USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელი სხდომის სრული ჩანაწერი (21.06.2023)
Date:  289

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია იწყება.

მისი თქმით, აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა, რომელსაც ავარიულობის მეოთხე ხარისხი მიენიჭა.

„ეს სახლი არის მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია - მინიჭებული აქვს ავარიულობის მეოთხე ხარისხი. ამ სახლის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ბოლო პერიოდში გაჩენილმა ხანძარმა. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს 11 მლნ ლარს, ხოლო შესრულების ვადა 30 თვეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში დარგის სპეციალისტები და სათანადო გამოცდილების მქონე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

„პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისს კიდევ ერთი ლამაზი სახლი შეემატება. მოგეხსენებათ, ეს შენობა თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს არა მარტო საცხოვრებლად ვარგისი, არამედ შევინარჩუნოთ, მეტიც, გავზარდოთ მისი ისტორიულ-კულტურული თუ მატერიალური ღირებულება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბევრი შენობა-ნაგებობა რთულ მდგომარეობაშია, რომელთა რეაბილიტაციისთვის „თბილისის განვითარების ფონდთან“ ერთად ბიზნესსექტორის ჩართვაც იგეგმება.

„დიდი ყურადღება ექცევა კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლებს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ცუდ მდგომარეობაშია. მხოლოდ „თბილისის განვითარების ფონდი“ ვერ შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას. ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რაც ითვალისწინებს აღნიშნულ პროცესში ბიზნესის ჩართულობას. სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესების შემთხვევაში, ბიზნესს, რომელსაც პარალელურად სხვა უბანში ექნება მშენებლობა, კოეფიციენტის გადამეტების საშუალებას მივცემთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების შესყიდვა მოხდება. ავტობუსების ნაწილი 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა.

„18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა. 15 ივნისს მათთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების. ავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა - 2024 წლის ბოლომდე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება.

„ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი მგზავრი შეძლებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ამ მიმართულებით ძალიან მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. განახლებულია ტრანსპორტის პარკი, გვყავს ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, თუმცა იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თბილისის მერია ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე ყველაფერს გააკეთებს, რომ მივიღოთ ის შედეგი, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება დაისვას კითხვა, თუ სად უნდა იმოძრაოს 18-მეტრიანმა ავტობუსებმა. ამისთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ქუჩები ინფრასტრუქტურულად ადაპტირებული გავხადოთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ და რაც შეიძლება მეტ მგზავრს მოვემსახუროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიის აპლიკაცია „ფიქს თბილისის“ მეშვეობით, მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ 621 საკითხზე მუშაობა უკვე დასრულებულია. აღნიშნული აპლიკაცია მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებული პრობლემური საკითხების სწრაფად მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.

„მიმდინარე წლის 15 მაისიდან გაეშვა აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომელიც ადამიანებს აძლევს საშუალებას, დააფიქსირონ კონკრეტული საკითხი, რომლის მოგვარებაც ხდება. მაგალითად, დაზიანებული სივრცის თუ დეტალის აღდგენა. სამწუხაროდ, ბევრია ვანდალიზმის ფაქტები და მოქალაქეების აქტივობა მნიშვნელოვანია. 15 მაისიდან დღემდე, აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეების მხრიდან სულ დაფიქსირებულია 3 386 საკითხი. მათგან 1 880 - საგზაო ინფრასტრუქტურას ეხება, 272 - გარე განათების დაზიანებას, 282 - მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების დაზიანებას, 952 - საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებას. საანგარიშო პერიოდში დასრულებულია 621 საკითხზე მუშაობა, რაც ამავე კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: საგზაო ინფრასტრუქტურა - 414; გარე განათების დაზიანება - 41; მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების დაზიანება - 59; საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება - 107. ამავე პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა 1 652 საკითხზე, რაც კატეგორიების მიხედვით არის გადანაწილებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნულ აპლიკაციაზე საუბრის დროს განმარტა სტატუსის - „დაყოვნებული“ მნიშვნელობა, რომელიც მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ კონკრეტულ საკითხებს ენიჭება.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, დააფიქსირონ მხოლოდ აპლიკაციაში არსებული კატეგორიების შესაბამისი საკითხები, სხვა საკითხის არსებობის შემთხვევებში კი, მიმართონ ცხელ ხაზს.

„სისტემაში, მოქალაქეებმა შესაძლოა ნახონ, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ საკითხს მინიჭებული აქვს სტატუსი - „დაყოვნებული“, რაც იმას ნიშნავს, რომ დროებით ვერ ხერხდება საკითხის მოგვარება. მაგალითად, თუ ბიუჯეტით მომდევნო კვარტალშია დაგეგმილი კონკრეტული ტერიტორიის რეაბილიტაცია ან საჭიროა ტენდერის გამოცხადება. ამ მომენტისთვის, „დაყოვნებულის“ სტატუსი აქვს 529 საკითხს, რაც კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული. „ფიქს თბილისში“ განსაზღვრულია კონკრეტული კატეგორიები, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ფიქსირდება 584 გაუქმებული საკითხი, რომელიც არ შეესაბამებოდა არცერთ კატეგორიას და მოქალაქეების მხრიდან აპლიკაციაში მათი შეყვანა არასწორად მოხდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აპლიკაციაში ჩართულ აქტიურ მოქალაქეებს ქალაქზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

„გარკვეული დროის შემდეგ, შევძლებთ კატეგორიების დამატებას. შეიძლება ხარვეზებიც იყოს და ამასაც ვასწორებთ ეტაპობრივად. როდესაც პრობლემას ვაფიქსირებთ, უნდა შეესაბამებოდეს იმ კატეგორიებს, რომელიც აპლიკაციაშია მოცემული. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდას, რომელიც ჩართულია აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში და გვეხმარება, რომ ჩვენს ქალაქზე ერთად ვიზრუნოთ. ეს აპლიკაცია არის სწრაფი შესაძლებლობა, რომ პრობლემები მოგვარდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მუნიციპალური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის არსებული სანქციები შეახსენა.

მისი თქმით, რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს, ამ ობიექტებზე ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში არის ერთნაირად შეზღუდული და იგი 50 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.

კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში, საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია.

„დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილია შესაბამისი ზომის სანქციები, ფულადი ჯარიმები, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისთვის. შეგახსენებთ, რომ არსებული რეგულაციების მიხედვით, რიგ ადგილებში არსებულ ობიექტებზე 08:00-დან 23:00 საათამდე მოქმედებს ხმაურის გარკვეული დონის დაშვება, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ უფრო დაბალი დონითაა დასაშვები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად, მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

„მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ვინც ამ რეგულაციებს ექვემდებარება, დაიცვან არსებული ნორმები და არ გადააჭარბონ ხმაურის დასაშვებ ზღვარს. აქვე, მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, ლაშა მაჭავარიანს, დაიწყეთ აქტიური ქმედებები პრობლემასთან დაკავშირებით, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული, ადამიანები არ შეწუხდნენ. ყველანაირად ვუწყობთ ხელს ბიზნესს, მათ ვეხმარებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way