USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
თბილისის მერიის სხდომაზე, კახა კალაძის გამოსვლის სრული ვერსია (31.01.2024)
Date:  

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები 31 იანვრის საღამომდე დასრულდება.

მისი თქმით, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 1-ელი თებერვლიდან ორმხრივად აღდგება.

„დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 31 იანვარს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულდებოდა და 1-ელი თებერვლიდან მოძრაობა ორმხრივად აღდგებოდა. გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რაც საღამომდე დასრულდება. პარალელურად, ხორციელდება დასუფთავების სამუშაოები, ხვალიდან კი მოძრაობა ორმხრივად აღდგება. კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატა ჩვენს ულამაზეს ქალაქს, რაც რასაკვირველია, ყველას გვახარებს, თუმცა უფრო სწორი და მართებული იქნებოდა მეთქვა, ყველას უნდა გვახარებდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტებს გაუთვალისწინებელი სამუშაოები და კონტაქტორი კომპანიების არაკეთილსინდისიერება აფერხებს.

„ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს ყოველი მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს გულისხმობს ათეულობით წლის მანძილზე ხელშეუხებელ კომუნიკაციებს, რომლებიც სრულიად ამორტიზებულია, გამოსულია მწყობრიდან. იწყებ სამუშაოებს და დგები კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე, ვიდრე სპეციალისტები ვარაუდობენ. ამას ემატება არაპროფესიონალიზმი და არაკეთილსინდისიერება რიგი კომპანიების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში, ერთვებიან სამუშაოების პროცესში და სრულიად ვერ აცნობიერებენ რამხელა პასუხისმგებლობა გააჩნიათ დედაქალაქის წინაშე. ვერც მე და ვერც ჩვენი თანამშრომლები ვერ ვარჩევთ მსგავს კომპანიებს, ეს ხდება ტენდერის საფუძველზე. მე რომ შემეძლოს რომელიმე კომპანიის შერჩევა, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც დღეს იქმნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ფონად გასდევს ოპოზიციის წარმომადგენლების კამპანია მოსახლეობის დეზინფორმაციის მიზნით.

„ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წერეთლის გამზირის სამუშაოებს გასდევდა, სხვა არაფერია, თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქის და თანაქალაქელების მიმართ. საზოგადოება კარგად ხედავს, 2017 წლიდან რამდენი რამ კეთდება, თუმცა ყოველთვის ფიქსირდება მანიპულაციები, სპეკულაციები. აღმშენებლობას უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ. ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, თუმცა ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის განვითარება. ამ კაკაფონიის ფონზე ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, ქეთევან დედოფლის გამზირები განახლდა, უამრავი ქუჩა რეაბილიტირდა. ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.

„თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, ყველა იმ სამსახურს, რომელიც ჩართულია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაში მადლობას ვუხდი. მადლობა იმ კომპანიებს, რომელთა თანამშრომლები ახლაც ასრულებენ სამუშაოებს. მადლობა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც ახლაც წერეთლის გამზირზე იმყოფება. განსაკუთრებული მადლობა კი ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნის, რომელთა თანადგომით ხორციელდება აღნიშნული სამუშაოები. მათ ამ ხნის მანძილზე ხმაურს, ტალახს და მტვერს გაუძლეს. მინდა, იცოდეთ, რომ თქვენს საქმიანობაზე დგას ეს ქალაქი და ვერანაირი სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს მის განვითარებას, წინსვლას. ამიტომ, მაქსიმალური ენერგიით, მეტი ცოდნით და შრომისმოყვარეობით გავაგრძელოთ თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს.

თბილისის მერის თქმით, ავტობუსები დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

„ჩვენ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს იმ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი. დღეს დილიდან N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა. საზოგადოებამ იცის, რომ არასდროს ამირიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის. კარგად ვიცით, რომელი უბანი რა გამოწვევების წინაშე დგას. შემთხვევითი არ არის, რომ პირველ რიგში, დიდი დიღმის მარშრუტზე შევიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსი. ახალი ავტობუსები დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია სამომავლოდ კიდევ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას აპირებს.

„18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. 50 ერთეული უკვე თბილისშია, მათი აღჭურვა და მოწესრიგება მიმდინარეობს და ეტაპობრივად ხაზებზე გავა. მთლიანად 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გვაქვს ნაყიდი. თავიდან 200 ერთეული გვინდოდა, მაგრამ რისი საშუალებაც გვქონდა, იმდენი შევიძინეთ. სამომავლოდ ვაპირებთ კიდევ 40 ერთეულის ყიდვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, ახალი საპილოტე პროექტია, რომელსაც თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს. პროექტი სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების მონტაჟს ითვალისწინებს.

„ქალაქში ბოლო პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საღამოსა და ღამის საათებში. აღნიშნული პრობლემით წუხდება მოსახლეობა. საღამოს, ღამის საათებში, როდესაც ადამიანი ისვენებს, ხმაურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დისკომფორტს უქმნიან. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დამონტაჟებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ერთად განვსაზღვრავთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება, ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენა და შესაბამისად, დაჯარიმება მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხმაურის დეტექტორები ჰოლანდიური კომპანია Sorama B.V-ს მიერაა დამზადებული.

„მსგავსი ტიპის დეტექტორები უკვე განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში. საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქშიც ვაპირებთ მის განხორციელებას. დავაკვირდებით და ანალიზის შემდეგ, შესაძლებელი იქნება დეტექტორების სხვადასხვა ქუჩასა თუ გამზირზე დამონტაჟებას, რაც გააადვილებს ხმაურის დონის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენას და მესაკუთრეებისთვის შესაბამისი სამართალდარღვევის დაკისრებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გრძელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, კიდევ ერთი პროექტი ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში განხორციელდება. კერძოდ, N6 კორპუსის ავარიული შენობის ნაცვლად, ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა.

მისივე განცხადებით, მშენებლობის პროცესში მოსახლეობის ქირით გაყვანის ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად დაფარავს.

„ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. იცის საზოგადოებამ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. შესაბამისად, მათი განახლება და ჩანაცვლება მნიშვნელოვანია. აღნიშნულ მისამართზე იყო 4-სართულიანი, უმძიმეს მდგომარეობაში არსებული სახლი. მის ნაცვლად, ავაშენებთ 10-სართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობა-ნაგებობას. 36 ოჯახი დაკმაყოფილდება ფართებით მათ სრულად გარემონტებული, მოწესრიგებული საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ. ეს ოჯახები დროებით, ქირით გვყავს გაყვანილი და ამ ხარჯებს მუნიციპალიტეტი საკუთარ თავზე იღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიმართა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, აღნიშნული პროექტის მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინონ.

„მინდა, ვთხოვო დეველოპერულ თუ სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესდეთ აღნიშნული პროექტით, მიიღოთ მონაწილეობა და ერთად შევძლოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ბიზნესის თვალსაზრისით, ეს შეიძლება ძალიან მომგებიანი არ იყოს, თუმცა სოციალური პროექტებია, სადაც თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა.

„ვაგრძელებთ წყალარინების ქსელების მოწყობას ისეთ მისამართებზე, სადაც კომუნიკაციების ქსელი დღემდე არ არსებობდა. ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა დედაქალაქში, რადგან წლების წინ ქალაქში უკანონო განაშენიანება ხდებოდა. მთელი რიგი უბნებია, სადაც არც განაშენიანების რეგულირების გეგმა არსებობდა, არც მშენებლობის ნებართვები. შესაბამისად, დღეს იმ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. ამჯერად, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობას და მასზე მოსახლეობის დაერთების სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე განახორციელებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი მდებარეობს, რომელთა მობინადრეების თხოვნით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 500 000 ლარით დაფინანსდება.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way