USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 22 ნოემბრის სხდომის ანგარიში
Date:  540

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მეტროსადგურების განახლების პროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, პროექტის - „ქალაქ თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში, დაახლოებით, 16 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება. პროექტი მოიცავს ოთხ მეტროსადგურზე მისაწვდომობის გაზრდას, ორზე დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას და 12 მეტროსადგურისთვის მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

„აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პროექტი „ქალაქ თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, რომლის სავარაუდო ღირებულება 16 მლნ აშშ დოლარია. პროექტი მოიცავს თბილისის ოთხ მეტროსადგურზე („ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „დელისი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“) მისაწვდომობის გაზრდას; დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას მეტროსადგურების - „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ ტერიტორიაზე, ხოლო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 12 მეტროსადგურისთვის. ესენია: „ღრმაღელე“, „ნაძალადევი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „ისანი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „დელისი“, „დიდუბე“ და „ახმეტელის თეატრი“. ამასთანავე, შერჩეული სადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად, მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური დიზაინის მომზადებაზე შესაბამისი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

„ამჟამად, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნულ მომსახურებაში იგულისხმება მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დეტალური დიზაინის მომზადება. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა გამოცხადდა 2022 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო ინტერესთა გამოხატვის ეტაპი დასრულდა 2022 წლის 11 ნოემბერს. ამჟამად, მიმდინარეობს იმ კომპანიების შეფასება, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს. გადარჩეულ კომპანიებს შორის ჩატარდება კონკურსი. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი სავარაუდოდ, მაისში გაფორმდება. ტექნიკური დავალების თანახმად, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ვადა 10 თვეა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, თბილისის მერმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს პროექტების განხორციელებისას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო–სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა.

მისი თქმით, სასახლის ა ბლოკში უკვე დასრულდა შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი, ასევე, პირვანდელი სახით აღდგა შენობის ფასადი.

„პროექტი თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, ა ბლოკში უკვე დასრულდა შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი, ასევე, პირვანდელი სახით აღდგა შენობის ფასადი. შენობის ფასადზე მოეწყო დეკორატიული მინათებები, კეთილმოეწყო სასახლის შესასვლელი და ტროტუარი. ამ დროისთვის, დასრულდა სასახლის ბ ბლოკის სარესტავრაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ბ ბლოკის მიწისქვეშა კომუნიკაციების, შიდა ფართებისა და გარე ფასადის სამუშაოებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაცია ბ ბლოკის ფართებში სასწავლო სივრცეების მოწყობას სათანადო ავეჯითა და ტექნიკით უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს და 3 000-მდე ბენეფიციარი სწავლას განახლებულ ბ ბლოკში განაგრძობს.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ასევე მიმდინარეობს ეროვნული სასახლის მთავარი კორპუსის სრული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, ხოლო პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, მიმდინარეობს ეროვნული სასახლის მთავარი კორპუსის სრული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები და უახლოეს ხანში დაიწყება პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაცია. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროექტი 2020 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. საკმაოდ მასშტაბური პროექტია, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის, დაახლოებით, 34 მლნ ლარი იხარჯება, თუმცა, მერწმუნეთ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, ძალიან შთამბეჭდავი პროექტი გამოვა, განახლებული გადაეცემა იქ მომუშავე ადამიანებს და მოემსახურება ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც ყოველდღიურად სარგებლობდა აღნიშნული სივრცით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ვაკის რაიონში, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ საყრდენი კედელი ეწყობა.

„ვერეს ხეობაში, ჩამოშლილი იყო ფერდი, რაც აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ჩვენი დაპირება იყო, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდებოდა, რათა ადგილობრივებს ცხოვრება უსაფრთხოდ გაეგრძელებინათ. აღნიშნულ მისამართზე არსებული ფერდის მდგომარეობა წლების განმავლობაში, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მცხოვრებლებს პრობლემას უქმნიდა. ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ჩამოშლილი ფერდის გასამაგრებლად, რკინა-ბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული პროექტისთვის, დაახლოებით, სამი მილიონი ლარი იხარჯება. სამუშაოები 2023 წლის თებერვალში დასრულდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც კახა კალაძემ ისაუბრა, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაციაა.

