USD 2.7242
EUR 3.1925
RUB 3.4779
Tbilisi
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება
Date:  87
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge
რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 13 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები:
1. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);
4. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილი (შვილები);
5. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;
6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
7. ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
8. თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.kids.org.ge.
რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე - registracia2025@gmail.com შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია:
1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
2. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.
თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის საკმარისია, შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 21 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.
რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 15 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება 2 წელი.
რეგისტრაციის გადამოწმება შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმის ქვედა სივრცეში მოცემულ გადასამოწმებელ ველებში აპლიკანტის პირადი ნომრისა და გვარის შეყვანით.
უკვე რეგისტრირებული აღსაზრდელის პირადი დოკუმენტების წარდგენა უნდა მოხდეს კონკრეტულ საბავშვო ბაღში.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.
analytics
«The Times» : „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ“

„ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრამ ჰააგაში, სადაც პროგრამის მთავარ მშვენებად დონალდ ტრამპი გახდა, ევროპის განხეთქილება და გაუბედაობა მხოლოდ მიჩქმალა. ცხადი გახდა, რომ ალიანსი საერთოდ არაფრად არ ღირს აშშ-ის ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის გარეშე.. და ეს მხარდაჭერა რომ მიიღოს ვაშინგტონიდან, ყველა მისი დანარჩენი წევრი მზად არის მუხლებზე დაიჩოქოს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ: ევროპელი წევრების გაუბედაობა და განხეთქილება მათ რიგებში“ (ავტორი - ედვარდ ლუკასი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამხედრო ალიანსს სიმხდალე და მშიშრობა არ შეშვენის, მაგრამ სწორედ ეს სუფევდა ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე. ჰოლანდიურ ქალაქში შეკრებილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ მათ დონალდ ტრამპის წინაშე უფრო მეტ შიშს განიცდიან, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მიმართ.

აშშ-ის პრეზიდენტისათვის რომ ეამებინათ, ნატოს ლიდერებმა შეამოკლედ დღის წესრიგი, უკან დასწიიეს უკრაინა, შეარბილეს რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და თავი დაიძვრინეს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ამ მეთოდმა, სამწუხაროდ, იმოქმედა - გარკვეული დროით მაინც.

რუსი თავადი გრიგოლ პოტიომკინი ასეთ მდგომარეობას მოიწონებდა. შთაბეჭდილება რომ მოეხდინა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ზე და სასახლის მუქთამჭამელ გარემოცვაზე, 1787 წელს ოსმალეთისგან წართმეულ ყირიმისაკენ მოგზაურობის დროს, რუსმა დიდებულმა, რომელიც იმ დროს ნოვოროსიის (ყირიმის და ტავრიის) გუბერნატორი იყო, ლეგენდის თანახმად, ბუტაფორული გადასატანი სოფლების იდეა მოიფიქრა. გზის პირას ლამაზ-ლამაზი სახლები ჩაამწკრივა და დედოფალს ასიამოვნა, თუმცა, როგორც ამბობენ, სახლების მიღმა ცარიელი ველ-მინდვრები იყო. დღეს გრიგოლ პოტიომკინის თანამედროვე კოლეგები ნატოს სამიტზე ცდილობდნენ შთაბეჭდილება მოეხდინათ სხვა მბრძანებელზე - იმპერატორ დონალდ I-ზე.

დონალდის თაყვანისმცემლებში ნატოს გენმდივანი მარკ რიუტე ლიდერობს. თავისი პირფერობა-პირმოთნეობით აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა თავისი ქვეყნის ეროვნული დამახასიათებელი ნიშანი აჩვენა - პრაგმატიზმი, თანაც ჯერ არნახულ დონეზე. მისი პირადი მისალმება დონალდ ტრამპისადმი (რომელიც ძლევამოსილმა ადრესატმა ჩვეული ფორმით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში), თითქმის პაროდიად გადაიქცა პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე. მასში გენმდივანმა მადლობა უთხრა „დონალდ I“-ს იმისათვის, რომ მან მოკავშირეებს თავს მოახვია თავდაცვის ხარჯების ახალი დონე, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის მოცულობით და აღფრთოვნებით განაცხადა: „ევროპა გადაიხდის იმდენს, რამდენიც საჭიროა და ეს ყველაფერი თქვენი გამარჯვება იქნება“.

იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის საფრთხეს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ (მეზობლები - ბალტიისპირეთი, პოლონეთი...), თავიანთ ბიუჯეტში დიდი ხანია 5%-იანი და მეტი ხარჯვა აქვთ სამხედრო სფეროში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფული სხვების ნაცვლად იხადონ. „ლიეტუვას შეუძლია 100%-ის გადახდაც, მაგრამ მისი ფული მაინც არ იქნება საკმარისი, რათა დააბალანსოს იმ ქვეყნების ხარჯები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ“, - აღნიშნავს ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მათთვის (და ვლადიმერ პუტინისთვის) საბედნიეროდ, სამანევრო სივრცე საკმარისზე მეტია: ამ 5%-ში შევიდა 1,5%-იანი თანმდევი ხარჯები უსაფრთხოებისათვის. წესით და რიგით, ეს თანხა უნდა დაიხარჯოს უკრაინის დასახმარებლად - სამოქალაქო თავდაცვის განსამტკიცებლად და რუსი ჯაშუშების გამოვლენა-დასაჭერად, რაც ნამდვილად ქება-დიდებას იმსახურებს. მაგრამ ამ თანხების ხარჯვის დროს შეიძლება საბუხჰალტრო წიგნების გაყალბებაც... და რაც ყველაზე მთავარია, 5%-იანი ხარჯების ზრდის საბოლოო ვადაა შორეული 2035 წელი, როცა დღევანდელი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ჰააგის სამიტში მონაწილეობდნენ, ცოტა ვინმე თუ იქნება ხელისუფლების საჭესთან.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაზრდილი სამხედრო ხარჯები პოლიტიკურად არაპოპულარულია და ეკონომიკურად დამანგრეველი. „საბჭოთა კავშირს ძირი სწორედ ასეთმა ხარჯებმა გამოუთხარა, როცა ბიუჯეტმა, სამხედრო ასიგნებების ზრდის კვალობაზე,  ვეღარ შეძლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი კეთილდღეობის დონის ზრდა“, - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა სამიტის ერთ-ერთმა მონაწილემ. კაცმა რომ თქვას, ნატოს ევროპელი წევრები ერთობლიობაში რუსეთთან შედარებით ათჯერ უფრო მდიდრები არიან. მათ რომ სწორად დახარჯონ დღეს არსებული სამხედრო ბიუჯეტები, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ან განგებ არ ამჩნევენ სახიფათო ხვრელებს თავდაცვაში და იმედს სამომავლო ხარჯებზე ამყარებენ.

სამიტის ოპტიმისტური ტონი ნაკარნახევი იყო ძირითადად იმის გაცნობიერებით, რომ თავიდან იქნა აცილებული კიდევ უფრო დიდი კატასტროფა. ჯერ ერთი, რომ სამიტი, პრინციპში, შედგა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; მეორე - დონალდმა კეთილი ინება და ჰააგაში ჩაბრძანდა. საბედნიეროდ, სკანდალიც კი არ აუტეხავს. ნათელი გახდა, რომ დონალდი და მისი ადმინისტრაცია ევროპის ტავდაცვას ძველებურად მხარს უჭერს - უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვით მაინც. ვლადიმერ პუტინთან მისი  მეგობრული ურთიერთობის მიუხედავადა, სამიტის ერთობლივ კომუნიკეში რუსეთი მაინც ნეგატიურად არის მოხსენიებული - „გრძელვადიან საფრთხედ“ (თუმცა ეპითეტი „უშუალო“ რომ გამოეყენებინათ, უფრო კარგი იქნებოდა). დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი აარიდა ასეთი შეფასების პირდაპირ დადასტურებას და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ თქვა - „რუსეთის ლიდერი შეცდომებს უშვებსო“.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტების დროს გამოთქმული დაფიცებები და დაპირებები ჰააგის სამიტის დეკლარაციაში აღარ განმეორებულა, თუმცა არც გაუქმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ლიდერების შეხვედრაზე უკვე აღარ დაუძახეს, მაგრამ მისთვის ტაშისკვრა არ შეუწყვეტიათ. მისი შეხვედრა „ტეტ-ა-ტეტ“ აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან ზრდილობიანად გაიმართა. „რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო სიყვარულის გამომხატევლი ყოფილიყო“, - შეაფასა დონალდ ტრამპმა მისი მდგომარეობა და მიანიშნა, რომ შეიძლება მიჰყიდოს უკრაინას კიევისათვის უკიდურესად აუცილებელი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, კერძოდ, „პეტრიოტის“ საზენიტო-რაკეტული კომპლექსი.

