USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
თბილისის მერიის სხდომაზე, კახა კალაძის გამოსვლის სრული ვერსია (13.06.2024)
 204

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 9 წლის წინ, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედია გაიხსენა.

„დღეს 13 ივნისია - ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით ადამიანის სიცოცხლე და გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით ასევე ათობით ადამიანი გადარჩა. ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი - ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გაერთიანდა და ნუგეშად იქცა მთელი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო და როდესაც გათენდა, სრულიად საქართველო გაერთიანდა და ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდიგვერდ დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველაფრის, მათ შორის, დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავიბრუნებთ ჩვენს თანაქალაქელებს და თანამემამულეებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს და ახლობელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

მისივე თქმით, ის პრემიერ-მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდი გერმანიაში, კერძოდ დიუსელდორფში, სადაც შევხვდით ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს.   ბიჭებს ვუსურვეთ წარმატებები, მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს. ნაკრების თითოეულმა წევრმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უკვე არის დიდი წარმატება ქართული ფეხბურთისთვის. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ პირველ ეტაპზე, ჯგუფიდანაც გავალთ. ეს არის დიდი შრომის შედეგი, რომელსაც ჩვენმა ფეხბურთელებმა, ნაკრების თითოეულმა წევრმა, სახელმწიფოს ხელშეწყობით მიაღწია. მე ყოველთვის გვერდით ვუდგავარ ქართულ ფეხბურთს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად და საქალაქო სამსახურების ჩართულობით, მომავალშიც ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ნაკრების წევრებს დაფასება და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია ამ ინიციატივას. მინდა, მთელი გულით ვუსურვო მათ გამარჯვება და წარმატება ევროპის ჩემპიონატში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ჩვენება მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

„ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების პირველ მატჩამდე ხუთი დღე დარჩა. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ქართველ გულშემატკივრებს, რომ ვინც ვერ ახერხებს გერმანიაში თამაშებზე დასწრებას, მათთვის, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ეროვნული ნაკრების თამაშების ღია ჩვენება 18, 22 და 26 ივნისს, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. სტადიონზე დამონტაჟდება დიდი ეკრანები. მადლობას ვუხდი ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტი სამ ნაწილად განხორციელდება - პირველი და მეორე ეტაპი 15 ივნისიდან დაიწყება, ხოლო მესამე ეტაპი მომავალ წელს არის დაგეგმილი.

„ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ მონაკვეთში ჩატარდება. პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ მონაკვეთებში გზის გაგანიერებას, ქვეითებისთვის ტროტუარის მოწყობა-მოწესრიგებას. პროექტი სამი მონაკვეთისგან შედგება. პირველ ეტაპზე, ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, მესამე ეტაპი კი მომავალ წელს განხორციელდება, რაც სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზის მონაკვეთის გაგანიერებას და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას მოიცავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება.

„რაც შეეხება ამ ორ მონაკვეთს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალ ღამით დაიწყება და 1 300 მეტრ სიგრძის ტერიტორიაზე განხორციელდება. აქ მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვლება, ელექტროგადამცემ ხაზებს მიწის ქვემოთ ჩავიტანთ. დამონტაჟდება გარე განათების ბოძები LED სანათებით. ტერიტორიაზე გაჩნდება საპარკინგე ადგილები. დღეს ძალიან ქაოსური და მძიმე მდგომარეობაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ნორმალურად ვერ ახერხებს, ქვეითად მოსიარულეები ეტლით ბავშვს ვერ ასეირნებენ და ა.შ. ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ამ დღეებში კიდევ გვექნება. მათთვის სპეციალური საშვები დარიგდება, რომ მოსახლეობამ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუფერხებლად შეძლოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც კახა კალაძემ გაამახვილა ყურადღება, მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციაა. სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლისში დასრულდება.

„ეს არის რუსთაველის გამზირიდან პავლე ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. მიწისქვეშ მოეწყობა კაბელ-არხები, სადაც საჰაერო ელექტროსადენები განთავსდება, მოწესრიგდება ტროტუარი და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED სანათებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე შეიცვლება საავტომობილო მოძრაობის სქემაც.

„სამუშაოების მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ AECS Europe-ს გადაწყვეტილებით, თბილისი ევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად დასახელდა.

„მინდა, სასიხარულო და დასამახსოვრებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თბილისის აქვს ახალი სტატუსი - „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“. პირველად შევიტანეთ განაცხადი ამ სტატუსის მოსაპოვებლად და ცხადია, გვქონდა ამბიცია, რომ ვიმსახურებდით მას, მაგრამ ჩვენთვის მაინც მოულოდნელი იყო AECS Europe-ს გადაწყვეტილება - კანდიდატის პრეზენტაციის შემდეგ, დაესახელებინა თბილისი ევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული სტატუსი მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ სპორტის მიმართულებით გატარებული სწორი პოლიტიკის დასტურია.

