USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
თბილისის სატრანსპორტო გეგმა რუსთავთან და მცხეთასთან სარკინიგზო მიმოსვლას ითვალისწინებს
Date:  907

თბილისი (GBC) – თბილისს ტრანსპორტის გენერალური გეგმა უკვე აქვს – 80-გვერდიანი დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია "რამბოლმა" აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

მრავალ სხვა საკითხთან ერთად დოკუმენტში საუბარია სამგზავრო სარკინიგზო ხაზის განვითარებაზე. კერძოდ, თბილისს ერთი მთავარი საქალაქთაშორისო სარკინიგზო ხაზი აქვს, რომლითაც უმეტესად სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება, მხოლოდ შეზღუდული სამგზავრო სერვისით.

„ის რომ, არსებული სარკინიგზო ხაზი უკვე აკავშირებს თბილისს ახლომდებარე ქალაქებთან, როგორც ჩრდილოეთით ასევე სამხრეთით და აქვს სადგურების პლატფორმები თბილისის მთავარ სატრანსპორტო კვანძებზე (სადგურის მოედანი, ისანი და დიდუბე) იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი უკვე მოწყობილია მაღალი სიხშირის სამგზავრო სარკინიგზო მომსახურებისთვის.

ასეთი მომსახურებით შესაძლოა, მიმდებარე ქალაქების და თუნდაც საერთაშორისო აეროპორტის თბილისის ცენტრთან დაკავშირება. გრძელვადიან პერსპექტივაში, სარკინიგზო კავშირები შეიძლება აშენდეს მთავარი სარკინიგზო ხაზიდან თბილისის სხვა სწრაფად განვითარებად უბნებამდე, მათ შორის დიდ დიღომში.

შემოთავაზებული სამგზავრო სარკინიგზო სისტემა მომსახურებას განახორციელებს თბილისის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის, თბილისსა და რუსთავსა და თბილისსა და მცხეთას შორის. რკინიგზის სადგური სადგურის მოედანზე მთავარი გადასაჯდომი კვანძი იქნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია მცხეთასა და რუსთავს შორის პირდაპირ გადაადგილება და მომსახურების მცხეთის დასავლეთით მდებარე ისეთ ქალაქებში გავრცელება, როგორიცაა კასპი და გორი.

შემოთავაზებულ სამგზავრო სარკინიგზო ქსელის ძირითადი ელემენტებია:

არსებული ინფრასტრუქტურის განახლება: არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განახლება, ლიანდაგის, სიგნალიზაციის, წევის სიმძლავრისა და სხვა სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით

სადგურები: ახალი და/ან გარემონტებული სადგურები ბევრ ახალ გარეუბანში

ახალი მატარებლები: ახალი მოძრავი შემადგენლობის შესყიდვა, რომელიც შეეფერება სამგზავრო სარკინიგზო მომსახურებას - სასურველია ელექტრომატარებლები (EMUs)

დეპო: ახალი დეპო და ტექნიკური საშუალებები

თბილისის აეროპორტიდან რუსთავამდე: პოტენციური ახალი სარკინიგზო კავშირი თბილისის აეროპორტსა და რუსთავს შორის

დიდი დიღომი: პოტენციური ახალი სარკინიგზო კავშირი დიდ დიღომთან

მიუხედავად იმისა, რომ სამგზავრო სარკინიგზო სისტემის მშენებლობა და ექსპლუატაცია საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის ქმედებაა, მოსამზადებელი სამუშაოები უფრო ადრე უნდა დაიწყოს. საჭიროა წინასწარი განხილვები TUDA- სა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ასეთი სერვისის დანერგვის ყველა პრაქტიკული, ოპერაციული და ფინანსური შედეგების თაობაზე. შესამუშავებელია ინსტიტუციური და კომერციული მოწყობა, იურიდიული და მარეგულირებელი მოდელის ჩათვლით, სადაც დადგინდება თუ ვინ აფინანსებს და მართავს სისტემას, როგორ განისაზღვრება ლიანდაგზე წვდომის საფასური და მიღებული შემოსავალი ნაწილდება ყველა მხარეს შორის. ამას შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდეს,“ - ნათქვამია თბილისის ტრანსპორტის გენერალურ გეგმაში.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way