დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის ყველა მუნიციპალური ელექტრონული სისტემა, რომლებშიც გარკვეული ხარვეზები ფიქსირდებოდა, დღეიდან შეუფერხებლად იმუშავებს.
მერიის ცნობით, სისტემის განახლების გამო, რომელიც 15 აგვისტოდან დაიწყო, ტექნიკური შეფერხებები ფიქსირდებოდა და ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები, ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ ჯარიმდებოდნენ.
ტექნიკური შეფერხებები ამ დროისთვის, ასევე, აღარ ფიქსირდება თბილისის ტაქსის მომხმარებლებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიიღებენ.
„თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მოხდა სხვადასხვა ონლაინაპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს“, - აცხადებენ მერიაში.