USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Tbilisi
თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელი სხდომის სრული ჩანაწერი (14.06.2023)
Date:  240

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვის გზით, გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართული რეგულაციების დადგენა, ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას შეუშლის ხელს.

„ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში მომრავლებული კერძო ავტომობილები. სტატისტიკას გეტყვით: 2012 წლამდე თბილისში, პიკის საათებში, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეის მონაცემებით, თბილისში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი მოძრაობს. ეს კი გამონაბოლქვის და ჰაერის დაბინძურების მხრივ, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ასევე, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი პრაქტიკა დაინერგა საქართველოში, როცა ავტომობილების უდიდეს ნაწილს ე.წ. კატალიზატორს აცლიან, ჰყიდიან და ამ დროს, ავტომობილი ჰაერის საშინლად და სახიფათოდ დაბინძურებული ხდება. სწორედ ესაა უმთავრესი მიზეზი აზოტის ოქსიდებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და ამ მხრივ, დედაქალაქში მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მხრიდანაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, მივესალმები იმ ძალიან სწორ და საჭირო ინიციატივას, რაც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. ამ რეგულაციების დადგენა, რასაკვირველია, შეზღუდავს მოძველებული და მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუშლის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქალაქში მოძრაობს ისეთი ავტომობილები, რომლებიც ტექდათვალიერების მიმართულებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ მიმართულების მოსაწესრიგებლადაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველას ჩართულობით, ჰაერის გასუფთავებას მივაღწიოთ, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მერმა ისაუბრა ტრანსპორტის რეფორმასა და ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ 2017 წლის შემდეგ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განახორციელა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და ყველამ, როგორც მუნიციპალიტეტმა, ასევე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს. ჩვენ 2017 წელს რაზეც დავიწყეთ აქტიური მუშაობა, ერთ-ერთი იყო ეს თემა და ბევრი სასიკეთო ნაბიჯიც გადაიდგა. გავამკაცრეთ რეგულაციები ამტვერებადი მასალების ტრანსპორტირებაზე და განთავსებაზე; მოეწყო არაერთი რეკრეაციული სივრცე, სადაც დაირგო ათასობით ნერგი და ეს პროცესი გრძელდება; სრულად განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები. გვახსოვს, როგორი გამონაბოლქვი ჰქონდა, როგორც ავტობუსს, ასევე მიკროავტობუსს, რომელიც უდიდესი პრობლემა იყო. ამ ყველაფერს ვსუნთქავდით ჩვენ, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. დღეს დედაქალაქს ჰყავს სრულად განახლებული ევრო 6-ის ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებისთვის მასშტაბური საზაფხულო პროგრამები განახლდება, რომელზე რეგისტრაციაც 15 ივნისიდან დაიწყება. საზაფხულო პროგრამებში მონაწილეობის მიღება დედაქალაქში რეგისტრირებულ 18-29 წლის ახალგაზრდებს შეეძლებათ.

„მინდა საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ მივაწოდო ინფორმაცია. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მისი დანერგვა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე. არ არის აუცილებელი, რომ ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს, მაგრამ მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებას ხელშეწყობა ყოველთვის ექნება. 2023 წლის საზაფხულო პროგრამებში, დაახლოებით, 5 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება. ეს ეხება თბილისში რეგისტრირებულ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით, ეკიპირებით და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამებზე რეგისტრაცია 25 ივნისს დასრულდება.

„დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე და იმედი მაქვს, საზაფხულო პროგრამებით ბევრი ახალგაზრდა ისარგებლებს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის უფასო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

2023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში, შემდეგი აქტივობებია დაგეგმილი: კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია); მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში) - ზღვის უბანში არსებული საცურაო აუზით ერთი თვის განმავლობაში, სარგებლობა შესაძლებელი იქნება 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის; ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები); ჯომარდობა (ფასანაური); ლაშქრობები „თბილისის გარშემო“ - წარიმართება ოთხი ორდღიანი და რვა ერთდღიანი საველე სალაშქრო ბანაკების სახით.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თბილისის ტერიტორიის შერჩეულ არეალებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უამრავი ადამიანი, ოჯახია, რომელიც ვერ ახერხებს მიწის რეგისტრაციას, სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ამ პროგრამაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქი არ იყო ჩართული. შესაბამისად, გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. დღეის მდგომარეობით, თბილისის ტერიტორიაზე არსებობს არაერთი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც, სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო, ვერ რეგისტრირდება ვერც მუნიციპალიტეტის და ვერც სხვა დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება. ვინაიდან, საჯარო რეესტრი წარმოადგენს ამ მიმართულებით უფლებამოსილ და კომპეტენტურ ორგანოს, პროექტს განახორციელებს საჯარო რეესტრი, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდება სრულიად უფასოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის შედეგად, შერჩეულ არეალებში, საკუთრების უფლებისა და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე და ასევე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების სტატუსით, ათასობით მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდება. საუბარია 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ იდენტიფიცირებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და განხორციელდება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ფონდის მონაცემების სრულყოფაც.

„პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად. ამ ეტაპზე შერჩეულია რამდენიმე პრობლემური ლოკაცია: დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა. პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება“, - აღნიშნა მერმა.

დედაქალაქის მერმა საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციაზეც ისაუბრა, რომელიც 20 ივნისიდან დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ივლისის განმავლობაში, 17 000-მდე აღსაზრდელს 45 მუნიციპალური საბავშვო ბაღი მოემსახურება.

„მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. პანდემიის პერიოდში, იმ დროისთვის არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, საზაფხულო ბაღები არ მუშაობდა. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და ბაღები იფუნქციონირებს. გავითვალისწინეთ ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მოთხოვნა, ვინაიდან ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ივლისის პერიოდში შვებულების აღებას და ქალაქიდან გასვლას. მათ მუშაობა უწევთ. რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს ყველანაირად გვერდით დავუდგებით. ივლისში, მუნიციპალური ბაღების 17 000-მდე აღსაზრდელს 45 საბავშვო ბაღი მოემსახურება. საზაფხულო საბავშვო ბაღები შერჩეულია ტერიტორიული პრინციპით, ისე, რომ ქალაქის მასშტაბით მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი. ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისიდან და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი იწარმოებს ვებგვერდზე: www.kids.org.ge.

კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებებია. კერძოდ, რეგისტრაციის პროცესში, 2023-2024 სააღმზრდელო წელს კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატება. ახალი წესით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.

„რეგისტრაციისას გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭება. ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა მათი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დღემდე, პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების, ხოლო მეორე ეტაპზე, საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობდა.

„პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორე ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე, გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნული ცვლილებებისთვის მივმართავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ, ივლისში რეგისტრაციის პროცესს დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობას განაგრძობს.

„გრძელდება თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობა. სექტემბერში თბილისს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე, 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა გახშირებული ვანდალიზმის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა რეკრეაციულ სივრცეებში ხე-მცენარეების დაზიანების ფაქტები.

მისი თქმით, არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ, რაც ხე-მცენარეების დაზიანებას იწვევს.

„ვანდალიზმი ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა. გვაქვს კონკრეტული სივრცეები, ახლად რეაბილიტირებული სკვერები, პარკები, განახლებული ინფრასტრუქტურა, რომელთა მიზანმიმართული დაზიანება ხდება. თუ აქამდე საუბარი იყო საპარკო ინფრასტრუქტურაზე, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, რაც ძალიან სამწუხაროა. ბოლო თვეებია ახალრეაბილიტირებულ სკვერებში ხდება ხეების დაზიანება, მათი მოპარვა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ ზიანდება ხე-მცენარეები და გამოიკვეთა, რომ მოქალაქეები ახალდარგულ ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ. გვაქვს შესაბამისი ვიდეოკადრებიც. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება. მძიმეა და გულდასაწყვეტი, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ამ ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის ყველაფერი საუკეთესო გავაკეთოთ. ამაში იხარჯება თქვენივე თანხები, ჩვენ კი უბრალოდ მენეჯმენტს ვუწევთ ახალი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და ვანდალიზმის ფაქტებს ერთად შეებრძოლოს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ერთად დავდგებით, ერთად შევებრძოლებით ვანდალიზმს და ამ უმსგავსო ფაქტებს. რეკრეაციულ სივრცეებს რომ ვაკეთებთ, იქ შინაური ცხოველებისთვის სპეციალურ ადგილებს გამოვყოფთ სასეირნოდ, სავარჯიშოდ, მაგრამ არ ვიცი, რატომ უნდა ავარჯიშო და გაწვრთნა ძაღლი ხე-მცენარეზე და ამით გამწვანება დააზიანო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ცხადდება კონკურსი, რომელიც თბილისის წარწერის აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შექმნას გულისხმობს. წარწერა განთავსდება დედაქალაქის შესასვლელსა და გასასვლელში, ასევე, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის მანიშნობელი.

„გადავწყვიტეთ, გამოვაცხადოთ კონკურსი, რაც გულისხმობს წარწერის აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შექმნას, რომელიც განთავსდება დედაქალაქის შესასვლელსა და გასასვლელში, ასევე, აეროპორტის გზაზე, აეროპორტის მანიშნობელი. გვინდა, თბილისის შემოსასვლელები ახალი, თანამედროვე კონსტრუქციებით იყოს გაკეთებული. დიზაინერებს ვთხოვთ, პროცესში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ. ანდრია ბასილაიას მინდა ვთხოვო, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას პროექტის განხორციელებაზე. გათვალისწინებულია ჯილდოც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კონკურსი 15 ივნისიდან გამოცხადდება და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

შესაბამისი კომისია შეაფასებს, იმსჯელებს და აარჩევს, თუ რომელი დიზაინის პროექტი იქნება მისაღები. რა თქმა უნდა, საზოგადოებასაც მივცემთ ჩართულობის შესაძლებლობას. ერთად შევარჩიოთ და განვსაზღვროთ, თუ რომელი პროექტი განვახორციელოთ. კახეთის გზატკეცილზეც არ გვაქვს აეროპორტის მანიშნობელი და გვინდა, ეს პროექტიც განვახორციელოთ. მოგვაწოდეთ თქვენი იდეები. კონკურსი გამოცხადდება 15 ივნისს და დასრულდება ივლისის ბოლოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების გადმოგზავნა შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: Ideas@tbilisi.gov.ge.

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არსებულ პროგრამებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ცხრა ასეთ პროგრამას ახორციელებს, რომელთა ბიუჯეტი 16 მლნ ლარამდეა.

„დედაქალაქში მიმდინარე წელს 2 400–მდე საკურორტო ვაუჩერი გაიცა „შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში. სოციალურად დაუცველი არასრულწლოვანი შშმ პირებისთვის არსებული პროგრამა ყოველწლიურად, 800-ლარიანი დახმარების გაცემას ითვალისწინებს. მის ფარგლებში, 1 300-მდე პირი იღებს ფინანსურ დახმარებას. გარდა ამისა, გვაქვს სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირთა დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 900-ლარიან დახმარებას 600-ზე მეტი უსინათლო პირი იღებს. აღსანიშნავია, რომ ისინი, მათ გამცილებლებთან ერთად, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა უნდა შექმნას ყველა პირობა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაადგილების, ასევე, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობა.

„შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების განცხადებები და პროექტები ფინანსდება. წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიამ 58 ასეთი განაცხადი დააფინანსა. ამასთან, შშმ პირები მერიის სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამაში, პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. რაც მთავარია, აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ქალაქში დაცული იყო ინკლუზიურობის პრინციპი, ეს იქნება ქუჩა, მუნიციპალური ტრანსპორტი, რეკრეაციული სივრცე და სხვა ადგილები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 
14 ივნისი 2023
region
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way