ეს სასიამოვნო ახალი ამბავი იმ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელზეც დონალდ ტრამპი პირდაპირ სხივებს აფრქვევდა თვითკმაყოფილებისაგან. მან აღიარა, რომ მისმა ნატოელმა კოლეგებმა ალიანსის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს და აჩვენეს, რომ „მათ ნამდვილად უყვართ თავიანთი ქვეყნები და რომ სამხედრო ხარჯები ზრდა ვიღაცის აჩემებული საკითხი არ არის“. ნატოს მიმართ მისი მრავალწლიანი უგულებელყოფა და „აბუჩად აგდება“ ამჟამად აღტაცებული მოწონებით შეიცვალა.

თუმცა მანამდე სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა ევროპა თითქმის ისტერიკამდე მიიყვანა, როცა ეჭვის ქვეშ დააყენა ნატოს ძირითადი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვის თაობაზე: მან თქვა, რომ აშშ-ის ერთგულება ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიმართ დამოკიდებულია მის ინტერპრეტაციებზე და განმარტებებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრიაო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე დონალდ ტრამპის განცხადებების ირგვლივ, ამაში არის რაღაც სიმართლე₾ ატლანტიკური ქარტიის ყველაზე ხმაურიანი პუნქტი ალიანსის წევრებს მხოლოდ მოუწოდებს ერთმანეთს დაეხმარონ უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ არამც და არამც არ ავალდებულებს.

თუ განსვსჯით პრობლემის ჭეშმარიტ მასშტაბებს (და არა კატასტროფას, რომლის თავიდან აცილება მოხერხდა), სამიტის შედეგები სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: ასეთი დაჟინებული ყურადღება დონალდ ტრამპის განწყობების მიმართ და სიტყვების გულდასმით შერჩევა ხაზს უსვამს ალიანსის მოწყვლადობას პრეზიდენტის კაპრიზების წინაშე. ნატოს მთლიანობაში მაინც აშშ-ის იმედი აქვს, მის სიმძლავრეს ეყრდნობა, მისი დახმარებით და ხელშეწყობით ცდილობს მრავალრიცხოვანი ბზარების ამოქოლვას. ეს არის საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მწირი რეზერვები, ჰაერსწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისუსტე, მცირე რაოდენობის შორსმსროლელი ქვემეხები და სუსტი ლოჯისტიკა, დაზვერვის ჩათვლით. ევროპაში რეზერვები თითქმის ფსკერზეა დასული: „ყველაფერი მხოლოდ თითო-თითო დარჩა“, - მითხრა ამას წინათ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ფრედერიკ ბენ-ჰოჯესმა. მოკავშირეები გაოგნებულნი არიან დონალდ ტრამპის ქცევით და მის ჭეშმარიტ ზრახვებზე მკითხაობენ. პოზიტიური ისაა, რომ ალბათ, ვლადიმერ პუტინიც იგივე მდგომარეობაში იმყოფება ტრამპთან მიმართებით. სხვათა შორის, ზოგჯერ ორაზროვნებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნათლად გარკვევას.

მაგრამ საქმების გაჭიანურება და გაუბედაობა არ გამქარალა: როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შენიშნა, „უკრაინა ყურადღებიდან გამორჩათ“. სანამ სამიტზე ყვედობდნენ და ხმაურობდნენ, რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმამ ათობით უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ევროპა ასეთ სიტუაციას იმდენად მიეჩვია, რომ დაბომბვის ფაქტები  სტატიების სათაურებშიც აღარ  ხვდება. ზოგიერთებისათვის სიმხდალე და გაუბედაობა იაფი ჯდება მაშინ, როცა მის ფასს სხვები იხდიან. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way