USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
თბილისის მერიის სხდომაზე, კახა კალაძის გამოსვლის სრული ვერსია (17.01.2024)
Date:  

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის განმახორციელებელ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაწყდა, დაპირებისამებრ, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად, იანვრის ბოლოს აღდგება.

„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის აპრილის ბოლოს დავიწყეთ. მოსახლეობას დავპირდით, რომ საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად, 2024 წლის იანვრის ბოლოს აღდგებოდა. რა თქმა უნდა, სამუშაოები მასშტაბურია, რადგან ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირული რეაბილიტაციით და გვინდა, ყველაფერი ფუნდამენტურად გავაკეთოთ. წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაც, თავდაპირველად, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებით დავიწყეთ, რადგან არსებობის განმავლობაში, აღნიშნულ გამზირზე მსგავსი ტიპის სამუშაოები არ განხორციელებულა. რეაბილიტაციის პროცესში იყო გარკვეული პრობლემები, რადგან კონტრაქტორი კომპანიები, ძალიან ხშირად, ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამჯერადაც მსგავსი ფაქტი გვქონდა და მოგვიწია, პროექტზე მომუშავე ორივე კომპანიას დავმშვიდობებოდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები მოძრაობის აღდგენისთვის დაწესებულ ვადებში ვერ ეტეოდნენ, რაც მუნიციპალიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე მოგვმართეს ვადის გადაწევასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა აქ ხაზი მინდა გავუსვა ერთ ფაქტს, რადგან „ცრუ მედიებმა“ საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში - ვადის გადაწევაზე როდესაც ვსაუბრობთ, საკითხი არ შეეხებოდა საბოლოო ვადას. იანვარი, რაც იყო ნათქვამი, ის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალაში იყო. საუბარია შიდა ვადებზე, რასაც შემდეგ კომპანიები აბალანსებდნენ. მიუხედავად ამისა, ვხედავდით, რომ იყო გარკვეული პრობლემები ვადებთან, ასევე ხარისხთან დაკავშირებით. ამიტომ, საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ამ კომპანიებს დავემშვიდობოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უკვე შერჩეულია კომპანიები, რომლებიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას განაგრძობენ.

„ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, რომელსაც აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე, მნიშვნელოვანია საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იანვრის ბოლოს აღდგეს. ამიტომ, შერჩეულია უკვე კომპანიები, ხელშეკრულებებიც გაფორმებულია. სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა - მე, ჩემს მოადგილეებს, თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოების საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი იანვრის ბოლოს დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მსგავსი პროექტები წინა მთავრობების დროს არ განხორციელებულა.

„კარგად იცის წერეთლის გამზირზე მცხოვრებლებმა, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. პირდაპირ ვიტყვი - ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ამხელა მასშტაბის სამუშაოები ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, ეს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, პარკები, სკვერები, გამწვანება და ა.შ. სად იყვნენ წინა მთავრობები, წინა მერები? მათაც გაეკეთებინათ და ამ მიმართულებით ნაკლები გვექნებოდა სამუშაო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია აღნიშნული პროექტების ირგვლივ კონკრეტულ პროპაგანდას ახორციელებს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„მიდის პროპაგანდა, რომ განვითარება, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ერთგვარ დანაშაულად იქცეს. ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება გაგცემთ შესაბამის პასუხს. გუშინ ყველაზე მეტად აქტიურობდა „კოლექტიური სანაცეთი“ და „ხანდაზმული თაღლითების“ წარმომადგენლები. საზოგადოებამ კარგად იცის, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. ქვეყანას ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. წერეთლის გამზირის პროექტსაც დავასრულებთ და სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებსაც განვახორციელებთ, რაც სჭირდება დედაქალაქს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. 2024 წელი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და არ ვაპირებთ, „ხელმოცარული აგენტების“ ისტერიულ კამპანიას ყურადღება დავუთმოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი აქვე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრების მიერ გამოთქმულ კრიტიკას და განაცხადა, რომ საზოგადოება მიზანმიმართულ ისტერიკას პასუხს 2024 წლის არჩევნებზე გასცემს.  

„ვინაა ახალი სახე? ხაზარაძეა ახალი სახე? თუ ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილი? თუ სამადაშვილია ახალი სახე? ეს არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“. შეიძლება მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და „ხელის ბიჭი“ იყო სააკაშვილის. არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არ დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი და თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით. მცდელობა, რომ ზოგიერთებმა 5%-იანი ბარიერი გადაგალახვინონ, ამით საზოგადოებას ვერ მოატყუებთ. თქვენ ერთნი ხართ ყველანი, ერთი პატრონი გყავთ, ემსახურებით სხვა და არა ამ ქვეყნის ინტერესს - არც სამშობლო და არც სამშობლოს სიყვარული არ გაგაჩნიათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რას ემსახურება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს, კარგად ხედავს, თუ რას ემსახურება ის სიბინძურე და ისტერიკა, რასაც კადრულობთ. ამაზე საზოგადოება გაგცემთ პასუხს 2024 წლის არჩევნებზე. წერეთლის გამზირს რაც შეეხება, პირადად მე რომ მომიწიოს მუშაობა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, იანვრის ბოლოს საავტომობილო მოძრაობა იქნება აღდგენილი. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ქალაქისა და თბილისელების მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს.

მისი თქმით, ბულვარი, რომლის ფართობიც ორი ჰექტარია, მძიმე მდგომარეობაშია და სრულად გასაახლებელია.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული ბულვარი, რომლის ფართობიც 2 ჰექტარია, მძიმე მდგომარეობაშია. თავდაპირველად ვფიქრობდით, გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მიწის ქვემოთ, გვირაბებში ჩაგვეტანა და ზედა სივრცეში მწვანე პროექტი განგვეხორციელებინა, თუმცა კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ ბულვარში ასწლოვანი ხეების დიდი ნაწილი უნდა მოიჭრას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საავტომობილო მოძრაობა დავტოვოთ ისე, როგორც არის და შუა გამყოფი ბულვარი მთლიანად მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსდება საპარკო ავეჯი.

„გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი. ასევე, განვახორციელებთ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, სიძველისა და გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო დაზიანებული ძეგლებისა და მემორიალური ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციას. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი 1962 წელს განთავსებული „300 არაგველის მემორიალი“ იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, ოთხ მლნ ლარს შეადგენს.

დედაქალაქის მერმა ყურადღება თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზეც გაამახვილა. მონიტორინგის სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის ვაკანსიებზე, კატეგორიების მიხედვით, თანამდებობრივი სარგო 1862-დან 3325 ლარამდეა.

„სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. მათ, ვისაც აქვს დასაქმების სურვილი და უნდა გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლია, მიმართოს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, მონიტორინგის სამსახურში დასაქმდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება და ამჯერად, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე N6 კორპუსს შეეხება.

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე ავარიული, 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა აშენდება, მშენებლობის პროცესში კი მოსახლეობის ქირით გაყვანას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გასული წლის დეკემბერში ჩატარდა ბაზრის კვლევა, მიმდინარე თვის ბოლომდე კი გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი, სადაც დაინტერესებულ სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს შეუძლიათ, გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას და პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული 10-სართულიანი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მოეწყობა 451 კვ.მ კომერციული ფართი, ხოლო II-X სართულების ჩათვლით, 4 770 კვ.მ საცხოვრებელი ბინები არქიტექტურული პროექტის შესაბამისად. ჯამში, უძრავი ქონების მესაკუთრეებს სრულად გარემონტებული 36 ბინა გადაეცემათ. ყველას მინდა მოვუწოდო აქტიურობისკენ, ვინც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, ითანამშრომლეთ ჩვენთან. ყველანაირად მზად ვართ, რომ ხელი შეგიწყოთ. სანამ მშენებლობა მიმდინარეობს, ქირით და იჯარით უზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ საკუთარ თავზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიმართა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მეტი ინტერესი გამოიჩინონ აღნიშნული პროექტის მიმართ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა დეველოპერულ კომპანიას, რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში. მესმის, რომ ეს შეიძლება არ იყოს მომგებიანი პროექტები, უფრო სოციალური პროექტებია, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია. რამდენიმე პროექტის სამშენებლო პროცესი უკვე მიმდინარეობს, აშენებულია რამდენიმე სართული და მალე დავასრულებთ სამუშაოებს. გვინდა, გავზარდოთ მასშტაბურობა, მეტი პროექტი განვახორციელოთ და შეფერხებები არ გვქონდეს ამ მიმართულებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის ორ პროექტს განახორციელებს. წყალარინების ქსელი მუხიანის აგარაკებზე მოეწყობა და ქსელზე 270 ოჯახი დაერთდება.

