USD 2.7215
EUR 3.2155
RUB 3.4658
თბილისი
თბილისის საპატიო მოქალაქე დავით გადელია: ჩვენთვის მეგობრობის ამბავი ისეთი ფასეულობაა, დრო მას მარტივად ვერ შეცვლის
თარიღი:  2084

რუბრიკა „საპატიო თბილისელის“ რესპოდენტი  ექიმი ფსიქიატრი, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელიაა. ის თბილისის საპატიო მოქალაქედ 2020 წელს აირჩიეს, როდესაც ქვეყანა კოვიდაპანდემიას ებრძოდა. ამ ბრძოლის ავანგარდში იყო  კლინიკა, რომელსაც ბატონი დავითი 12 წელია ხელმძღვანელობს.

სამედიცინო სექტორში გატარებული მრავალწლიანი საქმიანობის მიღმა დავით გადელიას შრომით ბიოგრაფიაშია საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, რომლის წევრიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ქვოტით გახდა. პარტიაში  და პოლიტიკაში ბავშვობის მეგობრის  გია ჭანტურიას თხოვნით მოხვდა.

თბილისური მეგობრობა და ოჯახი, წარმატების ფორმულა და სინანული საქმეზე, რომელიც შეუსრულებელი დარჩა - ბატონი დავითი გულწრფელი და საინტერესო რესპოდენტი, საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპოზოდების შესახებ გვიამბობს.    

დავით გადელია: როდესაც თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს, არ დამიმალავს და  ვთქვი, რასაც ვფიქრობდი: თბილისის საპატიო მოქალაქეები ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები  უნდა იყვნენ, მაგრამ როდესაც წინა პლანზე გამოდიან ექიმები და ჯარისკაცები, ეს ნიშნავს, რომ  ცუდად არის საქმე მეთქი. მართლაც  იმ დროს ცუდად იყო საქმე,  კოვიდპანდემია აღმოჩნდა უზარმაზარი დარტყმა და საფრთხე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, რაშიც  ჩემი, როგორც ექიმის წვლილის გამო გამომარჩიეს ამ სტატუსის მონიჭების დროს.  

რაც შეეხება ჩემს კავშირს თბილისთან, ამაზე ერთი ხალისიანი ისტორია მახსენდება. ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობდა, დედაჩემი, როდესაც მშობიარობის დრო მოუახლოვდა, მშობლებთან ჩავიდა სენაკში, სადაც დავიბადე. ასე გაჩნდა ჩემს დაბადების მოწმობაში სენაკი. ახალგაზრდობაში, ჩემს ძალიან კარგ და ახლო მეგობარს ვანო ხუხუნაიშვილს, რომელიც თერჯოლიდან იყო, ხშირად  ვეხუმრებოდი ხოლმე და  სიყვარულით სოფლელს  ვეძახდი. ერთხელ მე, გია კობახიძე, გოგა გოგნიაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი რაიონში მივდიოდით, საუბარში ჩემი დაბადების ამბავი მოვყევი. გიამ იმ წამსვე დაურეკა ვანოს, გული არ გაიტეხო,გადელია სოფლელს გეძახის და თვითონ შხეფში ყოფილა დაბადებულიო (იცინის) შხეფიდან არის წარმოშობით არნოლს ჩიქობავა, თედო სახოკიაც იქიდან იყო, რაც ძალიან მახარებს.

ბავშვობა სოლოლაკში გავატარე, მაჩაბელზე ვცხოვრობდით. პირველ სკოლაში ვსწავლობდი, მე-8 - მე- 9  კლასში კომაროვში გადავედი, მაგრამ მერე ისევ პირველ სკოლაში დავბრუნდი. ჩემი ბავშვობის და ახალგაზრდობის წლები  რუსთაველზე მაქვს გატარებული. ჩვენი არსებობის არეალი იყო სოლოლაკი - რუსთაველი. ეს არის ჩემი ყველაზე ძვირფასი მოგონება, და თან მტკივნეულიც, რადგან როცა ახლა რუსთაველზე გავდივარ, ის შეგრძნება აღარ მაქვს, რაც მქონდა იმ წლებში.

- პირველმა სკოლამ და რუსთაველზე გატარებულმა ბავშვობამ განსაზღვრა თქვენი ჩართვა ეროვნულ მოძრაობაში და ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში?

