USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელი სხდომა - სრული ვერსია
Date:  

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა.

მისი განცხადებით, გაკეთდა მკაფიო განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა იმ პოზიტიურ ნაბიჯებს, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა.

„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, როგორც ევროპულ საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში. მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადაიდგას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები ევროკავშირის გადაწყვეტილებებში აისახება.

თბილისის მერმა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მდებარე N9 კორპუსი, რომელიც ოთხსართულიანი ავარიული შენობაა, ახალი, ათსართულიანი შენობა-ნაგებობით ჩანაცვლდება.

მისი განცხადებით, შენობის მწვავე ავარიულობიდან გამომდინარე არსებული საფრთხეების გამო, ადგილობრივი მცხოვრებლები მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.

„წინასაარჩევნოდ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ავარიული სახლების ჩანაცვლება იყო. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და მინდა მორიგი პროექტი გაგაცნოთ - ეს არის საცხოვრებლად უვარგისი შენობა, რომლის ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება მეოთხე კატეგორიას. 45 ოჯახი ქირით გვყავდა გაყვანილი, რადგან იქ ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენდა. გვაქვს შესაძლებლობა, აღნიშნული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე და გვექნება შესაძლებლობა, მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა აღნიშნული პროექტის მიმართ, რაც შეიძლება მეტი ინტერესი გამოვლინდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე, იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც პროექტის განხორციელების შემაფერხებელ ფაქტორებს წარმოადგენს.

„გვაქვს სურვილი და შესაძლებლობა, უფრო მეტი საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება განხორციელდეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით ფართებს ითხოვს. მაგალითად, 100 კვადრატულში ცხოვრობენ, თუმცა 15-20-30 კვადრატული მეტრით მეტ ფართს ითხოვენ, რისი უფლებაც არ გვაქვს. ეს კი პროექტის განხორციელებას აბრკოლებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მზად ვართ, ჩავანაცვლოთ საცხოვრებელი სახლი და ავარიული შენობის ნაცვლად, ახალი კორპუსი აგიშენოთ - სანამ მშენებლობა მიმდინარეობს, გაგიყვანოთ ქირით, იჯარით, რომ არცერთი თეთრის გადახდა არ მოგიწიოთ, ორი წლის თავზე კი, სრულიად ახალი, გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი კორპუსი გადმოგეცემათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზეც გაამახვილა. კერძოდ, A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.

„ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ. აქტიურად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უშუალოდ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და უწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ.

დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

„იმისთვის, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები, მათ შორის მგზავრებისთვის, შემოვიღეთ ე.წ. სტიკერები, რომელთა დარიგებას უკვე მაისიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ეს ე.წ. სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში. შესაბამისად, მისი გადაადგილების დრო გაცილებით ნაკლები იქნება. ეს „სტიკერი“ განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი დეტალია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია პირველ ეტაპზე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს. აღნიშნული ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. წლების წინ ამ მიმართულებით არავის უფიქრია. ერთადერთი დავით ნარმანიამ შემოიყვანა „მანის“ მარკის ლურჯი ფერის ავტობუსები, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. დედაქალაქში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, 18-მეტრიანი ავტობუსები შევისყიდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება.

„პირველ ეტაპზე, 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. ბაზრის კვლევის შედეგების შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ავტობუსების შესყიდვის ბიუჯეტი, დაახლოებით, 245 მლნ ლარი იქნება.

„წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით, 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით. 18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024 წლის განმავლობაში. პირველი 50 ერთეული მოგვეწოდება საორიენტაციოდ, მომავალი წლის აპრილამდე, ხოლო დანარჩენის - 2024 წლის მეოთხე კვარტალში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. აღნიშნული ბაზა აუცილებელია 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის.

„ავტობაზა გათვლილი იქნება 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე. ტენდერი დასრულდება 8 მაისს. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 62 მლნ ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში, უნდა მოაწყოს არანაკლებ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის ინფრასტრუქტურა. ავტობაზის მშენებლობის დასრულება 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის მერია საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა სპორტული ცენტრების სერვისით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების კომპლექსურ სამედიცინო შემოწმებას მოიცავს.

„სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამა, პირველ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სპორტულ ცენტრებში დაინერგება. ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ა(ა)იპ ქალაქ თბილისის „გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის“ სერვისით მოსარგებლე 500 მოზარდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის 26 აპრილიდან 5 ივნისამდე (მუხიანისა და ლილოს სპორტულ კომპლექსებში)“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კომპლექსური სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობისა და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციები გაიცემა.

„საპილოტე პროგრამის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება სპორტული მედიცინის სერვისების დანერგვა სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში. სამედიცინო შემოწმება განხორციელდება საერთაშორისო გზამკვლევებისა და პროტოკოლების მიხედვით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი, დავით ჩაკვეტაძე წარუდგინა, რომელიც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარეგანათების საექსპლუატაციო დეპარტამენტში მუშაობს.

„მინდა, გაგაცნოთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი დამსახურებული წევრი, დავით ჩაკვეტაძე - „თბილსერვის ჯგუფის“ გარეგანათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომელი, ინჟინერ-ენერგეტიკოსი, რომელმაც ენერგეტიკის სფეროში მუშაობა დაიწყო 1977 წლიდან. მისი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის მიმართულებით 45 წელს ითვლის, ხოლო თბილისის მერიაში უკვე 28 წელია მუშაობს. ამჟამად, დავით ჩაკვეტაძე ისნისა და სამგორის საექსპლუატაციო სამსახურის უბნის უფროსია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას გაწეული შრომისა და საქმიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი ქალაქისთვის კიდევ ბევრ საინტერესო და სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way