USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
თბილისის მერიის სხდომაზე, კახა კალაძის გამოსვლის სრული ვერსია (20.12.2023)
თარიღი:  

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მომავალი წლის იანვრიდან „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს.

„პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი - 50%-ით უფინანსებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, ერთ პაციენტს თბილისის მერია წლის განმავლობაში მინიმუმ 21 600 და მაქსიმუმ - 61 150 ლარით აფინანსებს, ხოლო მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 40 500 და მაქსიმუმ 65 340 ლარით.

„ყველამ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს, რომლითაც იმ ადამიანებს და ოჯახებს ვეხმარებით, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. მსგავსი პროგრამებით ყველას გვერდით დავუდგებით, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. მინდა, პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, რათა არავის არასდროს დასჭირდეს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა,“ - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს.

თბილისის მერის განცხადებით, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.

„პარლამენტის მხარდაჭერით მიღებულია კანონი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში კრძალავს დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილებას. წინა მთავრობაზე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, რომ შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე მომზადებულიყო წესი საკრებულოში წარსადგენად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან“ და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი თხოვნები, შესაძლებლობები, შევაჯერეთ პოზიციები და მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს არც კერძო სექტორს და თავისი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს ქალაქში გადაადგილებაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში. ეს წესი ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან. საკრებულოს მიერ დასამტკიცებელი წესის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.

„ამასთან, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და აგვისტოში. ვფიქრობთ, აგვისტო იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია რომ დაშვებულ იქნას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია არ გავრცელდება.

„რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები დაჯარიმდებიან 1 000 ლარის ოდენობით.

„აღნიშნული წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმაც. პირველ შემთხვევაზე 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარის ოდენობით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დედაქალაქში ძალიან რთული სიტუაციაა პიკის საათებში გადაადგილების კუთხით, რასაც დიდწილად ხელს უწყობს დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილები. აღარ დავუბრუნდები მიზეზების ახსნას. აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ გამწვანების სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ლისის ტბის მიმდებარედ, 16 ჰექტარ ფართობზე. დეგრადირებული ტყის აღდგენის მიზნით, მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხრა სახეობის 16 000-ზე მეტი ძირი მცირე ზომის ხე დაირგო. გამწვანების სამუშაოების პარალელურად, მცენარეების დაცვის მიზნით, ტერიტორია შემოიღობა, ასევე, სარწყავი სისტემა მოეწყო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, თბილისში მდებარე ტყის მასივების მოვლა-აღდგენის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის დედაქალაქში არაერთი პროექტი განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანია მთაწმინდის ფერდობის აღდგენა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ფონდს, რადგან თბილისისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიამ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მიმდებარედ, 37 ჰექტარზე აღადგინა და გააშენა დეგრადირებული ტყის ფართობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ გლდანის რაიონის გამგეობამ მუხიანის აგარაკებზე სამეგრელოს ქუჩის მოწესრიგება დაასრულა.

მისი თქმით, თბილისში არსებული პრობლემური ქუჩები, აღნიშნული ქუჩის მსგავსად, ეტაპობრივად მოწესრიგდება. 

„სამეგრელოს ქუჩაზე სანიაღვრე სისტემასთან ერთად, 1 200 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი მოეწყო და 5 100 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. მუხიანის აგარაკები ერთ-ერთი რთული არეალი იყო, სადაც არაფერი არსებობდა, მათ შორის, არც მიწისქვეშა კომუნიკაციები. უბრალოდ გავლა იყო შეუძლებელი, განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში. ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყო საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები. ყველაფერი, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით იყო საჭირო, სრულად მოწესრიგდა. თბილისში პრობლემური ქუჩები ბევრია და ვცდილობთ, კონკრეტული არეალები ყოველწლიურად მოვაწესრიგოთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. მუხიანის აგარაკებს რაც შეეხება, მომავალ წელსაც დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ქუჩის მოწესრიგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე განცხადებით, მსგავსი პრობლემა აწუხებს სოფელი დიღმის მოსახლეობასაც.

„იგივე პრობლემა აქვს სოფელ დიღმის მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციების არ არსებობის გამო. ეტაპობრივად, აღნიშნული ტერიტორიაც უნდა მოწესრიგდეს. ქალაქში მსგავსი პრობლემები არ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.