- დიახ, რა თქმა უნდა. მე და გია ჭანტურია კლასელები და მეგობრები  ვიყავით.  საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გარდაბნის მთავარ ექიმად დავინიშნე.  იმ პერიოდში გიამ შემომთავაზა, პარტიაში ჩემი მრჩეველი იყავიო, დავტოვე ჩემი სამსახური და  დავთანხმდი გიას. მისი წყალობით ბუნებრივად დავუკავშირდი პოლიტიკას. ჩვენ ყველაფერი ერთად გავიარეთ - გიას მკვლელობის წინა დღეს, მე ვიყავი ერთ-ერთი ბოლო, ვინც გია ჭანტურიას შეხვდა. გიას ჰქონდა სასწაული პოლიტიკური ალღო, შემართება, ყველაფერი რაც ლიდერს სჭირდება. სხვათაშორის,  ხშირად ამბობდა ხოლმე, ალბათ მომკლავენ, შემცვლელი ყველას უნდა ჰყავდეს, მათ შორის მეცო. ჩვენ ამაზე არ ვფიქრობდით. მკვლელობის წინა დღეს, მე და გია ერთად ვიყავით, პარტიის გოგოები შეგვხვდნენ ქუჩაში, ისინი ჩავსვით ჩვენს  მანქანაში, ჩვენ ფეხით წავედით რუსთაველისკენ, გზაში  სკოლის ამბებს ვიხსენებდით. სწორედ მეორე დღეს  მოხდა გიას მკვლელობა, რაც აქამდე მძიმედ მახსოვს.

იმის მიუხედავად, რომ ის წლები ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ამ გადასახედიდან ბევრ რამეს კრიტიკულად ვუყურებ, მათ შორის ცოტა მიამიტურ, ცოტა გულბრყვილო დამოკიდებულებას, რაც მაშინ გვქონდა. ახალგაზრდები ვიყავით და  ალბათ ამიტომ ვიყავით ასე, არ არსებობდა პოლიტიკის კეთების გამოცდილება. 1991 წლიდან ამერიკული ინსტიტუტები დაინტერესდნენ  როგორც ჩვენი პარტიით,  ასევე სხვა პარტიებითაც. მახსოვს, როცა NDI პირველ ტრენინგებს ატარებდა საქართველოში ჩვენს პარტიაში პოლიტიკურ პროცესთან,   არჩევნებთან  დაკავშირებულ  საინტერესო თემებს გვასწავლიდნენ. ერთ- ერთ ტრენინგზე, რომლის თემაც ე.წ. „შავი პიარი“ იყო, ვთქვი: თქვენ არ იცნობთ ქართველებს, ეს საქართველოა, აქ შეიძლება თოფი ესროლოს კაცმა კაცს, მაგრამ  „შავ პიარს“  არავინ იკადრებს მეთქი. ამაზე კარგად იცინა ჩვენმა ამერიკელმა ტრენერმა. მერე იმდენჯერ გახდა „შავი პიარის“ სამიზნე  ჩვენი პარტია, მაშინ რა ვიცოდი ან რას წარმოვიდგენდი, რომ „შავი პიარი“ ისე მარჯვედ გამოგვივიდოდა, რომ ლამის ამერიკას გადავუსწრებდით.

-  მაშინაც ასეთი მძიმე კულისები ჰქონდა ქართულ პოლიტიკას, როგორც ახლა აქვს?

- ჩვენს გუნდში და სამეგობროში ძალიან გულწრფელი ურთიერთობები არსებობდა, ერთმანეთისთვის თავის გაწირვაც შეგვეძლო, რაც ცარიელი სიტყვები არაა. მაშინ მეგობრობა, თანამოაზრეობა ასეთი იყო. მეგობრისთვის ტანკს შეუვარდებოდა კაცი. დღეს ცოტა სხვანაირადაა.  30 კაცი დავჯექით თავიდან საშიმშილოდ და უცებ 130 გავხდით. სხვანაირი ერთობა გვქონდა.ახალგაზრდები ვიყავით და ყველაზე მაგრები გვეგონა თავი, რაც ახასიათებს ახალგაზრდულ წლებს, მაგრამ მერე ხვდები, რომ ეს არ არის სწორი. სამწუხაროდ,  როდესაც გია ჭანტურია მოკლეს პარტიაში ძალიან მალე დაიწყო არასასიამოვნო პროცესი, რამაც ძალიან დააზარალა პარტია, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო სხვა პარტიებთან ერთად  ეროვნული მოძრაობის ავანგარდში.

