USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისის საკრებულო - დედაქალაქის ბიუჯეტი 1 774 926,8 ათას ლარს შეადგენს
თარიღი:  682

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარადგინა. საკრებულოს წევრებმა დავით მაქაცარიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და  მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2023 წლის 1 იანვრისთვის დედაქალაქის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების (137 794,2 ათასი ლარი) გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით. წარმოდგენილი პროექტით  ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 142 794,2 ათასი ლარით და შეადგენს 1 774 926,8 ათას ლარს. წარმოდგენილ პროექტში ასევე გათვალისწინებულია თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები. ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ბიუჯეტში ცვლილების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი საკრებულოს სხდომაზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა.

ცვლილება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში შედის. წესის ამჟამად მოქმედი რედაქციით, ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში 1550 ბენეფიციარი ფინანსდება, ხოლო წარმოდგენილი  პროექტით, ბენეფიციარი ბავშვების რაოდენობა  300 -ით იზრდება. შესაბამისად, მიღებული ცვლილების შემდეგ  ქვეპროგრამის ფარგლებში 1850 ბენეფიციარი დაფინანსდება.

აღნიშნული საკითხების გარდა, სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, „საჯარო ხელოვნების ფონდის“ დაფუძნების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.  საკითხი  კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარადგინა.  აღნიშნული  ფონდის  საქმიანობის მიზანი საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის თანამედროვე ხელოვნების და არტისტების პოპულარიზაცია, ეროვნული და მსოფლიო ხელოვნების ხელმისაწვდომობაა.

დღესვე, საკრებულოს სხდომაზე  „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის" ინიციატივის ფარგლებში ახალი შეთანხმების ხელმოწერაზე თბილისის  მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხსაც მხარი დაუჭირეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა. ლევან ჟორჟოლიანმა ასევე, რამდენიმე მისამართზე   შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დეტალები გააცნო საკრებულოს წევრებს.

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და  ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გაუქმების საკითხები წარადგინა.

საკრებულოს სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებები და სხვადასხვა მისამართზე  განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.

საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2022 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ წარადგინა.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის 2022-2023 წლების ანგარიში წარადგინა. ამავე სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა. 

თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მზადების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეგმის შესამუშავებლად დედაქალაქის საკრებულოში სხვადასხვა დროს არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა ვრცლად ისაუბრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიაზე „არა ქალზე ძალადობას“, „დუმილი გამოსავალი არ არის“, რომელსაც საბჭო სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე არსებულ თბილისის კრიზისულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.

საკრებულოს სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ დედაქალაქის ქუჩების სახელდების საკითხები წარადგინა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ჩუღურეთის რაიონში მდებარე ქუჩისთვის მსახიობის, გურამ საღარაძის სახელის მინიჭების საკითხს.  კინომსახიობის, გოჩა აბაშიძის სახელი  საბურთალოს რაიონში, ლიხაურის ჩიხს, ხოლო რეჟისორის გურამ მელივას სახელი  ისნის რაიონში მდებარე არბოშიკის ქუჩას მიენიჭება.

თბილისში, ისნის რაიონში, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ ჩიხს ლოტბარის თემურ ქევხიშვილის, ხოლო ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევსა და მასთან არსებულ ორ ჩიხს მწერლის დემნა შენგელაიას სახელები დარქმევა.

აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, გიორგი და ზვიად უგრეხელიძეების სახელი გლდანის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩასა და მასთან არსებულ ორ შესახვევს დაერქმევა, ხოლო ასევე აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის თორნიკე ქურდაძის სახელი კი ამავე რაიონში მდებარე დემნა შენგელაიას ქუჩას ეწოდება. რაც შეეხება მწერალს დემნა შენგელაიას, მისი სახელი ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევსა და მასთან არსებულ ორ ჩიხს მიენიჭება.

ნაძალადევის რაიონში მდებარე პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევს, მასთან არსებულ უსახელო ჩიხსა და ჭიჭიკო ბენდელიანის II ჩიხს სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის სახელი დაერქმევა, ხოლო ვაკის რაიონში, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვაჟა გვანცელაძის სახელი მიენიჭება.

ასევე ექიმის, უროლოგის, აკადემიკოს  ლავრენტი მანაგაძის სახელი ისნის რაიონში, ძმები ყურაშვილების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩასა და ალექსანდრე ხახანაშვილის ქუჩის მონაკვეთს დაერქმევა. ისნის რაიონშივე, სამასი არაგველის III შესახვევს ოპერის მომღერლის ზურაბ სოტკილავას ქუჩის სახელი ეწოდება, ხოლო ნაძალადევის რაიონში, ალექსანდრე სუვოროვის ქუჩას და ლამისყანის ქუჩის მონაკვეთს კი საზოგადო მოღვაწეების - ნიკოლოზ და გიორგი ხიმშიაშვილების სახელი დაერქმევა.

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის