დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება.
მისი თქმით, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის მიზნით, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6 000 ლარი განისაზღვრება.
„დედაქალაქის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც, უამრავ ადამიანს ვეხმარებით. ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს მათთვის, ვინც საჭიროებს ენდოპროთეზირებას, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. სექტემბრიდან დავიწყებთ დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას, რაც მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაციის დაფინანსებას გულისხმობს. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების არჩევის შესაძლებლობა ექნება.
„თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება ვაუჩერული სისტემით განხორციელდება. შესაბამისად, მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების შერჩევაში თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. მსოფლიოს მასშტაბით, სახსრის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაცია ათასობით ადამიანს უტარდება და ეს თითოეული მათგანისთვის სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი შესაძლებლობაა. ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებს გვერდით დავუდგეთ და ფინანსური ტვირთი შევუმსუბუქოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ ხუთ ოჯახს გადაეცემა. აღნიშნული ოჯახებიდან ოთხი მათგანი ჩუღურეთში, ხოლო ერთი - სამგორში ცხოვრობს.
„2017 წელს, წინასაარჩევნოდ თბილისის მოსახლეობას დავპირდით, რომ დაკანონების პროგრამას წამოვიწყებდით. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში და გარკვეული მიზეზების გამო, მას ვერ იკანონებდნენ. საუბარია იმ საცხოვრებელ ფართებზე, რომელიც სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო. დღეის მდგომარეობით, 2 700-მა ოჯახმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. კიდევ ხუთ ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი, მათგან ოთხს ჩუღურეთში, ხოლო ერთს სამგორში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, რაიონულ გამგეობებს მიმართონ.
„ვისაც ანალოგიური პრობლემა გაწუხებთ, უნდა მიმართოთ იმ რაიონის გამგეობებს, სადაც ცხოვრობთ. გამგეობის თანამშრომლები აგიხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული 2,5 კილომეტრიანი შუა ზოლის, გამწვანებული კუნძულების და სარაჯიშვილის სკვერის, ასევე, ლიბანის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.
აღნიშნულ პროექტსა და რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„არაერთხელ მითქვამს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რეკრეაციული სივრცეების არსებობას თბილისში. ამასთან, ყველას კარგად გვახსოვს რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების განხორციელების მავნე პრაქტიკა, რომელიც დანერგილი იყო. უამრავი ნებართვა იყო გაცემული და ამ ტერიტორიების დაბრუნება ადგილმონაცვლეობის გზით მოგვიწია, რათა ქალაქს შევუნარჩუნოთ მწვანე სივრცეები. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული პროექტი განხორციელდეს, ეს იქნება ახალი პარკების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია თუ სკვერების განახლება. ბოლო წლების განმავლობაში, უამრავი ასეთი პროექტი განხორციელდა და ეს ტენდენცია შენარჩუნდება. სადაც შესაძლებელია, ყველგან გავაკეთებთ ახალ პარკებს, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ სკვერებს, რათა მეტი მწვანე სივრცე იყოს. ყველა სივრცეში, სადაც ამგვარ პროექტებს ვახორციელებთ, გათვალისწინებულია შესაბამისი სავარჯიშო მოედნები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას სარაჯიშვილის გამზირზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციის დეტალებიც გააცნო.
„სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა ზოლში, რომლის ფართობიც 25 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, წლების წინ გადიოდა ტრამვაის ხაზი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში გაუქმდა, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა და დანაშაული იყო. ამ სივრცის ასე დატოვება შეუძლებელი იყო. ადგილობრივი მოსახლეობაც გვთხოვდა, რომ გამწვანება მოგვეწყო. ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ზოლში მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დამცავი ღობე, გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკო ავეჯი; ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: დაირგო 5 ათასზე მეტი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, აღნიშნული შუა ზოლისა და ლიბანის ქუჩის მიმდებარედ მოეწყო ახალი გამწვანებული კუნძულები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სარაჯიშვილის სკვერს, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, თბილისის მერის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსდა საპარკო ავეჯი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 21 000 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებულ ლიბანის სკვერში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, შეიცვალა გარეგანათების ქსელი და მოეწყო ახალი სისტემა.
მისივე თქმით, დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის კამერები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო სკეიტ პარკი.
კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობაა.
კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა - LED სანათების მონტაჟი დაავალა.
„მინდა, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. მგონი, რომ ქალაქის ცენტრში ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც ჩაბნელებულია და განათებების მხრივ პრობლემა არსებობს. ამიტომ, დავიწყოთ სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს ყველაფერი. კონკრეტულად მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მთლიანად უნდა მოვაწესრიგოთ. ამასთან, იუსტიციის სახლის წინ არსებულ სივრცეში არის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი გამწვანების სამუშაოები ჩატარდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. რეგისტრაციის წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა პროცესის ეფექტიანად წარმართვა უზრუნველყო.
„წელს პირველად დაინერგა სამეტაპიანი რეგისტრაცია, რაც გულისხმობს პირველ ეტაპზე მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების რეგისტრაციას. აღნიშნული ეტაპი 10 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა, დარეგისტრირდა 2 621 აღსაზრდელი და მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 17 ივლისს დაიწყო რეგისტრაციის მეორე ეტაპი, რომელშიც მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები მონაწილეობენ.
თბილისის მერის ინფორმაციით, აღნიშნული ეტაპიც წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებულია 5 000-მდე აღსაზრდელი.
კახა კალაძის განცხადებით, 25 ივლისიდან დაიწყება მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნულ ეტაპზე 7 500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს.
„უამრავი ახალი ბაღი ავაშენეთ. განხორციელდა ძველი ბაღების დემონტაჟი, ახლის მშენებლობა, მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები. იცით, თუ როგორი სტანდარტია ახალაშენებულ ბაღებში სისუფთავის თვალსაზრისით. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული მოთხოვნა და სტანდარტები მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია. ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რადგან საქმე ეხება ჩვენს შვილებს, პატარებს, მომავალ თაობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.