„დასრულდა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია. ტერიტორია იყო სრულიად მოუწესრიგებელი, მძიმე მდგომარეობაში. სამუშაოების შედეგად, სკვერი მთლიანად განახლდა და კეთილმოეწყო. ტერიტორიაზე არ არსებობდა საბავშვო სივრცე, დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, ფილები. რეაბილიტაციის ფარგლებში კი, ბაღში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა თანამედროვე საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და შადრევანი, ხოლო თარგების გამწვანების მიზნით, ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 600 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. მსგავსი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ, რადგან დღეს ყველაზე მეტად მწვანე, რეკრეაციული სივრცეები გვჭირდება იმისთვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და პირველ რიგში, მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, დაისვენონ, განიტვირთონ, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, რეკრეაციული სივრცე მოეწყო ისნის რაიონშიც. სამუშაოები, ჯამში, 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, საიდანაც, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი რეკრეაციული სივრცის ტერიტორიაა.

„ისნის რაიონში, კერძოდ, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე ნახევარ ჰექტარზე მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცე, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა. ყველაფერი გაკეთდა იმ მიდგომით და დამოკიდებულებით, რაც ასეთი პროექტების განხორციელების დროს გვაქვს. სამუშაოები, ჯამში, 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა. აქედან, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი კონკრეტულად რეკრეაციული სივრცის ტერიტორიაა, მიმდებარე არეალი კი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კეთილმოაწყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, გზის ორივე მხარეს მოეწყო შშმ პირთათვის ადაპტირებული ტროტუარი და საფეხმავლო ბილიკები.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი აქტიურად განაგრძობს მუშაობას, რათა მსგავსი პროექტები თბილისის ყველა რაიონში განხორციელდეს, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს.

მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობის მისაღებად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია მათ ხელს შეუწყობს და შესაბამის სივრცეებს გამოუყოფს.

„ახალი წელი ახლოვდება და ამისთვის ყველა ერთად ვემზადებით. 2017 წელს დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია - ბიზნესის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიები, რიგითი მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას ქალაქის მორთვაში. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ტრადიცია წელსაც გავაგრძელოთ. უკვე ძალიან ბევრი კომპანია გვიკავშირდება, გამოხატავს მზაობას, რომ მიიღონ მონაწილეობა დედაქალაქის გალამაზებაში, აიღონ ვალდებულება კონკრეტულ სკვერებთან და მწვანე სივრცეებთან მიმართებაში. ძალიან გვიხარია, რომ ბიზნესსექტორი ამით დაინტერესებულია. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ სუბიექტს, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში, გამოხატოს მზაობა. მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, გამოგიყოთ შესაბამისი სივრცეები, სადაც შეძლებთ, საახალწლო ილუმინაციები თქვენი კომპანიის ლოგოებით მოაწყოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებების და დედაქალაქის ქუჩების განათებას, კახა კალაძის თქმით, დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის.

„დარწმუნებული ვარ, წელსაც საახალწლო ღონისძიებები შთამბეჭდავი და მასშტაბური იქნება, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, განიტვირთონ, დაისვენონ და ამ დღეებით ისიამოვნონ. რაც შეეხება ახალი წლის ღონისძიებებს, ნაძვის ხის ანთებას, ქალაქის განათებასა და „საახალწლო სოფლის“ გახსნას, ამის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი, თამარ ალიბეგაშვილი წარუდგინა, რომელიც ეროვნულ სკრინინგ ცენტრში მუშაობს.

„მინდა, ეროვნული სკრინინგ ცენტრის კიდევ ერთი მაღალკვალიფიციური ექიმი და სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი, გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ალიბეგაშვილი გაგაცნოთ, რომლის ანგარიშზე მრავალი გადარჩენილი სიცოცხლეა. ის გახლავთ საერთაშორისო ტრენერი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი კი წარმოადგენს პროფესიული გადამზადების სატრენინგო ბაზას, რომელიც აქტიურადაა ჩართული პროფესიონალი კადრების გადამზადებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარს გაწეული საქმიანობისთვის. ის ეროვნულ სკრინინგ ცენტრში გახსნის დღიდან მუშაობს და ცენტრის განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. ვუსურვებ მეტი სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ ამისთვის, თქვენი ჩართულობაც მნიშვნელოვანია. მერიის წარმატება ზუსტად კვალიფიციურ, პროფესიონალ პატიოსან ადამიანებზე დგას, რისთვისაც თითოეულ მათგანს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა თბილისის მერმა.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way