USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
თბილისის მერიის სხდომაზე, კახა კალაძის გამოსვლის სრული ვერსია (13.12.2023)
თარიღი:  

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში საახალწლო დღეები 15 დეკემბრიდან დაიწყება.

მან დედაქალაქის მოსახლეობას ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ.

„თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება. 20:00 საათზე გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ყველას გვექნება შესაძლებლობა, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები. მობრძანდით თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით, სასიამოვნო საღამო გელოდებათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, 16 დეკემბრიდან, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.

„16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს „საახალწლო სოფელი“. სოფელი განთავსდება ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები. ამავე პერიოდში, „საახალწლო სოფელში“ მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ. „საახალწლო სოფელში“ დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს. მთლიანობაში, 23 ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე საღამო გველოდება. გიწვევთ ოჯახებით, მეგობრებით, სტუმრებით 15 და 16 დეკემბერს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე, „საახალწლო სოფლის“ გახსნაზე. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იქნება ძალიან ლამაზი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ ბიუჯეტის ოდენობა 2023 წელთან შედარებით, 130 მილიონით იზრდება და 1 763 354 000 ლარს შეადგენს.

მისივე თქმით, მთლიანი ბიუჯეტის 31% ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება.

„მიიწურა 2023 წელი და ყველას აინტერესებს, რა პროექტები განხორციელდება და როგორ გადანაწილდება დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი. ამაზე მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ, საზოგადოებას წარვუდგენთ ყველა დაგეგმილ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. პირველ რიგში, გეტყვით, რომ თბილისის ბიუჯეტი იზრდება და 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 130 მილიონით მეტი იქნება. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 1 763 354 000 ლარს. მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი - 500 000 000 ლარი. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 486 000 ლარის გამოყოფა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 31%-ს შეადგენს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მომავალ წელს სოციალური/ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია 507 632 000 ლარის პროგრამების განხორციელება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში.

„თემა ეხება სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. საზოგადოებამ იცის, თუ რამხელა რეფორმა წამოვიწყეთ 2017 წელს. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც განვახორციელეთ: განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები, ველოდებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას, განხორციელდა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად გამოვცვალეთ ძალოვანი კაბელები, დაგეგმილი გვაქვს ვაგონების მოდერნიზება, განხორციელდა ტაქსების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ა.შ. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს. ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში არსებული კერძო ავტოპარკი. დღეს თბილისში 650 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს, განსაკუთრებით პიკის საათებში. საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, რომლებიც, თავიანთი გაბარიტებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძალიან აფერხებენ მოძრაობას, ასევე, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან საგზაო მოძრაობა პრაქტიკულად დიდი ხნით ჩერდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კანონის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3 , N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში; გარდა ამისა, მერის განცხადებით, რეგულაცია მთელი ქალაქის მასშტაბით არ იმოქმედებს.

„აღნიშნული მანქანების მოძრაობის აკრძალვა არ მოხდება მთელი ქალაქის მასშტაბით, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე. კერძოდ, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში, ასევე, აგვისტოში.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია საერთოდ არ გავრცელდება. ეს საგამონაკლისო შემთხვევები ცხადია დაკავშირებულია აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებთან, როგორიცაა მაგალითად: საზოგადოებრივი ტრანსპორტი; მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი; მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ.“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული წესების დარღვევისთვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს - პირველ შემთხვევაზე, 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარის ოდენობით.

მერის განმარტებით, შეზღუდვა საწყის ეტაპზე გარკვეულ გავლენას იქონიებს ეკონომიკურ სექტორზე, ბიზნესზე. შესაბამისად, შედგა რამდენიმე შეხვედრა ბიზნეს-ასოციაციასთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც კანონპროექტის დეტალები განიხილეს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენს აღნიშნული რეგულაცია, არის სამშენებლო სექტორი. კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორის როლი დღევანდელ ეკონომიკაში, ამიტომ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეფერხება, რაც არსებითად დააზიანებს, როგორც თავად ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, პოტენციური მყიდველის კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დაავალა ვიცე-მერს, კიდევ ერთხელ განიხილოს აღნიშნული საკითხის დეტალები შესაბამის სექტორთან და საბოლოო, შეჯერებული პოზიცია წარუდგინოს თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ყურადღება გამახვილდა, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე სანქციების გამკაცრებაა. შესაბამისი კანონი მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან ამოქმედდება.

თბილისის მერის განცხადებით, ამ დრომდე, ჯარიმის დადგენილი ოდენობები აკუსტიკური ხმაურის გადაჭარბების პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა.

„კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ან საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია და დადგენილია შესაბამისი ფულადი ჯარიმებიც, თუმცა დღემდე დადგენილი სანქციები, ჯარიმის ოდენობები, არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, დარღვევის იმ შინაარსს, რაც რეალურად ხდება. ამიტომაც, მოვამზადეთ კანონპროექტი და წარვუდგინეთ პარლამენტს. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან აღნიშნული კანონი და ერთმანეთს დისკომფორტი არ შეუქმნან.

„გვესმის ბიზნესის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების უფლებები, რომლებზეც დასაშვებ დონეზე მეტად წარმოქმნილი ხმაური უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობასა თუ ემოციურ მდგომარეობაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონის მიხედვით: ა) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით; ბ) იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით; გ) მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში დასრულდა სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დავით გამრეკელის ქუჩის პირველი შესახვევის N6-ში მრავალბინიანი კორპუსის ჩანაცვლების მიზნით.

მისივე თქმით, პროექტს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი ქეი ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი, ავარიული შენობის ადგილზე ახალი, მრავალბინიანი, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

„პირველ ჯერზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, რადგან მონაწილეობის მიღება არავინ ისურვა. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი ქეი ქონსთრაქშენი“, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, საცხოვრებლად უვარგისი იყო და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. მომზადდა პროექტი, რომელიც შედგენილია შპს „ჯორჯიან ჰაუსის“ მიერ. დაახლოებით, 36 თვე დასჭირდება სამუშაოების ჩატარებას. 19 ოჯახი, რომელიც ავარიულ სახლში ცხოვრობდა, ბინით უზრუნველყოფილია და ქირით გაყვანილია იქამდე, სანამ ამ პროექტის განხორციელება არ დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, აღნიშნული მიმართულებით იაქტიურონ და პროექტში ჩაერთონ.

„ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობთ, იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენს რაიონულ გამგეობას და ყველანაირად დაგეხმარებით. საჭიროა, ყველა მობინადრისგან იყოს თანხმობა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. უკვე არსებობს უამრავი შეთანხმება, რომელიც სხვადასხვა ეტაპზეა და პროექტის შემუშავება სანებართვო ეტაპზე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ავარიული სტატუსის მქონე ყველა ავარიული კორპუსის ჩანაცვლება ორ-სამ წელიწადში შეუძლებელია, თუმცა, ეტაპობრივად, ყველაფერი მოწესრიგდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აღნიშნულ პროგრამით დაინტერესება და მასში მონაწილეობა სთხოვა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროგრამაში. მესმის, რომ ბიზნესი ვერ ხედავს დიდ ეკონომიკურ მოგებას ამ შეთავაზებით, თუმცა ამით უამრავ ადამიანს ვახარებთ და პროცესში თქვენი თანამონაწილეობა პრინციპულად მნიშვნელოვანია. შედარებისთვის, როდესაც კორპუსებს აშენებთ, დეველოპერულ საქმიანობასთან შედარებით, აქ მომგებიანობა გაცილებით ნაკლებია. ეს არის სოციალური პროექტი, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ. მინდა, მიიღოთ ამ ტენდერებში მონაწილეობა. ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ამ თემაზე არაერთი შეხვედრა გამართა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან, ავუხსენით ყველაფერი, ვთხოვეთ მხარდაჭერა და ვნახოთ. იმედია, იქნება მათი მხრიდან მეტი ჩართულობა, რაც ქალაქისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დარეჯან დედოფლის სასახლის გარე ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, ექვსი თვე დასჭირდება.

„რამდენიმე წლის წინ ჩვენ განვახორციელეთ დარეჯან დედოფლის სასახლის ეზოსა და გალავნის რეაბილიტაცია. ამჯერად კი, შენობაში ჩატარდება, როგორც გარე ფასადის, ასევე შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და განახლებას საჭიროებს. კერძოდ, რეაბილიტირდება აივანი და გადაეწყობა მისი დეკორატიული ელემენტები; არქიტექტურული დეტალები აღდგება ხის განახლებული ნაკეთობებით; სასახლის იმ ნაწილში, რომელსაც რეაბილიტაცია არ შეხებია, მოწესრიგდება ეზო და მოეწყობა სადრენაჟე სისტემა; შეკეთდება დეკორატიული სვეტები, გარემონტდება ფასადი, შეკეთდება გადახურვის კონსტრუქცია და სხვა. პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრულია, დაახლოებით, ექვსი თვე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.