USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
თბილისის ტრანსპორტის ისტორიიდან
თარიღი:  6712

პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში 1883 წლის 10 მარტს გამოჩნდა. საცხენოსნო რკინიგზამ, ანუ კონკამ დავით აღმაშენებლის გამზირი (მაშინდელი  მიხეილის ქუჩის) რკინიგზის სადგური და დღევანდელი ზაარბრიუკენის მოედანი დააკავშირა ერთმანეთთან.

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევრამდე კი თბილისში გადასაადგილებლად და ტვირთის გადასატანად სხვადასხვა საშუალებებს იყენებდნენ ადამიანის ძალით დაწყებული და მდინარით დამთავრებული. ვინაიდან ქალაქი დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ საკუთარი გალავნის ფარგლებში ვითარდებოდა, არ იყო  დიდი და მასიური ტრანსპორტის არსებობის საჭიროება. 
ურემი, ჩარდახი, სახედარი, ცხენი და აქლემების ქარავანი წარმოადგენდა ძირითად შიდა და გარე ტრანსპორტს. მტკვარზე ხშირად ხილით დატვირთული ტივები ცურავდა, მათ საგანგებო სადგომები ქონდათ, ე.წ. სატივოები. 

 1850 - 1883 დროშკა

XIX  საუკუნის მეორე ნახევრიდან  თბილისში მგზავრთა გადაყვანა ძირითადად ეტლებით ხდებოდა და მათში ყველაზე  გამორჩეული  იყო დროშკა.  ბარონი ტორნაუ წერდა "დროშკები გამწკრივებულნი იდგნენ  შუა ბაზარში, მადათოვის მოედანზე.  ტფილისის მედროშკენი ისე დააქროლებდნენ თავიანთ ცხენებს, რომ გამვლელებს შიშის ზარს სცემდნენ“.  
1870 წლისთვის 
 439 ორცხენიანი და  117 ერთცხენიანი ეტლი  და  672 საზიდარი მოძრაობდა ქალაქში

1883 - კონკა

თბილისის ფართობისა და მოსახლეობის ზრდასთან ერთად ქალაქის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისში შექმნილიყო  საცხენოსნო რკინიგზა, ანუ ე.წ. კონკა. პიველი კონკა ქალაქში 1883 წლის 10  მარტს გამოჩნდა და მან, დავით აღმაშენებლის გამზირის (მაშინდელი  მიხეილის ქუჩის) გავლით, რკინიგზის სადგური და დღევანდელი ზაარბრიუკენის მოედანი დააკავშირა ერთმანეთთან. შემდგომში მარშრუტი გაგრძელდა  დღევანდელ  თავისუფლების  მოედნამდე, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირი და ვერის ნაწილი მოიცვა, საიდანაც ვერის   ხიდის გავლით მარჯანიშვილის ქუჩაზე მიდიოდა. ვინაიდან იმ დროს საგანგებო გაჩერებები დაწესებული არ იყო, ამიტომ თითოეულ ვაგონს დაჰყვებოდა კონდუქტორი, რომელიც მგზავრების მოთხოვნით აჩერებდა ვაგონს. 1899 წელს თბილისში კონკის 22,4 კილომეტრი ლიანდაგი იყო გაყვანილი. კონკამ 1910 წლამდე იარსება. 

1904 - ელექტრო ტრამვაი

თბილისი ვითარდებოდა, ცხოვრების ტემპიც მატულობდა, შესაბამისად ქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ცხენის ძალა ელექტროენერგიით ჩაენაცვლებინა და ტრამვაის მოდერნიზება მომხდარიყო. ეს სამუშაოები ბელგიელმა სპეციალიტებმა განახორციელეს და გარკვეული  პერიოდით ტრამვაის ექსპლუატაციაც მათი მოვალეობა  იყო. 1904 წელს დაიწყო ელექტრო ტრამვაის მშენებლობა, რითაც ბელგიური კომპანია დაკავდა. 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა ელექტრო ტრამვაი, რომლის ლიანდაგის სიგანე 1000 მილიმეტრი იყო. 1910 წელს „კონკამ", რომლის ლიანდაგის სიგანე 914 მმ. იყო, არსებობა შეწყვიტა.

1930 - ტრამვაი

ტრამვაის  როლი საქალაქო გადაადგილებაში განსაკუთრებით  გაიზარდა საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ. 1930 - იან წლებში თბილისის ცენტრი მის ახლად გაშენებულ  რაიონებს   ტრამვაითაც დაუკავშირდა. მნიშვნელოვანია, რომ 1940 წელს თბილისში  ტრამვაიმ რეკორდული რაოდენობის მგზავრი გადაიყვანა - 194 მილიონი. მოგვიანებით ტრამვაის როლი საქალაქო ტრანსპორტში დაკნინდა, რაც ახალი ტიპის ტრანპორტის დანერგვით იყო განპირობებული. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის არსებობამდე  მას მეტნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა და წლიურად  მინიმუმ 50 მილიონი მგზავრი მაინც გადაჰყავდა. 1985 წლისათვის ქალაქის ტრამვაის ქსელი 100 კილომეტრსაც კი აჭარბებდა. ტრამვაის გაუფასურება 1990 წლებიდან იწყება და საბოლოოდ 2006 წელს მისი გაუქმებით დამთავრდა.

1933 - ავტობუსი

1933 წელს თბილისის საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემას ავტობუსიც დაემატა, მიუხედავად   იმისა, რომ საწყის ეტაპზე, დღეში ხაზზე მხოლოდ 5 ავტობუსი მოძრაობდა  და მისი სიგრძე   დაახლოებით  10 კილომეტრი იყო, პირველივე წელს მგზავრთა რაოდენობამ  1 200 000-ს მიაღწია.   მომდევნო წლებში ქსელის სრულყოფასთან ერთად იზრდებოდა მგზავრთა რაოდენობაც - 1970 წელს   მათთმა რიცხვმა  125 მილიონს გადააჭარბა, მომდევნო ათ წელიწადში კი თითქმის  100 მილიონით   გაიზარდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი დინამიურად მზარდი თბილისის მოსახლეობა და ფართობი იყო. თუ 1933 წელს თბილისის მოსახლეობა მხოლოდ  314 000 ადამიანს შეადგენდა  1980 წელს მათმა   რიცხვმა  1 მილიონს გადააჭარბა. 

1937 - ტროლეიბუსი

ტროლეიბუსი თბილისში 1937 წლიდან გამოჩნდა, მისი ამოქმედებისა და მარშრუტების დასახვის   შესახებ   გადაწყვეტილება კი  ჯერ კიდევ 1934 წელს იყო მიღებული, თბილისის პირველი გენერალური    გეგმის  შედგენასთან  ერთად. ტროლეიბუსის  ხაზის სიგრძე  მისი გახსნის წელს  15-მდე კილომეტერს  შეადგენდა და საბჭოთა კავშირის დამლევს  კი  95-მდე  გაიზარდა. ამას რა თქმა უნდა ტროლეიბუსთა  რიცხვის ზრდაც მოჰყვა. ტროლეიბუსის საერთო წილი მგზავრთა  გადაყვანაში  თითქმის  არასოდეს არ   ყოფილა  20%-ზე მეტი. უნდა აღინიშნოს,  რომ ყველაზე დიდი კონკურენცია მას, მაინც ტრამვაისთან   ჰქონდა,   რის შედეგადაც, მან შეძლო ცენტრალური ქუჩებიდან ტრამვაის განდევნა. 
აღსანიშნავია, რომ  90-იან წლებში მეტროსთან ერთად, ტროლეიბუსი ერთადერთი რეალურად მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. ტროლეიბუსებმა არსებობა  2006 წელს  შეწყვიტეს. 

1951 - მეტრო

თბილისი საკუთარი მდებარეობითა და აქედან გამომდინარე ფორმით, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სატრანსპორტო კომუნიკაციების დიდი ნაწილი მიწის ზემოთ განლაგდეს. სწორედ ეს  იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რამაც თბილისში მეტროპოლიტენის იდეის განხორციელებას შეუწყო ხელი. 1951 წლის 29 სექტემბერს, ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის შესახებ.

1953 - მეტროს გვირაბების მშენებლობა

1953 წელს დაიწყო გადასარბენი გვირაბებისა და პირველი შახტების მშენებლობა. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი მშენებელი, ინჟინერი შალვა დანელია.

 1957 - საბაგირო გზა

პირველი საბაგირო გზა თბილისში 1957 წელს შეიქმნა და მან რუსთაველის გამზირი მთაწმინდის პარკთან დააკავშირა. საბაგირო გზის სიგრძე 906 მეტრს შეადგენდა, რომელზეც ორი, 25 ადგილიანი ვაგონი, 6 მეტრ/წამის სიჩქარით მოძრაობდა.1966 წელს გაიხსნა 1140 მეტრიანი საბაგირო გზა ვაკესა და კუს ტბას შორის. ვახუშტის ხიდის გახსნამდე დიდუბესა და საბურთალოს შორის ასევე ფუნქციონირებდა საბაგირო მიმოსვლა.სულ 90-იანი წლების დასაწყისამდე თბილისში 5 ფუნქციონირებადი საბაგირო გზა არსებობდა, რომელთაგანაც ბოლო სამგორსა და ვაზის უბანს შორის გაიხსნა 1986 წელს, ასევე იყო საბურთალო (ნუცუბიძის ქუჩა ) - ლისის ტბა, უნივერსიტეტის მაღლივ კორპოსსა და ბაგების საერთო საცხოვრებელს შორის.

