ცალსახად პრობლემა საექსპერტო დასკვნაშია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ასეთი ცალსახა და უნდა დაფიქსირებულიყო პრობლემა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ვაკის პარკის რეაბილიტაციასა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ინსპექტირების დროს გარკვეული ხარვეზი უნდა დაფიქსირებულიყო და ასეთ შემთხვევაში მერია ობიექტს არ ჩაიბარებდა.
„გამოძიება მიმდინარეობს, არ მინდა რაღაც ვერსიაზე საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაში ცალსახად პრობლემა არის იმ საექსპერტო დასკვნაში, რომელიც თუ რაიმე პრობლემა იყო, არ უნდა ყოფილიყო ასეთი ცალსახა და უნდა დაფიქსირებულიყო პრობლემა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ შადრევნის ინსპექტირებაზე, იქ გარკვეული ხარვეზი უნდა დაფიქსირებულიყო და არავითარ შემთხვევაში ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ობიექტს არ ჩავიბარებდით.
როგორც გითხარით, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით. შეიძლება დამატებითი ბიუროკრატიული რგოლები გავაჩინოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჯერ ვმსჯელობთ, ძალიან მძიმე ფაქტია და აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ ამასთან დაკავშირებით დასკვნები... ცალსახად შემიძლია გითხართ, რომ ასე არ გაგრძელდება სამუშაოები, სანამ ჩვენ არ დავრწმუნდებით, რომ 100%-იანად იქნება უსაფრთხო. ნამდვილად შემიძლია ამის შესახებ განცხადება გავაკეთო“, - განაცხადა ანდრია ბასილაია.
ანდრია ბასილაიამ ასევე განაცხადა, რომ იგეგმება სატენდერო შესყიდვების მიდგომების ცვლილება.
„რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ ასეთმა ფაქტმა არ შეცვალოს რეალობა და რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ პროცესს და სავარაუდოდ ოთხშაბათს, მთავრობის სხდომაზე მერი ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, თუ რა შეიცვლება და რას მივიღებთ დამატებით ზომას. ვსაუბრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჯარო ინფრასტრუქტურა იყოს უფრო უსაფრთხო“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/