USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
თბილისის მერიის სხდომაზე, კახა კალაძის გამოსვლის სრული ვერსია (21.03.2024)
თარიღი:  644

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების მატჩთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სპეციალური ფანზონა მოეწყობა.

მისი თქმით, გულშემატკივარს, რომელმაც მატჩზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვერ შეძლო, თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეხვედრის ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება.

„დღეს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი დღეა. „დინამო არენაზე“ გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებთან. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი გულდაწყვეტილია იმით, რომ ვერ შეძლო თამაშზე დასასწრები ბილეთის ყიდვა, სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე. ამიტომ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი და ფანზონა მოვაწყოთ. ასევე, ბავშვებისთვის გაიმართება გასართობი ღონისძიებები. ტერიტორიაზე კვების ობიექტები და საქართველოს ნაკრების ფანშოპი განთავსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დღევანდელ მატჩში გამარჯვება უსურვა.

„მინდა, ჩვენს ბიჭებს წარმატებები და გამარჯვება ვუსურვო. ყველა ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრა. მინდვრის ყველა მონაკვეთზე, ყოველ სანტიმეტრზე, ყოველ მეტრზე მიღწეულ გამარჯვებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. კარგად მესმის, რომ ეს თითოეულ ფეხბურთელს გათვითცნობიერებული აქვს. ამ შემართებით, სულისკვეთებითა და პატრიოტიზმით, დღეს საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. ეს არამხოლოდ ქართულ ფეხბურთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და მომავალს სჭირდება. სამწუხაროდ, ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, არ მომეცა საშუალება, რომ ჩვენს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, თუმცა დღევანდელ ნაკრებს აქვს შესაძლებლობა, ქართველი გულშემატკივარი გაახაროს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და ყურადღება საზოგადოების ინფორმირების პროცესში ჟურნალისტების როლზეც გაამახვილა.

„დღეს, ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მინდა, პირველ რიგში აქ დამსწრე მედიის წარმომადგენლებს და ყველას, ვინც ამ პროფესიას კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად   ემსახურება, მივულოცო დღევანდელი დღე. ვისურვებდი, რომ ქართული ჟურნალისტიკა ემსახურებოდეს საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებს და პირნათლად ასრულებდეს იმ უდიდეს როლს, რასაც საზოგადოების სწორად ინფორმირება ჰქვია. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა.

თბილისის მერის თქმით, ამ ტერიტორიაზე, დროთა განმავლობაში, შესამჩნევი გახდა მიწის ჩამოშლის ფაქტები, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოაწყო. სამუშაოები, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარით დაფინანსდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, უჩანეიშვილის ქუჩაზე გადაადგილება დღეისთვის სრულიად უსაფრთხოა.

„ახლად მოწყობილი კედლის მიმდებარედ, ვაკის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოებიც შეასრულა. საშიშროება მოხსნილია. პროექტის წარმოების ფარგლებში, იყო გარკვეული გამოწვევები კომპანიასთან, ასევე, „წითელ ხაზებთან“ დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან მოგვიწია გარკვეული შეთანხმებების მიღწევა და ყველას მადლობას ვუხდი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა განაცხადა, რომ 23 მარტიდან N293, N387, N393, N305, N319, N321 და N336 მარშრუტებს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ოთხი კვირის განმავლობაში, ავტობუსები, ჯამში, 24 მარშრუტს დაემატება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს სიახლეები. ჩვენ უკვე შემოვიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. 50 ავტობუსი უკვე დედაქალაქს ემსახურება. ამჯერად კი, 24 მარშრუტს გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რათა მოცდის დრო შევამციროთ და მეტრი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ. პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე: N293 მარშრუტზე მოძრავი „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით და მოლოდინის დრო შემცირდება 10 წუთამდე; N387 მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც, ინტერვალი იქნება 11 წუთი; N393 მარშრუტზე მოძრავი „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, ჩანაცვლდება „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით და ინტერვალი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე.

თბილისის მერის განცხადებით, ავტობუსების დამატებით, N305 მარშრუტზე მოლოდინის დრო გახდება 8 წუთი, N319 მარშრუტზე - 7 წუთი, N321 მარშრუტზე -10 წუთი, N336 მარშრუტზე - 9 წუთი.

კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მოქალაქეებისთვის ქალაქში გადაადგილება იყოს ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტული. შესაბამისად, ახალი ავტობუსების შემოყვანა და 18-მეტრიანი ავტობუსების დამატების პროცესი გაგრძელდება.

თბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ექსპერტიზით დადგენილი მძიმე ტექნიკური მდგომარეობის გამო, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი განხორციელდება.

მისივე თქმით, აღნიშნული ხიდის მდგომარეობიდან და დიდი ფინანსური რესურსის საჭიროებიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაცია გამოირიცხა. 

„აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ გამოიკვეთა, რომ იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაშია. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული. ის არ არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც, ფაქტობრივად, ხიდის სრულ დემონტაჟს და ახალი ხიდის მშენებლობას ნიშნავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვეითთა გადასასვლელები და შუქნიშნებია მოწყობილი, ხიდი კი უფუნქციო გახდა.

„იუსტიციის სახლთან მოწყობილია ქვეითთა გადასასვლელები, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, განხორციელდეს იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების პრევენციისთვის, მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ და საკუთარი ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დაარეგისტრირონ.

მისივე თქმით, წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ვგეგმავთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ტერიტორიაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების სანომრე ნიშნების რეგისტრაციაში იმისთვის, რომ ვინც წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობთ, ავტომანქანის გაჩერება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ პირველ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება,

მისივე განმარტებით, მძღოლებს გასული წლის პირველი აპრილიდან საკუთრებაში გადაეცათ A კატეგორიის ტაქსის ნებართვები, რისი გააქტიურებისთვის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ.

„გაითვალისწინეთ, რომ პირველ აპრილამდე გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საქართველოს მოქალაქეებსა და სტუმრებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

მისი თქმით, თბილისში, როგორც მულტიკულტურულ ქალაქში, ისე მთელ საქართველოში ამ დღესასწაულს არაერთი ადამიანი აღნიშნავს.

„გუშინ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული დაიწყო. მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს და სტუმარს, ვინც დღევანდელ დღეს ზეიმობს. ეს არის ბუნების განახლების, გაზაფხულის, გამწვანების, სიცოცხლის დღესასწაული, ერთგვარი ახალი წელი, რომელიც ოჯახურ გარემოში აღინიშნება. ჩვენს მულტიკულტურულ ქალაქში და მთლიანად საქართველოში ბევრი ოჯახი აღნიშნავს ამ დღეს. ვულოცავ თითოეულ მათგანს, ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.