 1966 - მეტროს გახსნა

მეტრო ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და 6 სადგურისაგან შედგებოდა ("დიდუბე", "ელექტროდეპო", "ოქტომბერი" (შემდგომ "ნაძალადევი"), "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" და "რუსთაველი"), ხოლო მისი სიგრძე 6.5 კილომტრს შეადგენდა. მეტროპოლიტენის ამოქმედება მართლაც  მნიშნველოვანი მოვლენა იყო არა მარტო ქალაქის ადმინისტრაციისათვის, არამედ მისი მოსახელობისათვის: ვასო გოძიაშვილი: "მე, როგორც თბილისის მოტრფიალეს, უეჭველად მახარებს ქართული მეტროს დაბადება. გამოგიტყდებით არც კი მჯეროდა, თუ კონკიდან მეტრომდე ასე მცირე დრო დაგვჭირდებოდა".  

1967 - ახალი მეტროს სადგურები

1967 წლის 7 ნოემბერს გაიხსნა მეტროპოლიტენის სამი სადგური: სად. „თავისუფლების მოედანი" (ძველი "ლენინის მოედანი"), სად. „ავლაბარი" (ძველი "26 კომისარი") და სად. "300 არაგველი".

 1971- მეტროსადგურ "ისანისა" და "სამგორის" გახსნა

1971 წლის 10 მაისს გაიხსნა მეტროპოლიტენის ორი სადგური: სად. „ისანი" და სად. „სამგორი".

 1979 წლის სექტემბერში შევიდა ექსპლუატაციაში მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 5,8 კილომეტრი სიგრძით რომელმაც დააკავშირა სადგურის მოედანი საბურთალოს რაიონს.

1985 წლის 7 ნოემბერს გაიხსნა: სად. ”ღრმაღელე” და სად. ”გურამიშვილი” (ძველი ”თემქ1985 წლის 9 დეკემბერს გაიხსნა სად. „ვარკეთილი“.

2000 წლის 3 აპრილს გაიხსნა სადგური „ვაჟა-ფშაველა".

2005 წლიდან დაიწყო მეტროს ვაგონების სრულად განახლება. მოდერნიზაციის ფარგლებში დაიწყო ვაგონების, როგორც კაპიტალური შეკეთება, ასევე თანამედროვე სისტემების ინსტალაცია, ძველი დეტალები შეიცვალა ახლით, მთლიანად შეიცვალა ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს მიეცა თანამედროვე სახე, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

2009 - მუნიციპალური ავტობუსებისა და მეტროს გაერთიანება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით 2009 წელს შპს "თბილისის მეტროს დაერქვა "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" და მას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური ავტობუსები და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება სამი ავტოპარკისა და ერთი სერვისცენტრის სახით

2012 - რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა

2012 წელს ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს რიყის პარკისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა შეემატა. საბაგირო საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, დაპროექტდა და აშენდა იტალიური კომპანია LEITNER-ის მიერ და სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ევროპულ ნორმებს.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და მოძრაობს 7 გონდოლა.

 2016 - ახალი ავტობუსები

2016 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ შეძენილი იქნა 144 ახალი, 12 მეტრიანი, ბუნებრივ აირზე მომუშავე EURO 6 სტანდარტის ავტობუსები. ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია კონდიცირების თანამედროვე სისტემით.
2016 წლიდან დაიწყო მუნიციპალური ავტოპარკის სრულად ჩანაცვლების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოძველებული ავტობუსების თანამედროვე, კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლებას

 2017 - გაიხსნა ახალი ავტობაზა

2017 წელს თბილისში აშენდა მასშტაბური და თანამედროვე მუნიციპალური ავტობუსების ახალი პარკი
ახალ ავტობაზაზე განთავსდა ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, დიზელ- და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი, რაც  ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას.

2017 - "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მეტროსადგურის გახსნა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზის გაგრძელება უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო, 1993 წელს მშენებლობა შეჩერდა და კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, განაახლა დაკონსერვებული ინფრასტრუქტურა და დაასრულა მეტროსადგურის მშენებლობა 

2017 წლის 16 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი   მეტროს სადგური „სახლმწიფო უნივერსიტეტი“.  პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 3.5 კმ. დასრულდა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა სამშენებლო სამუშაოები, გაკეთდა მეტროდან 4 ამოსასვლელი. ასევე აშენდა „დელისი“ - „ვაჟა-ფშაველას“ მონაკვეთის მეორე გვირაბიც.

დღეს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს დღეში 600 000-მდე ადამიანი გადაყავს დანიშნულების ადგილამდე.

 03.03.2020 მონაცემებით დედაქალაქში მგზავრთა გადაზიდვა ტრანსპორტების სახეობების მიხედვით ასე განაწილდა- 300036 მგზავრი ავტობუსით; 1914 მგზავრი საბაგიროთი და 298278 მგზავრი მეტროთი.

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.