USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Tbilisi
თბილისის მერიის სხდომაზე, კახა კალაძის გამოსვლის სრული ვერსია (24.01.2024)
Date:  

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით ახორციელებს. გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და პროცესი მიმდინარეობს. თბილისის მერიის დაკვეთითა და აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით, დანიურმა კომპანია „რამბოლმა“ სამი წლის განმავლობაში იმუშავა თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე. სამუშაოები დასრულდა და წარმოდგენილია დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც შეიცავს რიგ სარეკომენდაციო ხასიათის პროექტებსა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანია დედაქალაქში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება 20-წლიან პერსპექტივაში. შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად, ასეთია თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პროექტი, რომლის ფარგლებში ეწყობა საავტობუსო ინფრასტრუქტურა. შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები - პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.

გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, ეწყობა „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად, ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი.

სხდომაზე კახა კალაძემ იმ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც აღნიშნული სტრატეგია მოიცავს.

„სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით - ეს შეიძლება იყოს ტრამვაი ან მეტრო. ზოგადად, დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდ პრობლემას წარმოადგენს, ისეა გადატვირთული აღმაშენებლის ხეივანი. ეს ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობამ შეუფერხებლად მოახერხოს გადაადგილება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს „გაჭედილი“ აღმაშენებლის ხეივანში, აუცილებელია საავტობუსო ზოლების მოწყობა. ეს ასევე საჭიროა მარშალ გელოვანის გამზირზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დაავალა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები, ხოლო შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.

„მესმის, რომ ამას გარკვეული პერიოდი დაჭირდება, თუმცა დროა, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით. თუ საჭირო იქნება დამატებით ექსპერტების აყვანა, მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, გვაქვს ამის გამოცდილებაც. დღესაც მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მუშაობენ ადამიანები, გვყავს საერთაშორისო კომპანიები და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, ბევრი პროექტი დასრულდა, რამდენიმე მიმდინარეა, ხოლო ნაწილი - დასრულების ეტაპზეა. მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გლდანის საცურაო აუზს, რომელიც ფუნქციონირებას თებერვლიდან დაიწყებს. ასევე, გაზაფხულზე დასრულდება დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები.

„სპორტული ტრადიციების შენარჩუნება, გაღრმავება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და მუშაობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ. ქალაქის მასშტაბით, განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. მათ შორის, ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღმის IV მიკრორაიონში დასრულდა ღია ტიპის სკეიტ-მოედნების მოწყობის სამუშაოები. ასევე, ვაზისუბანში სრულდება ფეხბურთის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნება; დასრულდა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედნის სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა. პადელის მოედნები გაიხსნება მიმდინარე წლის თებერვალში; დასრულდა გლდანის საცურაო აუზის რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის თებერვლიდან ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დასრულების ეტაპზეა ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. მიმდინარეობს ტრენაჟორებისა და ინვენტარის შესყიდვა.

„ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის გაზაფხულზე; ასევე სრულდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფილიალი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას დაიწყებს მიმდინარე წლის გაზაფხულზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ სამგორის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება.

მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, განთავსდება ძაღლების სასეირნო მოედანი და შეიცვლება საპარკო ინფრასტრუქტურა.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაზისუბანში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ოთხ მილიონი ლარს შეადგენს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მივიღებთ ერთიან ახალ რეკრეაციული სივრცეს. ქალაქს სჭირდება მეტი რეკრეაცია, მეტი მწვანე სივრცე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა უკვე დაასრულა კიდევ ერთი პარკის რეაბილიტაცია.

„ვაზისუბანში, N90 სკოლის მიმდებარედ, 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული პარკის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ინფრასტრუქტურა, ძაღლების სასეირნო სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე შადრევანი. დაირგო სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში მერიის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და მსგავს შემთხვევებში მკაცრი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზეც გააკეთა განცხადება.

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლიმ ხმალაძეს დაავალა, რომ შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მსგავსი ფაქტების მიმართ უსწრაფესად გატარდეს კანონის ფარგლებში არსებული უმკაცრესი ზომები.

„იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი იყოს მუდმივად მოწესრიგებული, მგზავრობა იყოს უსაფრთხო, მანქანები იყოს სწორად დაპარკინგებული, არ ხდებოდეს უკანონო მშენებლობები, არ მიმდინარეობდეს ქაოსური გარე ვაჭრობა, სამშენებლო თუ სხვა სახიფათო მასალებით ქალაქის დაბინძურება და ა.შ., ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად შრომობენ და ახორციელებენ სამსახურებრივ მოვალეობას. კანონის აღსრულების პარალელურად, გახშირდა შემთხვევები, როცა ჩვენი თანამშრომლების მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს, სამართალდამრღვევები შეურაცხყოფენ მათ და ზოგჯერ ფიზიკურადაც კი ეხებიან. ეს ყველაფერი მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია. ამაზე თვალის დახუჭვას და გაჩუმებას არ ვაპირებ, რადგან ყველას გვინდა, უკეთესი ქალაქი გვქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს, გვყავს შვილები, გვეზრდება მომავალი თაობა, წესრიგის დაცვა და ერთმანეთის პატივისცემა კი მნიშვნელოვანია. ამაზე საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. ჩვენ მიერ არასწორად დაპარკინგებული ავტომობილი იწვევს უდიდეს პრობლემას სხვა ადამიანებისთვის, ქვეითებისთვის, თუნდაც მათთვის, ვინც კერძო ავტომობილებით გადაადგილდება. ამიტომ მინდა, დავავალო ვიცე-მერს - იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ უწყების თანამშრომლებს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.

„მინდა, ჩვენს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ღირსეულად და პროფესიონალურად ემსახურება ამ ქალაქს, სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო. არასწორი და კატეგორიულად მიუღებელია ფიზიკური ძალადობა. ადამიანები, ვინც ფიზიკურად გაუსწორდება ჩვენს თანამშრომლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ. შესაბამისი უწყებების ჩართულობით იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა კახა კალაძემ

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way