1992 წელს, ქვემო ქართლში ვიყარე კენჭი, ედპ -დან მეორე ნომერი ვიყავი. ისეთი უცნაური კანონმდებლობა იყო, რომ იმ პარლამენტში  მხოლოდ პირველი ნომრები  მოხბდნენ გამსვლელი სიებიდან. იმ პერიოდში ჯანდაცვის არსებული სისტემა აბსოლუტურად დანგრეული იყო.  ერთ მხარეს დარჩნენ ექიმები, მეორე მხარეს - ავადმყოფები. უმძიმესი სიტუაცია შეიქმნა  ამ მიმართულებით. 1992 წელს, როდესაც  ჯანდაცვის მინისტრი  ირაკლი მენაღარიშვილი გახდა,  მისი ხელმძღვანელობით  შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ჯანდაცვის ახალი კონცეფცია.  “რეფორმების ჯგუფმა“ თენგიზ ჯინჯოლავას ხელმძღვანელობით, უზარმაზარი, ტიტანური შრომა ჩადო ახალი კონცეფციის მომზადებაში.  ის რომ დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა  ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში და ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის, პირველ რიგში თენგიზ ჯინჯოლავას დამსახურებაა. იმ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი  სწორ სისტემას, რომლითაც ჩვენი ჯანდაცვა წლების განმავლობაში მუშაობდა და რა ბაზისზეც გატარდა რეფორმა  ავთანდილ ჯორბენაძის მინისტრობის დროს. კონცეფციიდან გამომდინარე  საჭირო იყო  მუშაობა შესაბამის  კანონებზე, რამაც განაპირობა, რომ  გავხდი პარლამენტის წევრი 1995 წელს და გავაგრძელე მუშაობა უკვე პარლამენტარის რანგში, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. კომიტეტის ხელმძღვანელი იყო ჩემი მეგობარი, საუკეთესო ადამიანი დათო აბაშიძე,  რომელსაც ჩვენი საზოგადოება  კარგად იცნობს.  ვფიქრობ, რომ მე-4 მოწვევის პარლამენტი იყო ძალიან ეფექტური პარლამენტი, როდესაც  პარლამენტარიზმის დონე მაღალ  სტანდარტზე ავიდა. თემატური დებატები, ახალი ინიციატივები, ეფექტური საკანონმდებლო მუშაობა იყო ამ პარლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, თუმცა როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, პარტიული საქმეების გაძღოლაც მეხებოდა ზუგდიდსა  და სამეგრელოს სხვა  რაიონებში. 

-  პრაქტიკულ მედიცინას პოლიტიკის შემდეგ  დაუბრუნდით?

- ვერ დავუბრუნდი, რაც დღემდე ძალიან მაწუხებს. გული მწყდება, რომ მოვწყდი ჩემს პროფესიას. ექიმისთვის ავადმყოფთან ურთიერთობა  ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი კლინიკის  ექიმები, დაიწუწუნებენ ხოლმე, დავიღალე, აღარ შემიძლიაო,  მესმის მათი, მაგრამ ერთი კვირა რომ გავიდეს  და არ იმუშავოს, ექიმს მაინც ავადმყოფისკენ მიუწევს გული.   

პროფესიით ფსიქიატრი ვარ, რაც იმ დროს, როდესაც მე პროფესიული არჩევანი გავაკეთე, მედიცინის ელიტურ მიმართულებად  ითვლებოდა.  ძალიან მინდოდა ბიოინჟნერი  გამოვსულყავი, მაგრამ ჩემს მშობლებს ისე უნდოდათ ჩემი ექიმობა, დავთმე ჩემი ოცნება და მათ პირობა წავუყენე:  ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში გავხდები, თუ ფსიქიატრად ვიმუშავებ მეთქი. იმის მიუხედავად, რომ ჩემი საქმე მიყვარდა,  წლების შემდეგ პრაქტიკულ მედიცინას ვეღარ დავუბრუნდი. უკვე 12 წელია ბოჭორიშვილის კლინიკის  დირექტორი ვარ.  როდესაც აქ მოვედი, კლინიკა, შენობიდან დაწყებული  დანგრეული და გავერანებული იყო, გათიშული  შუქი,  წყალი, სამედიცინო პერსონალი თვეები  ვერ იღებდა ხელფასებს. ძალიან დამაინტერესა ამ საქმემ მენეჯერული თვალსაზრისით. დიდ სირთულეებს შევეჭიდეთ. დღეს კლინიკაში აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა,  კოვიდპანდემიის დროს  ჩვენმა კლინიკამ დიდი წვლილი შეიტანა ჯანდაცვის სექტორის იმ მძიმე მისიის შესრულებაში, რის წინაშეც ქვეყანა იდგა, რაც პირველ რიგში ჩვენი ექიმების დამსახურებაა. კლინიკის ხელმძღვანელისთვის, ექიმობა, კარგი ბონუსია. მე ყველაზე კარგად ვიცი, რა უჭირს ექიმს, რა სჭირდება მას. ჩემი პოზიციის მიუხედავად, სულით დღემდე ექიმი ვარ (იცინის)  

-  შვილებმა გააგრძელეს თქვენი გზა?  

