USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
თბილისის ქალთა გუნდი 10 წლისაა!
Date:  
გუშინ, თბილისის ქალთა გუნდმა ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში დაუვიწყარი საღამო გამართა!
საოცარი საღამო შედგა - დაუვიწყარი ემოციებით და წარუშლელი შთაბეჭდილებებით!
მადლობა ჩვენს ერთგულ მსმენელს - ოვაციებისა და ენერგეტიკისთვის, რომელიც დარბაზიდან უწყვეტად მოდიოდა. 
მადლობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალბატონ მინისტრს თეა წულუკიანს პროექტის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. 
მადლობა მაესტრო ვახტანგ კახიძეს და ამ საოცარი დარბაზის ადმინისტრაციას. 
მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ მაესტროს ომარ ბურდულს თავდაუზოგავი შრომისა და საგუნდო მუსიკის უპირობო სიყვარულისთვის! Omar Burduli 
მადლობა თბილისის ქალთა გუნდის თითოეულ წევრს წარმოუდგენლად დიდი შრომის გაწევისა და ხელმძღვანელთან ერთად შესრულების იმ ხარისხისა და გემოვნებიანი მუსიკისთვის, რაც საიუბილეო საღამოზე იხილა მსმენელმა. 
მადლობა ჩვენი კონცერტის წამყვანს დათუნა ალადაშვილს - ჩვეული სასცენო გალანტურობისა და თანადგომისათვის.
მადლობა არაჩვეულებრივ ხმის რეჟისორს რომა გიორგაძეს და ფოტო-ვიდეოგრაფს გიორგი ინდუაშვილს მათი პროფესიონალიზმისა და მეგობრობისთვის!  Roma Giorgadze Giorgi Induashvili
და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ჩვენი საიუბილეო საღამოს წარმატებულად განხორციელებაში. 
 
თბილისის ქალთა გუნდის ისტორია გრძელდება!..
"შესასვლელში შევხვდით მე და რუსუდან ხორავა ერთმანეთს, ავუყევით კიბეებს და დარბაზში შევედით, დავიკავეთ პარტერში ადგილები. იქ ჩვენი გოგი ჩლაიძეც დაგვხვდა, რამდენიმე წუთში გოგა შავერზაშვილიც მოვიდა. მოკლედ, ჩვენ მზად ვართ. (აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ადგილები იდეალურად იყო განაწილებული. დირიჟორები ერთად, თეორეტიკოსები ერთად, ჩვენ კი, - კომპოზიტორები ერთ რიგში.).
დარბაზში განათება მინელდა. იგრიალა ტაშმა. სცენაზე გამოვიდა იუბილარი, მისი უდიდებულესობა - თბილისის ქალთა გუნდი!
რა თქმა უნდა, უკვდავი იოსებ კეჭაყმაძე, ომარისეული ორიგინალური ხედვით! "შემოდგომა". ტანში ჟრუანტელმა დაგვიარა... იქუხა ტაშმა!
მე არ ვარ მუსიკალური ჟურნალისტი, ამიტომ არ და ვერ მექნება ამბიცია და პრეტენზია გუშინდელი დიდებული საღამოს ტექსტად ქცევისა!..
უბრალოდ, ვერ მივცემ საკუთარ თავს უფლებას მადლობა არ გადავუხადო თბილისის ქალთა გუნდს და პირადად ომარ ბურდულს, რომელმაც შეძლო და მთელი დარბაზი ასტრალების მოსათარეშად ემოციურ კოსმოსს აგვიყვანა!
ერთმანეთის გვერდით ვისხედით საგუნდო კომპოზიტორები (აქ საუბარი ჩვენზე არაა, ამიტომ ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვწერ "ვისხედით"). ყოველი ნაწარმოების შესრულებას, ჩვენი მხრიდან ოდნავი პაუზა და მძიმე ამოსუნთქვა მოსდევდა, მერე კი ტაში! იყო ცრემლიც!
არ შეიძლება გამომრჩეს თბილისის გოგონათა გუნდი (!!!) ასევე ბატონი ბურდულის ხელმძღვანელობით!
ცოტაოდენ სიტყვა გამიგრძელდა. ეს არც რეცენზიაა და არც რა, გარდა სამადლობელი წერილისა!..
ბოლოს კი, კონცერტის დასასრულს, ბატონი გოგი მეუბნება: ძალიან გაზრდილა ომარიც და გუნდიც!
ვფიქრობ, ამაზე დიდი შეფასება რა შეიძლება იყოს? დიდი კომპოზიტორი, საგუნდო მუსიკის აქილევსი როდესაც ამბობს ძალიან გაზრდილანო! როდესაც "ეგზერსისზე" ცრემლები გვახრჩობდა ეს ხომ დასტურია იმისა რომ ეს გუნდი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო რომაა?!
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა! ომარმა იცის რომ მიყვარს! გუნდმაც იცის რომ მიყვარს!
იაგო ბ. ქებურია
კომპოზიტორი"
tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way