USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
თბილისის მერიის სხდომაზე, კახა კალაძის გამოსვლის სრული ტექსტი (14.02.2024)
Date:  

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გმირთა მოედნის მიმდებარედ, სანაპიროზე ჩამსვლელ საგზაო მონაკვეთში დამატებითი ზოლი მოეწყობა.

მისი თქმით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრეებთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია. ამ პროექტთან დაკავშირებით, გასულ წელსაც ვმუშაობდით, დავამუშავეთ სხვადასხვა სქემა, გავაკეთეთ ვიდეომოდელირებაც. საკითხის შესწავლამ კიდევ უფრო ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი საგზაო ზოლის მოწყობა. პროექტზე რამდენიმე წლის წინაც დავიწყეთ მუშაობა, თუმცა შეთანხმება ბენზინგასამართი სადგურების მესაკუთრეებთან ვერ მოხერხდა. შემდეგ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის გარკვეული სახით მოდერნიზება და კონკრეტული გადაწყვეტების მოძებნა. ამიტომ, ბოლო პერიოდში აქტიურად ვიმუშავეთ ამ საკითხზე და დღეს, მთავრობის სხდომაზე, ქონების ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება. შეთანხმება უკვე მიღწეულია და მინდა, მფლობელებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟის შემდეგ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური საგზაო სამუშაოებს დაიწყებს.

„თბილისში, სხვადასხვა არეალში გამოვყოფთ მიწის ნაკვეთებს, რომ მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ. უახლოეს პერიოდში გაიგზავნება ეს საკითხი დედაქალაქის საკრებულოში გადაწყვეტილების მისაღებად და მონაცვლეობის შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟს დავიწყებთ. ამის შემდეგ კი კონკრეტული პროექტი განხორციელდება, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების გატარებას უზრუნველყოფს. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო კვანძის პროექტზე, რომელსაც მოსახლეობას გავაცნობთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

კახა კალაძის თქმით, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

„თბილისის მყარი ნარჩენების მართვის ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან წლებია აქტიურად ვთანამშრომლობთ. პროცესში ჩართული არიან მათი ექსპერტები, რომელთაც ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენი საიმედო პარტნიორის ფინანსური მხარდაჭერით, ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს - ესაა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაცია ბელიაშვილის ქუჩაზე. შედეგად, დედაქალაქს ექნება უსაფრთხო, მოდერნიზებული და ლოგისტიკურად უფრო გამტარი გადამტვირთავი სადგური. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცილინდრული ტიპის დანადგარები საპრესი მოწყობილობით, რაც საგრძნობლად დააჩქარებს და ოპტიმალურს გახდის ნარჩენის გადატვირთვის პროცესს, გაზრდის ნარჩენების გადაზიდვის ეფექტიანობას და შეამცირებს სუნს. ასევე, მოეწყობა მოდერნიზებული სამრეცხაო, სპეცტექნიკისთვის განკუთვნილი პარკინგი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 4 409 660 ევროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ყურადღება დანარჩენ პროექტებზეც გაამახვილა, რომლებიც დედაქალაქში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება დიდი ლილოს პოლიგონზე. მათ შორისაა, მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა, რაც ფაქტობრივად ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება. ამ პროექტის განხორციელების მიზნით, EBRD-თან სასესხო შეთანხმებას ამ თვეში მოეწერება ხელი, პარალელურად კი მიმდინარეობს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა, რათა სატენდერო დოკუმენტაცია შედგეს. პროექტი ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არ გვყავს შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ლილოს პოლიგონზე ასევე, იგეგმება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობაც, რაც ამ კუთხით დღეს არსებულ პრობლემას მოაგვარებს. შესაბამისი სამუშაოების ტენდერი ამ კვარტლის ბოლოს გამოცხადდება, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი კი 6 255 000 ევროა.

„გარდა ამისა, ლილოს პოლიგონზე იგეგმება გაზშემკრები სისტემის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, გადაიხურება ნარჩენების განსათავსებელი უჯრედები, ხოლო უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან შეგროვდება გაზი (მეთანი). ყველა ეს პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც დიდი ლილოს მოსახლეობისთვის, ასევე, თბილისში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და EBRD-ს, მის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერით, ასევე, შეძენილი გვაქვს 65 ერთეული სპეცტექნიკა, რომელიც ქალაქს ძალიან მალე მოემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ 1-ელი აპრილიდან აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

მისი თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას 1-ელი მარტიდან მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებენ.

„განვათავსებთ ჯიხურებს, სადაც ჩვენი კვალიფიციური, გადამზადებული თანამშრომლები დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების რეგისტრაციაში. ჯიხურები დროებით განთავსდება წერეთლის გამზირის N118-ში, N116-ში, N76-ში, N48-ში, ასევე N12ა-ს მიმდებარედ, წყალტუბოს ქუჩის N10-ში და ტრანსპორტის ქუჩის მიმდებარედ. ერთთვიანი ვადა აქვს ადგილობრივ მოსახლეობას იმისთვის, რომ დარეგისტრირდეს. 1-ელი აპრილიდან კი აღნიშნულ ქუჩებზე, როგორც მოგახსენეთ, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ზონალურ-საათობრივი პარკირების წესები კიდევ ერთხელ განმარტა.

„სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, უმნიშვნელოვანეს რეფორმას ვახორციელებთ. ერთ-ერთია ზონალურ-საათობრივ პარკირება, რომლის ამოქმედებაც ქალაქის სხვადასხვა რაიონში, უბანსა და ქუჩაზე ეტაპობრივად იგეგმება. ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივებმა აუცილებლად უნდა დაარეგისტრირონ თავიანთ საკუთრებაში არსებული ავტომობილები, რადგან ბევრია შემთხვევა, რომ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ საცხოვრებელთან მანქანა გააჩერონ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და „A” კატეგორიის ტაქსებისთვის. სხვა შემთხვევაში, ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს 1 საათი - 1 ლარს. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განმარტა, რომ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდს ჰყავს კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ლოკაციაზე, რომელი არტისტის ინსტალაციის განთავსებაა მიზანშეწონილი.

მისივე თქმით, საჯარო სივრცეებში არტისტების ნამუშევრები დროებით იფინება, რაც ხელოვანების საქმიანობას უწყობს ხელს.

„მინდა, გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დროებით განთავსებული ქანდაკების საკითხს. თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი, მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ლოკაციაზე კონკურსში მონაწილე რომელი არტისტის დროებითი ინსტალაციის განთავსებაა მიზანშეწონილი. შედეგად, უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი განთავსდა ქალაქის სხვადასხვა უბანში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ქანდაკების ირგვლივ გამოწვეული აზრთა სხვადასხვაობა მისასალმებელია და მსგავსი დისკუსია ხელოვნების განუყოფელი ნაწილია.

„სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის ამ ქანდაკებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი საზოგადოებისთვის ასეთი აქტუალურია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რაოდენ საჭირო და დროული იყო თბილისში ასეთი ინსტიტუციის გაჩენა. წარმატებას ვუსურვებ ფონდს და ყველა არტისტს, ვინც მონაწილეობს გამოცხადებულ კონკურსებში. ყველას გვერდში დავუდგები, ვინც თბილისისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way