„წელსაც ვაგრძელებთ ჩვენი საარჩევნო დაპირების შესრულებას და წყალარინების ქსელების მოწყობას იმ დასახლებებში, სადაც აღნიშნული პრობლემა დღემდე არსებობს. ეს ისეთი უბნებია, რომელთა განაშენიანებაც ქაოსურად, სამშენებლო ნებართვების გარეშე მოხდა. დღეს, გვაქვს მოცემულობა, რომ ასეთ ადგილებში არ არის წყალარინების ქსელი, სანიაღვრე ქსელი, მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა და გადაადგილება ჭირს. ამჯერად, წყალარინების ცენტრალური ქსელი მუხიანის აგარაკებზე, ბორჯომის, ნეკრესისა და დაისის ქუჩებზე მოეწყობა, სადაც, პარალელურად, ქსელზე მოსახლეობა სულ 270 ოჯახი დაერთდება. ჩვენ მუხიანის აგარაკებზე სხვადასხვა პროექტის განხორციელება და გზის დაგება რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. აქ იყო ბევრი პრობლემა, ელემენტარულად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდებოდა. სამუშაოების ღირებულება 3 500 000 ლარია. პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პროექტი ფონიჭალის დასახლებაში განხორციელდება და წყალარინების ცენტრალურ ქსელზე 130-მდე ოჯახი დაერთდება.

„ასევე, ვიწყებთ წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობას ფონიჭალის დასახლებაში - ერეკლეს ქუჩაზე, ერეკლეს პირველ შესახვევში, გულბანის ქუჩის დარჩენილ ნაწილში, აფხაზეთის ქუჩის მეორე შესახვევსა და აფხაზეთის ქუჩის დანარჩენ ნაწილში. ამ შემთხვევაში, ცენტრალურ ქსელზე 130-მდე ოჯახი დაერთდება. პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ პროექტებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული ხის საფეხმავლო ხიდი რეაბილიტირდა.

მისივე თქმით, რეაბილიტაციამდე უმძიმეს მდგომარეობაში არსებული ხიდით სარგებლობა დღეს უკვე უსაფრთხოა.

„ახლახან დასრულდა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე ხის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა განახლებას. ეს კონსტრუქცია იყო სავალალო მდგომარეობაში. ამიტომ, გამოიცვალა ყველა დაზიანებული დეტალი და განახლდა მთლიანად კონსტრუქცია. სამუშაოები უკვე მთლიანად დასრულებულია და დღეს ხიდი ყველანაირად უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ოთხი სპორტული ფედერაცია მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიულ გადამზადებას ახორციელებს.

მისი თქმით, 2023 წლის ოქტომბრიდან 200-მდე მწვრთნელის გადამზადებაზე რაგბის კავშირი, ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია და სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია ზრუნავს.

„თბილისის მერიისა და ოთხი სპორტული ფედერაციის თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე თვეა ხორციელდება იმ მწვრთნელთა გადამზადება, რომლებიც მერიის სპორტულ ცენტრებში არიან დასაქმებული და მოზარდებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ავარჯიშებენ. ამ ხნის განმავლობაში, კურსის მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ტრენინგები, გაეცნენ თანამედროვე ტენდენციებს შესაბამის სპორტულ სახეობებში, რითაც ხელი შეეწყო მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც აუცილებელია ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული მწვრთნელები მერიის „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამითაც სარგებლობენ.

„29 იანვარს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ დაგეგმილია „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილე მწვრთნელებისთვის სერტიფიკატების გადაეცემა. მადლობა ფედერაციებს თანამშრომლობისთვის. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ყველა იმ მწვრთნელის კვალიფიკაციის ამაღლება, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way