USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელი სხდომის სრული ჩანაწერი (26.07.2023)
Date:  198

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები სადგურის დაკეტვის გარეშე ჩატარდება.

მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში მეტროსადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესი ძალიან გაჭიანურდა. გამარჯვებულმა კომპანია „მამისონმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა. შესაბამისად, მოგვიწია მისი გაშვება და დღეს აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ შეასრულებს. როდესაც პროექტის განხორციელებას ვიწყებდით, მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ მეტროსადგურის დროებით დაკეტვა მოგვიწევდა. დღეს კი მინდა გაცნობოთ, რომ სადგურის დაკეტვა არ დაგვჭირდება და რეაბილიტაცია ისე ჩატარდება. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, მომდევნო წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნულ პროექტზე საუბრისას კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესში უკვე დაწყებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე.

მისი თქმით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, უკვე შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი სადგურის დაბლა ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი სრულად; მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები; განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის.

„უახლოეს პერიოდში ასევე, დაგეგმილია: ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი; ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და პროექტით გათვალისწინებული ფილების მონტაჟი. როგორც გითხარით, სამუშაოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დახურვას და ის ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები წარიმართება. ამაზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური დიზაინის შემუშავება იგეგმება.

მისი თქმით, კვლევისა და სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით, მეტროს განახლებისთვის, დაახლოებით, 20 მლნ აშშ დოლარია გამოყოფილი.

„ADB-ის სტანდარტებით გამოცხადებულ კონკურსში გვყავს გამარჯვებული ავსტრიული კომპანია, რომელთანაც ამ დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება. საქართველოში ჩამოდის კომპანიის ხელმძღვანელი, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკთან. ზემოაღნიშნული კომპანია დაიწყებს კონტრაქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, რომლისთვისაც განსაზღვრულია 10-თვიანი ვადა. მომსახურების ფარგლებში, კომპანია შეისწავლის 12 მეტროსადგურის გამტარუნარიანობას, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წვდომას, მისი გაუმჯობესების მიზნით “, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, დედაქალაქს გამართული, მოდერნიზებული და კომფორტული მეტროსადგურები ექნება.

„მეტროს მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებისთვის ასევე, მივიღეთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერა. ამ ორი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით, დედაქალაქს ექნება გამართული, მოდერნიზებული და კომფორტული მეტროსადგურები. როდესაც დავიწყეთ ავტობუსების განახლება, ბევრს ეგონა, რომ ამას ვერ შევძლებდით, რადგან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ცენტრალური ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, სრულად განახლდა ავტობუსების პარკი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რომელიც უცხოელი და ქართველი სპეციალისტების აქტიური ზედამხედველობით განხორციელდა.

„დავიწყეთ „მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, საჭიროებდა განახლებასა და მოწესრიგებას. ამჟამად, დაახლოებით, 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები უკვე დასრულებულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის საკიდებს, რისთვისაც სპეციალური კონსტრუქციები მოეწყო, აღდგა დეფორმირებული კიბეებიც. ამასთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხარეს რეაბილიტირდა ხიდის დაზიანებული ბურჯი. დღეს „მშვიდობის ხიდი“ ყველანაირად უსაფრთხოა, სამუშაოები კი დასრულებული. ერთადერთი, რაც დარჩა და მომდევნო თვეების განმავლობაში გაკეთდება, ხიდზე ახალი განათებების მონტაჟია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაზეც ყურადღება გამახვილდა, საბურთალოს რაიონში რეკრეაციული სივრცეა, რომელიც დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე რაიონის გამგეობამ მოაწყო.

კახა კალაძის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი - აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო, დაკმაყოფილებულია.

„ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი პროექტის - საფეხბურთო მოედნის მოწყობას აპროტესტებდა. ისინი რეკრეაციულ სივრცეს ითხოვდნენ. მათი სურვილი შესრულებულია. საბურთალოს რაიონის გამგეობამ, აღნიშნულ მონაკვეთზე, 5 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოაწყო. ტერიტორიაზე დაირგო, დაახლოებით, 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის მიზნით შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

თბილისის მერის თქმით, არსებული სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და ვერ ქმნის კანონდარღვევის ასარიდებლად პრევენციულ ზომებს.

„ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე 08:00-დან 11:00 საათამდე, ხოლო 11:00-დან 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ დაშვებულია ხმაურის დაბალი დონე, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ კანონს ხშირ შემთხვევაში არ იცავენ კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები და ა.შ. ამ ობიექტებში ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში, დილით, შუადღით, საღამოს თუ ღამით არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს. რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მოვუწოდე და ვთხოვე ყველა მსგავს ობიექტს, დაიცვან ხმაურთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები, ასევე, დავავალე მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, რომ ამ მიმართულებით გაემკაცრებინა მონიტორინგი. ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილი სანქციები უშედეგოა და არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან. ხშირ შემთხვევაში, ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სანქციების მიზანი არა ბიზნესის დაზარალება, არამედ ადამიანის უფლებების დაცვაა.

„რა თქმა უნდა, ბიზნესს არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით, ხელს არავის ვუშლით. პირიქით, ბევრი მხარდამჭერი პროგრამა განვახორციელეთ მათთვის, მაშინ, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდათ. მხედველობაში მაქვს პანდემიის ორწლიანი პერიოდი. რა თქმა უნდა, არც მომავალში დავიხევთ უკან, მაგრამ ერთით მეორე არ უნდა დავაზიანოთ და ადამიანის უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული. კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით; მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს და იმედი გამოთქვა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.

კახა კალაძემ აღმაშენებლის გამზირის საფეხმავლო ნაწილზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმაშენებლის გამზირისა და ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს, 40-მდე ღია კაფე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებს.

მისი თქმით, კაფეების ქაოსური განლაგება კი ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას პრობლემას უქმნის.

„თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ საფეხმავლო მონაკვეთზე, ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია 40-მდე ღია კაფე. ქაოსურად განთავსებული ღია კაფეები გადაადგილებისას პრობლემას უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ზოგადად, ამ ქუჩაზე მოსიარულეებს. ბიზნესს რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ან რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულება და ამგვარი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია. დავით ნარმანიას მერობის პერიოდში აღნიშნული სივრცე რეაბილიტირდა და ერთი სიამოვნება იყო იქ გასეირნება. დღეს ვხედავთ გარე კაფეებს, რომლებიც ყოველგვარი ნებართვების გარეშე ფუნქციონირებს. გვახსოვს პანდემიის პერიოდი, როდესაც ყველანაირად გვერდში დაგიდექით და მხარი დაგიჭირეთ, რომ აღნიშნული სივრცეები გარეთ მოგეწყოთ, რადგან დახურულ სივრცეში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა. იმისთვის, რომ თქვენს ბიზნესს, თქვენ, იქ დასაქმებულ ადამიანებს არ შეჰქმნოდა პრობლემა, მოგეცით საშუალება, გარე სივრცეები გამოგეყენებინათ, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც ვიზუალური, ასევე გადაადგილების თვალსაზრისით - იმდენად არის გამოწეული ორივე მხარეს, რომ გავლა შეუძლებელია, სახანძრო ან სასწრაფო დახმარების საჭიროების დროს. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული ობიექტების მესაკუთრეებს ეძლევათ ვადა, მოაწესრიგონ როგორც დოკუმენტაცია, ასევე ვიზუალური მხარე.

„გეძლევათ ვადა, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებთან შეათანხმოთ როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ნებართვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს რეაგირება და მუნიციპალური ინსპექცია იქნება ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად. გაქვთ დრო იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ვიზუალურ მხარესაც აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი პირველ რიგში, თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და ქალაქისთვისაც. არავინ არაფერში გზღუდავთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანონის ფარგლებში. ბიზნესის კეთება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯების ან იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ მდგომარეობა უცვლელი დარჩება, მუნიციპალური ინსპექცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო შეჯიბრს ჩოგბურთში 18 წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის სახელწოდებით „თბილისი-ლეილა მესხის თასი.

კახა კალაძემ შეჯიბრში მონაწილე ჩოგბურთელებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„თბილისში არაერთი საერთაშორისო ტურნირი ტარდება სპორტის სხვადასხვა სახეობაში და თითოეული მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას მივესალმებით და ვცდილობთ, სპორტის მიმართულებას მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს. ამჯერად, დედაქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო შეჯიბრს ჩოგბურთში 18 წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის სახელწოდებით „თბილისი-ლეილა მესხის თასი“. შეჯიბრში მონაწილეობს 15-მდე ქვეყნის 150-ზე მეტი სპორტსმენი. ღონისძიების მიზანია, ხელი შევუწყოთ ჩოგბურთის პოპულარიზაციას, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა სპორტსმენებს, აიმაღლონ ოსტატობა და ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული შეჯიბრი მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის სარეიტინგო ქულების ამაღლების მხრივაც. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ჩოგბურთელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპორტულ აქტივობებს მუდმივად შეუწყობს ხელს.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way