USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
თბილისის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა დედაქალაქის საკრებულოს, პარლამენტის უმრავლესობისა და მედიის წარმომადგენლებს
Date:  468

ყველა წარმატებული პროექტის, წამოწყებული საქმის, ქალაქისთვის სასიკეთო იდეების უკან დგანან ადამიანები - საზოგადოებისთვის ნაცნობი თუ უცნობი სახელები და გვარები, კონკრეტული ფუნქციებით, როლებითა და პასუხისმგებლობებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა მათგანს საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ მათი შრომის შედეგი სახეზეა.

„ამ ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი - მათი კეთილსინდისიერების, უდიდესი შრომის, ქალაქისადმი დიდი სიყვარულის შედეგია ყველა წარმატებული პროექტი, რეაბილიტირებული ქუჩა, განახლებული შენობა და მოწყობილი სკვერი. ამ შრომის შედეგი შესაძლოა, არ იყოს 100 პროცენტით დამაკმაყოფილებელი თქვენთვის, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს ადამიანები საქმეში სულსა და გულს დებენ. გვჯერა უკეთესი თბილისის იდეის, გვჯერა ხვალინდელი დღის და იმის, რომ ამ ქალაქზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანამშრომელს, დაწყებული მეეზოვეებით, დამთავრებული ვიცე-მერით, ამ წლის შედეგებისთვის და ზოგადად, მათი დაუღალავი შრომისთვის თბილისის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა დედაქალაქის საკრებულოს, პარლამენტის უმრავლესობისა და მედიის წარმომადგენლებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას, რომელთა მხარდაჭერით, შევძლებთ ქალაქისთვის საჭირო ინიციატივების რეალიზებას. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, ვისაც საზოგადოებამდე მიჰქონდა დედაქალაქის ყველა სიახლე. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტს შევძლებთ მომავალში, რისი საფუძველიც არის თბილისელების ნდობა და მხარდაჭერა. მადლობა ამისთვის თბილისის თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვისაც გულწრფელად უხარია ქალაქის წინსვლა, ჩვენთან ერთად განიცდის გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. თქვენ ხართ სტიმული იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ვიშრომოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way