USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
თბილისის ქუჩები - ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩა
дата:  5214

ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაინებში. ცოტნე დადიანის ქუჩიდან თბილისის ზღვისაკენ მიმავალ გზამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც რემონტის ქუჩა, ერთხანს ნიკოლოზ ხუდადოვის სახელი ერქვა. 20-იან წლებში ისევ რემონტის ქუჩა ეწოდა. 50-იან წლებში დაუბრუნდა ძველი სახელი.

ნიკოლოზ (ნიკო) ალექსის ძე ხუდადოვი (დ. 1850, გორი — გ. 17 იანვარი, 1907, თბილისი) — ქართველი ექიმი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.

დაიბადა ქალაქ გორში, სომხური წარმოშობის ოჯახში. თბილისის I გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1870) პეტერბურგის საგზაო მიმოსვლის ინსტიტუტში სწავლობდა, მალევე პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში გადავიდა, რომელიც 1876 წელს დაასრულა. სერბეთ-ოსმალეთის ომის დროს (1876-1878) ექიმად მსახურობდა სერბეთში გაგზავნილ რუსულ სანიტარულ რაზმში, შემდეგ ალექსანდროპოლის 161-ე ქვეით პოლკში. სტაჟირებისთვის მივლენილი იყო გერმანიასა და შვეიცარიაში. სტუდენტობის პერიოდში ახლოს იყო ქართულ ხალხოსნურ-რევოლუციურ წრესთან, კავშირი ჰქონდა ივანე ჯაბადართან, რის გამოც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული სამედიცინო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1881 წლიდან), სხვადასხვა საკითხზე აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში (მათ შორისაა პოლემიკა ილია ჭავჭავაძესთან ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობისადა საგლეხო რეფორმის ნაკლოვანებების შესახებ). 1880-იანი წლების ბოლოს ექიმად მუშაობდა ხევსურეთში და ამ კუთხის შესახებ ეთნოგრაფიული ნაშრომი გამოაქვეყნა რუსულ ენაზე (1890). 1890 წელს ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო გარიცხეს თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოებიდან.1890-იან წლებში აირჩიეს თბილისის საქალაქო საკრებულოს ხმოსან წევრად. 1900-იან წლებში იყო ქალაქის რკინიგზის სახელოსნოთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი. აქტიურად მონაწილეობდა 1904-1905 წლების რევოლუციურ მოძრაობაში. ქალაქის ღარიბი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ ატარებდა კონსულტაციებს, საჯარო ლექციებს, ხელს უწყობდა უფასო სასადილოებისა და სამკითხველოების, მუშებისთვის საკვირაო სკოლების დაარსებას. 1893 წელს თბილისის განაპირას, ნაძალადევის ტერიტორიაზე სახაზინო მიწაზე გააშენა ტყე-პარკი, რომელიც მის სახელს ატარებს. გარდაიცვალა 1907 წლის იანვარში თბილისში „შავრაზმელთა“ რუსული ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან. დაკრძალეს ვერის ძველ სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე ანა ვლადიმირის ასული ტიზენჰაუზენი და სამი შვილი — მარიამი, ვლადიმერი და ალექსანდრე. ნიკოლოზ ხუდადოვის და — სოფიო ცოლად ჰყავდა მწერალ ნიკო ლომოურს.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати