USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
თბილისის მერიის სხდომაზე, კახა კალაძის გამოსვლის სრული ვერსია (24.04.2024)
 421

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და სპორტული მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სტადიონი დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე უშუალოდ დედაქალაქს.

„ეს არის მეგაპროექტი, რომელსაც იმსახურებენ ქართველი ფეხბურთელები და მორაგბეები, რაც მთავარია, მათი ქომაგები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ სპორტის ეს ორი სახეობა. მე პირადად, მაქსიმალურად ჩავერთვები, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის ირაკლი კობახიძეს დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სპორტული მოედანი უმაღლესი სტანდარტების იქნება, რაც მოიტანს შესაძლებლობას, თბილისმა უმაღლესი დონის მატჩებს უმასპინძლოს.

„ეს იქნება უმაღლესი სტანდარტების სტადიონი, რომელიც თავისთავად ქმნის წინაპირობებს იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი დონის მატჩებს თბილისში და დედაქალაქს ჰყავდეს მეტი ვიზიტორი, მეტად გაიცნოს ჩვენი ქვეყანა და თბილისი სპორტულმა სამყარომ და ყველა იმ უცხოელმა, რომელიც ინტერესდება არა მარტო სპორტით, არამედ სხვა ერების კულტურით. იცით, რომ თბილისში არსებული სტადიონები ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომლითაც შეიძლება, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩავატაროთ. ამიტომ, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კახა კალაძემ.

თბილისის მერი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა მთელი ნაკრებისთვის უდიდესი მოტივაციაა.

„მინდა, გამოვეხმაურო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლის შემთხვევაში, 30-მილიონიანი ჯილდოს გადაცემის, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის, დამატებით 30 მილიონით დაჯილდოების შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენი ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობისთვის, სტიმულია მომავალი ფეხბურთელებისთვისაც. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ნიჭი და შრომა, საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე სათანადოდ დაუფასდებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, ასევე, ფეხბურთის ფედერაციას, მთლიანად ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს.

„მადლიერების გამოხატვა და დაფასება მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს ფეხბურთელებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც გულშემატკივარს მიანიჭეს. მადლობა ჩვენს ქომაგებს მხურვალე მხარდაჭერისთვის, რაც მთელი თამაშის განმავლობაში გრძელდებოდა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რადგან სწორი მენეჯმენტით დადგა შედეგი, რასაც გულშემატკივარი ამდენი წელი ელოდებოდა. ჩემი მხრივ, ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ზოგადად, იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს განვითარებაში აქვს შეტანილი ძალიან ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომიდან საზოგადოებას 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია და მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან.

„მამული, ენა, სარწმუნოება - დიდი ქართველი მოაზროვნის, წმინდა ილიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გზა გვაქვს გასავლელი. საქართველოს კურსი უცვლელია - ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ღირებულებებია. სწორედ ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ყოველდღიურობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა წარმატება, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უკავშირდება.

„ოჯახის ინსტიტუტი, რწმენის თავისუფლება, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა იყო და არის ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილი. ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით არის გამყარებული. ეს გადაწყვეტილება მიღებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ზოგადად, ყველა წარმატება, რაც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს, ასოცირდება იმ გუნდთან, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. დღეს ჩვენი ვალდებულებაა - გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის „მთავარი საუნჯე“, რასაც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფო და ამ ღირებულებებით გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მინდა, მივმართო ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, სუვერენიტეტი: მოდით 29 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე.   20:00 საათზე დაიწყება ოფიციალურად ღონისძიება. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის, განვითარებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი დღისთვის. მოდით, რათა ყველას გავაგონოთ, რომ მთავარი და უმთავრესი არის სამშობლო - საქართველო უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული შეკრების დისკრედიტაციას შეგნებულად ეწევიან.

„ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება, მოვიდეს აქციაზე და მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და გაძლიერებას. ნებისმიერ ადამიანს აქვს ამის შესაძლებლობა და უფლება, საჯარო მოხელეებსაც კი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება.

„თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 2022 წლიდან ხორციელდება ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში უკვე არაერთი ახალგაზრდული პროექტი თუ ინიციატივა დაფინანსდა. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნესმოდელზე მორგებული პროექტების განხორციელებას. პროგრამას აქვს ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ კი, ეკონომიკური მიზანი, ემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. ვიცი, რომ აღნიშნული პროგრამით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. წინა წლებშიც ბევრი მსურველი იყო. მზად ვართ, რომ ხელი შეგიწყოთ და დაგეხმაროთ იდეების განხორციელებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება, როგორც პროდუქციის, ასევე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით ისეთი სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლებიც ახალგაზრდები იქნებიან.

„პროგრამის მიხედვით, შესაძლებელია დაფინანსდეს სოციალური მისიის მქონე პროექტები, მათ შორის: მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, ჰოსტელების, კაფე-ბარების, სასწავლო ცენტრების, გასართობ-სარეკრეაციო ცენტრების შექმნისა და განვითარების მიზნით. ვიწყებთ რეგისტრაციას აღნიშნულ პროგრამაზე, განახლებული პირობებით. კერძოდ, ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და მოიპოვოს დაფინანსება 50 000 ლარის ოდენობით. რეგისტრაცია დღეს დაიწყო და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქნება შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაცია კი შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ვებგვერდზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე განაცხადა, რომ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ავარიული შენობის სრულ დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად, ახალ, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

„გვაქვს კიდევ ერთი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტი. ავარიული სახლები ქალაქში ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მოხდეს იმ საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ნაგომარის ქ. N47-ში ორსართულიანი შენობა და ერთსართულიანი ე.წ. ბარაკები მდებარეობს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. აღნიშნულ ტერიტორიაზე 47 ოჯახი ცხოვრობს. მათ დროებით, ქირით გავიყვანთ და მუნიციპალიტეტი ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს. პროექტის დასრულების შემდეგ ისინი მიიღებენ გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს ახალაშენებულ, 6-სართულიან კორპუსში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის შედგენა, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შემდეგაც უკვე გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ მშენებლობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ, გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way