თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, თბილისის ვიცე-მერი ლონდონის მერის მოადგილე ჯულს პაიპს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურბანული დაგეგმარებისა და სატრანსპორტო რეფორმის საკითხებს.
ამასთან, ყურადღება გამახვილდა ლონდონის მოწინავე გამოცდილებაზე მუნიციპალური სერვისების განვითარებისა და ტრანსპორტის ნაკადების მართვის სფეროებში. მხარეებმა ასევე, იმსჯელეს ლონდონში ტრანსპორტის ფასიანი ზონების დანერგვის საფუძვლებსა და შედეგებზე.
თბილისის ვიცე-მერის თქმით, აღნიშნული გამოცდილების გაზიარება თბილისისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„ლონდონი ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია მუნიციპალური სერვისების დანერგვა-განვითარების, ქალაქგეგმარებისა და ტრანსპორტის ნაკადების მართვის მიმართულებით. შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებს დაეთმო ყურადღება და განხილულ იქნა ლონდონის გამოცდილებები ამ მიმართულებებით, რაც თბილისისთვის მსგავსი რეფორმების გატარების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის ეკოლოგიურად სუფთა, ფასიანი ზონების საკითხს, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის ეკოლოგიური სტანდარტის შესაბამისი ფასიანი გადაადგილების ზონებს, რომელიც ლონდონში, თითქმის 20 წელიწადია ფუნქციონირებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ლონდონის მერის მოადგილემ თბილისის ვიცე-მერს გაუზიარა ქალაქდაგეგმარებისა და მართვის პრაქტიკა, ასევე, გააცნო სამომავლო გეგმები ტრანსპორტის ნაკადების მართვის მიმართულებით. მანვე თბილისის მუნიციპალიტეტს ტრანსპორტის სფეროს რეფორმების გატარებაში მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.
ლონდონის მერიაში თბილისის მერიის დელეგაციის წევრები ლონდონის ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, რა დროსაც ტრანსპორტის გადატვირთული ნაკადების მართვის მექანიზმები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და შესაბამის სფეროებში გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/