თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სასკოლო ტრანსპორტს საავტობუსო ზოლში გადაადგილება შეეძლება.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ათასობით მოსწავლის სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
„სკოლის ავტობუსებს მივეცით შესაძლებლობა, მომავალი წლის პირველი იანვრიდან საავტობუსო ზოლში იმოძრაონ. იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, დროულად და უსაფრთხოდ მივიდნენ სკოლებში, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანია. მიუხედავად ბევრი დადებითი ცვლილებისა, რაც სატრანსპორტო რეფორმამ მოიტანა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ რეფორმის ამ ეტაპზე, როდესაც პიკის საათებში 600 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, ეს სერიოზული გამოწვევაა. საავტობუსო ზოლი თავისთავად მიანიშნებს, რომ მასზე მხოლოდ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა უნდა იმოძრაოს, თუმცა დავუშვით ორი გამონაკლისი: ერთია - 10 წლამდე ვადის ტაქსები, მეორე კი - სასკოლო ტრანსპორტი. ამ ქალაქის და ქვეყნის განვითარება, უკეთესი და უსაფრთხო გარემო, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონა - ეს ყველაფერი კეთდება მომავალი თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 18-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიანებს ოთხ მარშრუტზე - N301, N302, N308 და N314 ჩაანაცვლებს.
„მომავალი წლიდან დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს. მაღალი ტევადობის ეს ახალი ავტობუსები იმოძრავებს წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შევარჩიეთ. 18-მეტრიანი ავტობუსები წლების წინ თბილისში გადაადგილდებოდა, ასევე, დადიოდა ტრამვაი, თუმცა მავნებლებმა, ბოროტებმა ქალაქს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი წაართვეს, ტრამვაის სახით. დღეს რომ ქალაქს ტრამვაი ჰყავდეს, ეს კიდევ უფრო ბევრი ადამიანის გადაყვანის საშუალებას მოგვცემდა და ნაწილობრივ შეამსუბუქებდა იმ ვითარებას, რომელიც დღეს სატრანსპორტო მიმართულებით გვაქვს ქალაქში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, საზოგადოებას მიუნხენიდან დედაქალაქისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე წარუდგინა, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
„რა თქმა უნდა, გიხარია შენი ქალაქის წარმატება, როდესაც გული შეგტკივა მასზე, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც: ისეთი ადამიანები, ვისაც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, არ სიამოვნებს ის დადებითი საქმეები, რასაც ვაკეთებთ. ეს ადამიანებიც მინდა დავამშვიდო: თქვენ და თქვენი შვილებიც ისარგებლებენ იმ ტრანსპორტითა და ინფრასტრუქტურით, რომელიც ამ ქალაქში კეთდება. ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას იმის მიხედვით, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს. რაც კეთდება, ყველაფერი არის საერთო, კეთდება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. ამიტომ, ამ გაბოროტებული კომენტარებისგან, მარტივად რომ ვთქვათ, უკეთესია, თავი შეიკავოთ, რადგან სხვა ადამიანებს აღიზიანებთ. ამით ვერაფერს დაგვაკლებთ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ - მოვაწესრიგებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მას უფრო ხელმისაწვდომსა და სწრაფს გავხდით, მეტი რეკრეაციული სივრცე და მწვანე არეალი შეიქმნება ქალაქში, გაგრძელდება სკვერების რეაბილიტაცია, აშენდება ახალი საბავშვო ბაღები, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციით და ა.შ. სამწუხაროდ, უამრავი პრობლემაა ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს იმის შემართება და შესაძლებლობაც, რომ აღნიშნულ პრობლემებს დავუპირისპირდეთ და ქალაქისთვის სასიკეთო საქმეები გავაკეთოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება 12-მეტრიანი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე: N301, N302, N308, N314, სადაც დღიურად 55 ათასი მგზავრობა ფიქსირდება.
„აღნიშნული ცვლილებით, ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით, მარშრუტის გამტარუნარიანობა 50 პროცენტით გაიზრდება. გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები კი დაემატება სხვადასხვა მარშრუტს, რითაც შემცირდება ამ ხაზებზე მოლოდინის დრო, ხოლო განტარუნარიანობა გაიზრდება 40 პროცენტით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად უკვე დედაქალაქის საკრებულოშია გადაგზავნილი. ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით არის განსაზღვრული.
„თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა, რომელიც წარდგენილია საკრებულოში, განსაზღვრულია 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 68 მლნ 779 ათასი ლარით. ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი და არა საბოლოო ვერსია. ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოთ, რადგან მოგვიწევს აღნიშნული პროექტის მოცულობის დაკორექტირება. ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რისთვისაც ამ უწყებას მადლობას ვუხდი. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა. აღინიშნა, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ დედაქალაქს არ შეეხება, რადგან თბილისში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა.
„საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ. ამ უფლების გამოყენება თბილისელებს შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა. ამ ხნის განმავლობაში, მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა. საბოლოოდ, 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მოქალაქეების საკუთრების უფლების სრულფასოვნების ხელშეწყობისა და მათი ქონების კანონიერად აღიარების გარდა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვიანობასაც.
„მსგავსი სოციალური მნიშვნელობის ინიციატივები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უდიდესი მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივის მიღებას ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. ამით ჩვენს ათასობით მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრება გახდეს სამართლებრივი თვალსაზრისით სრულფასოვანი და უფლებრივად უნაკლო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
„უნივერსიტეტის ქუჩაზე პირველი, რაც გაკეთდა, იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები დაგებულია, სრულდება ტროტუარის მოწყობა და საჰაერო სადენების კაბელ-არხებში განთავსება. მონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი და ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები. პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის დამცავი კედლები ეწყობა, რომლის სამუშაოებიც, ასევე, ბოლო ეტაპზეა. უახლოეს დღეებში ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება. ნოემბრის ბოლოს პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები დასრულდება და გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი. შემდეგ ჩატარდება გზის დახაზვისა და კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელთაც პარალელურად განვახორციელებთ, გადაადგილება კი ორმხრივად იქნება შესაძლებელი, რადგან აღნიშნული ქუჩის ცალმხრივად ჩაკეტვა და იმ სამუშაოების ჩატარება ძალიან დიდ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ დედაქალაქში მცხოვრებლებს რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.
„აღნიშნულმა სამუშაოებმა დიდი დისკომფორტი შეუქმნა მოსახლეობას, რისთვისაც თბილისელებს კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო. სამწუხაროდ, სხვანაირად ვერ ხერხდება სამუშაოების წარმოება და გვიწევს კონკრეტული ქუჩების ჩაკეტვა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წლის განმავლობაში ორ მსხვილ პროექტზე მეტი არ გავაკეთოთ, რომ საერთოდ კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში. უნივერსიტეტის ქუჩისა და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული დისკომფორტიც მოიხსნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მუხიანში, IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია იწყება. მისი თქმით, აღნიშნულ სკვერს ერთ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორია შეემატება, რომლითაც რეკრეაციული სივრცე საგრძნობლად გაიზრდება.
„მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სრულად განაახლა. ჩვენ ამ მიმართულებით არ ვჩერდებით. კერძოდ, მუხიანში IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაციას ვიწყებთ. სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, შადრევანი, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ არსებულ შადრევანსაც. სამუშაოები შადრევნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა, რისთვისაც, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
„ეკოსერვის ჯგუფმა“ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოები შადრევნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა შადრევნის კედლის წყლის ფარდა, აუზი, ტუმბო-აგრეგატი, მართვის ოთახი და დამცლელი მილი; შეიცვალა შადრევნის კედლის ქვედა ფილები და მოპირკეთდა გრანიტით. მოეწყო განათებები, ამომფრქვევები და ელექტროსადენები. სამუშაოების ღირებულებამ, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნული ტერიტორია ჩვენ მთლიანად მოვაწესრიგეთ და დღეს, ყველანაირად კეთილმოწყობილია. ტერიტორიაზე ასევე, განახლდა მიწისქვეშა გადასასვლელები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ მისამართზე მშენებლობის პროცესში ფერდი ჩამოიშალა.
„ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა. ეს არის მიწის ნაკვეთი, სადაც კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა. დაწყებული იყო გარკვეული სამუშაოები, რომლის შესრულებისას ჩამოიშალა ფერდი, რის გამოც მოგვიხდა მიმდებარე კორპუსიდან მოსახლეობის დროებით ქირით გაყვანა. ფერდი უკვე გამაგრებულია. გავაუქმეთ მშენებლობის ნებართვა და განხორციელდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ახლა კი, 1 500 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ვაკის რაიონის გამგეობა დასასვენებელ სივრცეს მოაწყობს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.