USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
თბილისის საკრებულოს და ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს წევრები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ
თარიღი:  

თბილისი მიმდინარე ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს წევრებთან ერთად წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ.

 თბილისის საკრებულოს წევრები და საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე  სოფელ  ოძისში ჩავიდნენ, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს გენერალური მდივნის ფაბრიციო როსის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საოკუპაციო ხაზთან გამგზავრება და ადგილზე არსებული ვითარების პირადად გაცნობა. მისი თქმით, ევროპის რეგიონალური მუნიციპალური საბჭო საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩვენ მადლიერი ვართ ქალაქ თბილისის და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის. ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ადგილობრივი მმართველობის მიმართ. ჩვენ ვართ ევროპის რეგიონული მუნიციპალური საბჭო და ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, რათა ისინი შეუერთდნენ ევროკავშირს. ჩვენ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მოვსულიყავით საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ გავესაუბრეთ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ჩვენ გადავცემთ მათ მონათხრობს ყველას, გავავრცელებთ ზუსტ მესიჯებს და ეს იქნება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი აქ ყოფნა საკმაოდ ძლიერი გზავნილია ყველასთვის, განსაკუთრებით ევროპისთვის, ევროკავშირისთვის,“- განაცხადა ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს გენერალურმა მდივანმა ფაბრიციო როსიმ.

როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილემ ნინო რუხაძემ განაცხადა, საქართველოს თვითმმართველობები ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

„თბილისი ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს კომიტეტის სხდომას მასპინძლობს. ადამიანები, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს სტუმრობენ, საქართველოს დიდი მეგობრები არიან და აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ჩვენ არ შეგვეძლო შემთხვევით არ გვესარგებლა და ეს ადამიანები არ ჩამოგვეყვანა საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ გვჯერა, რომ ერთ-ერთი გადაწყვეტა ამ უდიდესი პრობლემის საქართველოს  ევროსტრუქტურებში გაერთიანება იქნება,“ - განაცხადა ნინო რუხაძემ.

სტუმრებმა ადგილობრივ სკოლაში ბავშვების ნახატების გამოფენა დაათვალიერეს და მუსიკალური წრის რეპეტიციას დაესწრნენ.

დელეგაციას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა შერმადინმა,  სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაცია-რეინტეგრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა და მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ უმასპინძლეს.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის