებს გარე ტერიტორიის ათვისების საშუალებაც მიეცემათ.
როგორ შეძლებენ ბუნებაში დამოუკიდებლად არსებობას?
ბუნებაში დამოუკიდებლად გადარჩენისთვის ცხოველებს გარკვეული ადაპტაცია სჭირდებათ, რისი მიღწევაც ჩაკეტილ სივრცეში შეუძლებელია.მაგალითად, მტაცებლის წინააღმდეგ ტაქტიკის გამომუშავება გენეტიკურადაა განპირობებული, მაგრამ ეს მექანიზმი ტყვეობაში არ ირთვება, რადგან იქ მტაცებელი არ არის. შეგუება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ ცხოველების გარეთ გასვლის შემდეგ სარეინტროდუქციო სივრცის შესასვლელი ღია რჩება. ამგვარად ცხოველებს ხიფათის ან საკვების ნაკლებობის შემთხვევაში უკან შემოსვლის შესაძლებლობა ეძლევათ.
ვინაიდან ზოოპარკის ირმები მზამზარეულ საკვებს არიან მიჩვეული, ალგეთის „სახლი“ საკვებურებითაა აღჭურვილი. გარემოსთან სრულფასოვან შეგუებამდე მათ შეიძლება დახმარება დასჭირდეთ, განსაკუთრებით – ზამთარში. ვამარაგებთ მარილითაც, რადგან რქების, ჩლიქებისა და ძვლების სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის ყველა ჩლიქოსანს სჭირდება მინერალური საკვები. ფაქტობრივად, პურ-მარილს ვახვედრებთ, მაგრამ მოგვიანებით სუფრის გაშლა თავად მოუწევთ.
რამდენი ირემი გადავიყვანეთ და კიდევ რამდენს დავამატებთ?
ამ ეტაპზე ალგეთში 7 მდედრი გადავიყვანეთ. ირმები წინა საღამოს დავაძინეთ, სპეციალურ სატრანსპორტო კონტეინერებში მოვათავსეთ და გამთენიისას უკვე გამოღვიძებულები გავამგზავრეთ (ტრანსპორტირებისას აუცილებელია, რომ ცხოველი ფხიზელი იყოს). მგზავრობისას ირმებს მუდმივ ზედამხედველობას უწევდნენ ზოოპარკის ვეტექიმები და, საბედნიეროდ, ტრანსპორტირება ყველამ კარგად გადაიტანა.
გოგოებს მალე ბიჭებსაც მივადევნებთ. წელიწადის ამ დროს მამრების რქების სტრუქტურა ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული და დიდია რქების დაზიანების ალბათობა. ცოტას დაველოდებით და მერე მათაც გავუშვებთ.
„ახალმოსახლეები“ 2 წლისანი არიან. ამ ასაკის ახალგაზრდები შემთხვევით არ შეგვირჩევია. წელს შეიძლება ნაშიერები არ ეყოლოთ, მაგრამ მომავალ წელს, უკვე კარგად რომ გაშინაურდებიან, წესით, მონდომებით შეუდგებიან საქმეს. მათი მყვირალობის დასრულების შემდეგ, მომავალი წლის გაზაფხულზე მორიგ ნაკადს მივაწევთ – წლევანდელ ნუკრებს, რომლებიც იმ დროისთვის თავისუფლად შეძლებენ დედის გარეშე ცხოვრებას.
სახეობის მენეჯმენტის გეგმის მომზადებისას წინასწარ კეთდება როგორც ბუნებაში მობინადრე, ისე გადასაყვანი ინდივიდების პოპულაციის მოდელირება. ამის მიხედვით განისაზღვრება სარეინტროდუქციო ცხოველების მინიმალური რაოდენობა. გასაგებად რომ ვთქვათ, ამგვარად ვიგებთ, რამდენი ირემია საჭირო, რომ სტაბილური მატება შენარჩუნდეს, რამდენ წელიწადში რა რაოდენობას მიაღწევს ჯგუფი და ა.შ.
მოდელირების მიხედვით, გადასაყვანი ირმების მინიმალური რაოდენობა 15-ია.
არსებობს მოდელირების შემდეგი ეტაპებიც, მაგრამ ახლა ამ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდებით. ისედაც კარგა ღრმად ჩაგძირეთ საკითხში (შეიძლება ამასობაში მავანი ამოტივტივდა კიდეც და გაეშვა კითხვას).
ვინც გვიერთგულეთ და კითხვას აგრძელებთ, აგიხსნით, თუ:
როგორ ვაკონტროლებთ გადაყვანილი ირმების მდგომარეობას?
ამჟამად ირმები სპეციალურ ყურის ნიშნებს ატარებენ, რომელთა საშუალებითაც ცხოველების გადაადგილებას ვაკონტროლებთ. ამას გარდა, ეს „საყურეები“ პულსსა და სხეულის ტემპერატურასაც ზომავს, რაც ცხოველის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებისთვისაა აუცილებელი. ტერიტორია კამერებითა და ფოტოხაფანგებითაა აღჭურვილი და 24/7 რეინჯერების ზედამხედველობის ქვეშაა. დღევანდელი მდგომარეობით, გადაყვანილი ირმები ჯანმრთელად გრძნობენ თავს და აქტიურად ითვისებენ ახალ საბინადრო არეალს.
რატომაა ეს პროექტი ესოდენ მნიშვნელოვანი?
ეს პროექტი კეთილშობილი ირმის რეინტროდუქციის პირველი მცდელობაა საქართველოში. როდესაც სახეობა კრიტიკულ მდგომარეობაშია და გადაშენების საფრთხე ემუქრება, გადამეტებული არ იქნება, თუ ამგვარ საქმეს საშვილიშვილოს ვუწოდებთ. კი ვერიდებით ხოლმე ასეთ პათეტიკურ შეფასებებს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეიძლება, ჩვენს თავს ხმამაღალი სადღეგრძელოს უფლება მივცეთ.
დიდი მადლობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურს, ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს.
დიდი მადლობა Carl von Amirgulashvili-სა და Revaz Bejashvili-ს. მათი დამსახურებაა სარეინტროდუქციო ვოლიერის მშენებლობის წამოწყებაცა და დასრულებაც.
და, განსაკუთრებული მადლობა:
თბილისის ზოოპარკის თანამშრომლებს: მომვლელებს, რომლებმაც საკუთარი ხელით გამოზარდეს ეს ირმები და თავიანთი ოჯახის წევრებივით იცნობენ თითოეული მათგანის ხასიათსა და თავისებურებებს; მადლობა ვეტექიმებს, რომლებმაც არც დილა იციან, არც საღამო, არც ღამე და არც უქმეები; მადლობა დირექციას, სხვადასხვა განყოფილებისა და ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს.
10-წლიანმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო.
და, ესეც პატარა პოსტსკრიპტუმი:
რადგან ამ თემაზე ბევრი ამჩატებული კომენტარი შეგხვდა, დავაკონკრეტებთ: ამ სახეობას კეთილშობილ ირემს იმიტომ კი არ ვუწოდებთ, რომ განსაკუთრებით დიდსულოვან, ღირსეულ და მაღალზნეობრივ ცხოველად მიგვაჩნია, ყველა სხვა ირემი კი მამაძაღლი, ნაძირალა და უგვანია. სახეობას ჰქვია ოფიციალურად ასე: კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus).
და, ზოგადად, არ არსებობს ცუდი და კარგი ცხოველი. ყველა ცოცხალი არსება ძვირფასია და ყოველი მათგანი მოფრთხილებასა და ზრუნვას საჭიროებს.