- სამწუხაროდ არც ერთმა ჩემმა შვილმა ექიმობა არ ისურვა. უმცროსი ბიჭის იმედი მქონდა, ხშირად იყო ჩვენთან კლინიკაში, გვეხმარებოდა, მაგრამ  საბოლოოდ სანდროც კი არ გაყვა მედიცინას და ბიოინჟინერია აირჩია. მან აისრულა ის ოცნება, რაც მე მქონდა.უფროსი შვილი პიარის მენეჯერია, შუათანა ფინანსისტი. ჩემი მეუღლე ქართული ენის მასწავლებელია, ასე რომ ოჯახში მე ვარ მხოლოდ მედიცინასთან დაკავშირებული.

-  გარდა საქმის და ოჯახის, რაზე გადის თქვენი ცხოვრების მთავარი ხაზი? გაქვთ რამე სხვა მნიშვნელოვანი თემები, რასაც უთმობთ ცხოვრების ნაწილს?

- ჩემი ცხოვრების მთავარ ნაწილს ოჯახთან, საქმესთან ერთად შეადგენენ  ჩემი მეგობრები. მე ძალიან მიყვარს ისინი. ორი ახლო მეგობარი გამომაკლდა, მაგრამ ვინც დამრჩა, სკოლიდან, ინსტიტუტიდან, ისინი ჩემი უახლოესი ადამიანები არიან.

მე და ჩემი სკოლის მეგობრებს ერთი ტრადიცია გვაქვს. ოთხნი ვართ, შაბათობით ჯოკერს ვთამაშობდით ხოლმე წყვილში, ჩვენ რომ თამაშს ვიწყებთ, ჩემი ცოლი სახლიდან მიდის. არასდროს გვითამაშია არც ერთ თეთრზე, მაგრამ ისეთი აზარტით ვთამაშობთ, ერთმანეთის მიმართ პატიება და დანდობა არ გვაქვს  (იცინის) მე მეგონა, რომ თბილისში ბევრ სხვა ღირებულებასთან ერთად მეგობრობაც შეიცვალა, მაგრამ ჩემი შვილების შემყურე, ასე ვერ ვიტყვი. ისინიც, მთელ დროს მეგობრებთან ერთად ატარებენ. მეგობრობის ამბავი ჩვენთვის ისეთი ფასეულობაა, რა დროც არ უნდა გავიდეს, მარტივად არ შეიცვლება.

ყველაზე დიდი განცდა, რაც მაქვს საკუთარი თავის მიმართ, ეს არის საშინელი უკმარობის გრძნობა, რომ არ  გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა იმ მასშტაბით, რაც შემეძლო. ზოგჯერ სიზარმაცემ მძლია, ზოგჯერ გარემოებებმა, ხან რაღაც, უფრო უბრალო ამბავს გადავყევი და ის ვერ გავაკეთე, რაც მინდოდა. წლებთან ერთად ხვდები, რომ არაფერი არ უნდა დააკლო იმ საქმეს თუ მიზანს,  რისკენაც გინდა  წასვლა.  რამდენი ოცნება, პროექტი დამრჩა გასაკეთებელი, იმიტომ რომ იმ მომენტში, რაღაც სხვა მიმაჩნდა მნიშვნელოვნად და  პრიორიტეტულად.  მე კი არა, ალბათ მაკედონელმა ვერ  მოასწრო ის, რაც უნდოდა, რომ გაეკეთებინა. რას გავიგებთ, მაგრამ შეიძლება ისიც კი უკმაყოფილო წავიდა თავისი ცხოვრებით და იმით, რაც მოასწრო.   

დრო ძალიან ცოტაა, თან  ისე აჩქარდა  და ისე მიქრის, რაც კი რამ  ძვირფასია, ყველაფერი უნდა მოასწრო ადამიანმა. ეს პირველ რიგში არის ოჯახი, მეგობრები და სამშობლო - ფასეულობები, რაც ყველაზე ღირებულია.

თამარ ნიჟარაძე

ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.