„ბოლო წლებში, სპორტის მიმართულებით, დედაქალაქში ბევრი რამ გაკეთდა. მადლობას გადავუხდი ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისთვის. თბილისში ევროპული სტანდარტის ბევრი საფეხბურთო სკოლა მოეწყო, რეკრეაციულ სივრცეებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სპორტული სივრცეების მოწესრიგებას, სატრენაჟორო ზონების მოწყობას, რათა ვარჯიშის შესაძლებლობა ყველა თაობის წარმომადგენელს ჰქონდეს. პროექტის ფარგლებში, ჩვენი დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 2025 წელს განსახორციელებელი პროგრამები გაიწერება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე განაცხადა, რომ ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი საექსპერტო დასკვნის შედეგად, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია. კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა საბურთალოს გამგეობას სასტუმროდან დროებით საცხოვრებელში გადაჰყავს.

„ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე, დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში საყრდენ კონსტრუქციებს გაუჩნდა ბზარები. საბურთალოს რაიონის გამგეობამ, უსაფრთხოების მიზნით, პირველივე დღესვე უზრუნველყო მოსახლეობის ევაკუაცია და 53 ოჯახი გადაიყვანა სასტუმროში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოსახლეობის დროებით საცხოვრებელში გადაყვანა და ბინების ქირით კომპენსაცია. დღემდე, გამგეობის წარმომადგენლებს და პირადად გამგებელს აქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ადამიანებთან. გარდა ამისა, გამგეობამ დაჩქარებული წესით შეუკვეთა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კვლევა, რომლის დასკვნის თანახმად, კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია. საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარება, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს საქმის წარმოება. სამშენებლო სუბიექტს დავალებული აქვს კვლევებისა და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.

„რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნულ მშენებლობას, ნებართვის მფლობელი და მშენებლობის განმახორციელებელია შპს „თორი“. მშენებლობის ნებართვა გაიცა 2016 წლის 12 იანვარს, ხოლო მშენებლობის ვადა მშენებელს განესაზღვრა 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით. მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდა მობინადრეების შესახლება ისე, რომ კომპანიას შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიისთვის არ მოუმართავს. იმ პერიოდში აღნიშნული ქმედება სამშენებლო სამართალდარღვევად არ მიიჩნეოდა. შესაბამისად, ხშირი იყო შემთხვევები, რომ ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში მობინადრეების შესახლება ხდებოდა. ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემებს ქმნიდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო და რაც ექსპლუატაციაში მიღებამდე, შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებას კრძალავს.

„თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის ივლისში მოქმედ კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილებები და აიკრძალა სამშენებლო ობიექტის ფუნქციონირება, მერიის მიერ აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ასევე, ექსპლუატაციაში მიღებამდე აკრძალულია კომუნიკაციების (წყალი, გაზი, ელექტროენერგია) ინდივიდუალურად შეყვანა. მიუხედავად იმისა რომ კანონის მიღებას ჰქონდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა ეს ცვლილებები უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ასეთი შედეგები არ მივიღოთ, რაც ახლა ვაშლიჯვარში მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებაზე მუშაობა დაავალა.

„მინდა, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლებს მივმართო, დავამშვიდო - ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით. გვაქვს ბევრი სხვადასხვა სახის პროგრამა. მინდა, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ დაიწყოთ მუშაობა, დაიბაროთ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები. ვიცი, რომ უკვე გქონდათ რამდენიმე შეხვედრა. ეს პირდაპირ მათი პასუხისმგებლობაა, რომ დაიწყონ შესაბამისი სამუშაოები, რათა პრობლემა მოგვარდეს. აქ მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს სესხი აქვს, ბინები იპოთეკით დატვირთულია. შესაბამისად, მათ მაქსიმალური თანადგომა სჭირდებათ, თუ როგორ და რა ფორმით, ამაზე რაც შეიძლება მალე იმსჯელეთ და იმუშავეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

მისი თქმით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფის, თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნის, პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობისა და მათი თანადგომის მიზნით, არაერთ პროგრამას ახორციელებს.

„ბევრი პროგრამა გვაქვს და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. არსებობს ინიციატივები და ყოველწლიურად გვაქვს სიახლე სხვადასხვა პროგრამის სახით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულების მხარდაჭერას და ყველა ადამიანის თანადგომას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way