USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
Tbilisi
თბილისის მერიის სხდომაზე, კახა კალაძის გამოსვლის სრული ტექსტი (22.11.2023)
Date:  787

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სასკოლო ტრანსპორტს საავტობუსო ზოლში გადაადგილება შეეძლება. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ათასობით მოსწავლის სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

„სკოლის ავტობუსებს მივეცით შესაძლებლობა, მომავალი წლის პირველი იანვრიდან საავტობუსო ზოლში იმოძრაონ. იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, დროულად და უსაფრთხოდ მივიდნენ სკოლებში, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანია. მიუხედავად ბევრი დადებითი ცვლილებისა, რაც სატრანსპორტო რეფორმამ მოიტანა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ რეფორმის ამ ეტაპზე, როდესაც პიკის საათებში 600 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, ეს სერიოზული გამოწვევაა. საავტობუსო ზოლი თავისთავად მიანიშნებს, რომ მასზე მხოლოდ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა უნდა იმოძრაოს, თუმცა დავუშვით ორი გამონაკლისი: ერთია - 10 წლამდე ვადის ტაქსები, მეორე კი - სასკოლო ტრანსპორტი. ამ ქალაქის და ქვეყნის განვითარება, უკეთესი და უსაფრთხო გარემო, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონა - ეს ყველაფერი კეთდება მომავალი თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 18-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიანებს ოთხ მარშრუტზე - N301, N302, N308 და N314 ჩაანაცვლებს.

„მომავალი წლიდან დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს. მაღალი ტევადობის ეს ახალი ავტობუსები იმოძრავებს წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შევარჩიეთ. 18-მეტრიანი ავტობუსები წლების წინ თბილისში გადაადგილდებოდა, ასევე, დადიოდა ტრამვაი, თუმცა მავნებლებმა, ბოროტებმა ქალაქს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი წაართვეს, ტრამვაის სახით. დღეს რომ ქალაქს ტრამვაი ჰყავდეს, ეს კიდევ უფრო ბევრი ადამიანის გადაყვანის საშუალებას მოგვცემდა და ნაწილობრივ შეამსუბუქებდა იმ ვითარებას, რომელიც დღეს სატრანსპორტო მიმართულებით გვაქვს ქალაქში“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე განცხადებით, საზოგადოებას მიუნხენიდან დედაქალაქისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე წარუდგინა, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. 

„რა თქმა უნდა, გიხარია შენი ქალაქის წარმატება, როდესაც გული შეგტკივა მასზე, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც: ისეთი ადამიანები, ვისაც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, არ სიამოვნებს ის დადებითი საქმეები, რასაც ვაკეთებთ. ეს ადამიანებიც მინდა დავამშვიდო: თქვენ და თქვენი შვილებიც ისარგებლებენ იმ ტრანსპორტითა და ინფრასტრუქტურით, რომელიც ამ ქალაქში კეთდება. ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას იმის მიხედვით, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს. რაც კეთდება, ყველაფერი არის საერთო, კეთდება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. ამიტომ, ამ გაბოროტებული კომენტარებისგან, მარტივად რომ ვთქვათ, უკეთესია, თავი შეიკავოთ, რადგან სხვა ადამიანებს აღიზიანებთ. ამით ვერაფერს დაგვაკლებთ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ -  მოვაწესრიგებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მას უფრო ხელმისაწვდომსა და სწრაფს გავხდით, მეტი რეკრეაციული სივრცე და მწვანე არეალი შეიქმნება ქალაქში, გაგრძელდება სკვერების რეაბილიტაცია, აშენდება ახალი საბავშვო ბაღები, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციით და ა.შ. სამწუხაროდ, უამრავი პრობლემაა ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს იმის შემართება და  შესაძლებლობაც, რომ აღნიშნულ პრობლემებს დავუპირისპირდეთ და ქალაქისთვის სასიკეთო საქმეები გავაკეთოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება 12-მეტრიანი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე: N301, N302, N308, N314, სადაც დღიურად 55 ათასი მგზავრობა ფიქსირდება.

„აღნიშნული ცვლილებით, ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით, მარშრუტის გამტარუნარიანობა 50 პროცენტით გაიზრდება. გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები კი დაემატება სხვადასხვა მარშრუტს,  რითაც შემცირდება ამ ხაზებზე  მოლოდინის დრო, ხოლო განტარუნარიანობა გაიზრდება 40 პროცენტით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად უკვე დედაქალაქის საკრებულოშია გადაგზავნილი. ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

„თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა, რომელიც წარდგენილია საკრებულოში, განსაზღვრულია 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 68 მლნ 779 ათასი ლარით. ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი და არა საბოლოო ვერსია. ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოთ, რადგან მოგვიწევს აღნიშნული პროექტის მოცულობის დაკორექტირება. ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რისთვისაც ამ უწყებას მადლობას ვუხდი. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა. აღინიშნა, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ დედაქალაქს არ შეეხება, რადგან თბილისში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა.

„საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ. ამ უფლების გამოყენება თბილისელებს შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა. ამ ხნის განმავლობაში, მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა. საბოლოოდ, 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მოქალაქეების საკუთრების უფლების სრულფასოვნების ხელშეწყობისა და მათი ქონების კანონიერად აღიარების გარდა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვიანობასაც.

„მსგავსი სოციალური მნიშვნელობის ინიციატივები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უდიდესი მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივის მიღებას ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. ამით ჩვენს ათასობით მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრება გახდეს სამართლებრივი თვალსაზრისით სრულფასოვანი და უფლებრივად უნაკლო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

„უნივერსიტეტის ქუჩაზე პირველი, რაც გაკეთდა, იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები დაგებულია, სრულდება ტროტუარის მოწყობა და საჰაერო სადენების კაბელ-არხებში განთავსება. მონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი და ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები. პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის დამცავი კედლები ეწყობა, რომლის სამუშაოებიც, ასევე, ბოლო ეტაპზეა. უახლოეს დღეებში ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება. ნოემბრის ბოლოს პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები დასრულდება  და გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი. შემდეგ ჩატარდება გზის დახაზვისა და კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელთაც პარალელურად განვახორციელებთ, გადაადგილება კი ორმხრივად იქნება შესაძლებელი, რადგან აღნიშნული ქუჩის ცალმხრივად ჩაკეტვა და იმ სამუშაოების ჩატარება ძალიან დიდ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

კახა კალაძემ დედაქალაქში მცხოვრებლებს რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.

„აღნიშნულმა სამუშაოებმა დიდი დისკომფორტი შეუქმნა მოსახლეობას, რისთვისაც  თბილისელებს კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო. სამწუხაროდ, სხვანაირად ვერ ხერხდება სამუშაოების წარმოება და გვიწევს კონკრეტული ქუჩების ჩაკეტვა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წლის განმავლობაში ორ მსხვილ პროექტზე მეტი არ გავაკეთოთ, რომ საერთოდ კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში. უნივერსიტეტის ქუჩისა და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული დისკომფორტიც მოიხსნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მუხიანში, IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია იწყება. მისი თქმით, აღნიშნულ სკვერს ერთ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორია შეემატება, რომლითაც რეკრეაციული სივრცე საგრძნობლად გაიზრდება.

„მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სრულად განაახლა. ჩვენ ამ მიმართულებით არ ვჩერდებით. კერძოდ, მუხიანში IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაციას ვიწყებთ. სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, შადრევანი, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ არსებულ შადრევანსაც. სამუშაოები შადრევნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა, რისთვისაც, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 

„ეკოსერვის ჯგუფმა“ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოები შადრევნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა შადრევნის კედლის წყლის ფარდა, აუზი, ტუმბო-აგრეგატი, მართვის ოთახი  და დამცლელი მილი; შეიცვალა შადრევნის კედლის ქვედა ფილები და მოპირკეთდა გრანიტით. მოეწყო განათებები, ამომფრქვევები და ელექტროსადენები. სამუშაოების ღირებულებამ, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნული ტერიტორია ჩვენ მთლიანად მოვაწესრიგეთ და დღეს, ყველანაირად კეთილმოწყობილია. ტერიტორიაზე ასევე, განახლდა მიწისქვეშა გადასასვლელები“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. 

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ მისამართზე მშენებლობის პროცესში ფერდი ჩამოიშალა. 

„ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა. ეს არის მიწის ნაკვეთი, სადაც კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა. დაწყებული იყო გარკვეული სამუშაოები, რომლის შესრულებისას ჩამოიშალა ფერდი, რის გამოც მოგვიხდა მიმდებარე კორპუსიდან მოსახლეობის დროებით ქირით გაყვანა. ფერდი უკვე გამაგრებულია. გავაუქმეთ მშენებლობის ნებართვა და განხორციელდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ახლა კი, 1 500 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ვაკის რაიონის გამგეობა დასასვენებელ სივრცეს მოაწყობს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way