USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელი სხდომის სრული ჩანაწერი (12.07.2023)
Date:  

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და წყნეთში, ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებმა გარდაცვლილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

თბილისის მერის განცხადებით, დასასვენებელ პავილიონში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ელექტროხაზი თვითნებურად იყო დაერთებული, რომელზეც მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს, რომელიც ორი დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი და სიტყვების მოძებნაც კი. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„პირველადი მონაცემებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სახელდება ფანჩატურში კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კუსტარული დაერთება არის უკანონობა. არავის აქვს უფლება, შესაბამისი ნებართვისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, მსგავსი ტიპის სამუშაო აწარმოოს. არ მინდა წინასწარ რაიმე განცხადება გავაკეთო. რასაკვირველია, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში ელექტროხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა - მისი დაერთება მოხდა თვითნებურად. ასევე, ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში, გარდა რამდენიმე საქალაქო მნიშვნელობის პარკისა, არ არის დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრაგედიის ფონზე, დეზინფორმაციის გავრცელებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

„ზოგიერთ მედიასაშუალებაში არასწორი, დამახინჯებული ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, ტრაგიკული შემთხვევა უკავშირდება ვაკის რაიონის გამგეობის მიერ დაწყებულ გამწვანების სამუშაოებს. ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება. ამ დიდი ტრაგედიის ფონზე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია უადგილო და ძალიან უხერხულია. მოვუწოდებთ და ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ნუ შეუწყობთ ხელს ტყუილების ტირაჟირებას და დეზინფორმაციის გავრცელებას ამ ტრაგედიის ფონზე. ნურავინ შეეცდება პოლიტიკური ქულების ჩაწერას, ამ უბედურების გამოყენებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-2029 წლებში განხორციელდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით უკვე შეირჩა კონსულტანტი, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაში დაეხმარება.

„მეტროსადგურების რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვლება „სადგურის მოედნის“ მესამე ამოსასვლელის სამი ესკალატორი. განხორციელდება 36 ესკალატორის ელექტროძრავის მოდერნიზაცია, რაც დაზოგავს ელექტროენერგიას. შეიცვლება ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო პანელები. განახლდება მგზავრთა ინფორმირების სისტემა. გაუმჯობესდება სადგურების შესასვლელების ფიზიკური ხელმისაწვდომობა. მათ შორის, რამდენიმე მეტროსადგურზე დამონტაჟდება სპეციალური, დახრილი ლიფტები. „სადგურის მოედნის“ კვანძზე დამონტაჟდება ორი ლიფტი, პირველ და მეორე ხაზებს შორის წვდომის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, მეტროს მუშაობა არსებითად გაუმჯობესდება, რაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

„რეაბილიტირდება ცენტრალური სადრენაჟე სატუმბი სადგურები, შეიცვლება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სპეციალური და ადმინისტრაციული სატელეფონო სისტემები, უწყვეტი კვების წყარო (UPS) სადგურებზე მდებარე ცენტრალიზებული და ბლოკირების სიგნალიზაციისთვის, ასევე, ავტომატური მართვის პუნქტებისთვის. რეაბილიტირდება სადგურების გარეთ არსებული სავენტილაციო სისტემა, ჯამში, 18 ვენტილატორი და მართვის სისტემა. მოხდება მეტროს გაერთიანებული სახელოსნოების სრული გადაიარაღება და გარემონტდება შენობა-ნაგებობები. გადაიარაღდება მეტროს სასწავლო ცენტრი. განახლდება ტექნიკური ხელსაწყოები და დანადგარები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა, რომელიც აღნიშნულ პროცესშია ჩართული.

„ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მეტროს მოდერნიზაციის პროექტში აქტიურად არიან ჩართული. ამისთვის უკვე გამოყოფილია 50,6 მლნ ევრო სესხის, ხოლო 5 მლნ ევრო გრანტის სახით. უკვე მომზადებულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია EGIS-ის მიერ აღნიშნული მეტროსადგურების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების პროცესში, სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის ავარიული მდგომარეობა გამოიკვეთა.

მისივე განმარტებით, ჩატარდა რამდენიმე საექსპერტო კვლევა და მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი, რომელიც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა.

„დაწყებული გაქვს მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვინაიდან ის იყო ავარიულ მდგომარეობაში. პირველ რიგში, უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის ავარიული მდგომარეობა. შესაბამისად, როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო კომპანიის მონაწილეობით, დაიგეგმა და შესაბამისი საექსპერტო კომპანიების მეშვეობით განხორციელდა რამდენიმე კვლევა, როგორც კონსოლის დემონტაჟის აუცილებლობის, ასევე, დემონტაჟის შემთხვევაში, დარჩენილი შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლის მიზნით. საექსპერტო დასკვნების მიღების შემდეგ, მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი და დოკუმენტაციის სრული პაკეტი საბოლოო ექსპერტიზისთვის წარედგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“. უახლოეს დღეებში ველოდებით ბიუროს დასკვნას, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში“ სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კონსოლის დემონტაჟის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს მეტროსადგურ „ავლაბრის“ ორი კვირით დახურვა.

თბილისის მერის განცხადებით, თუ აღნიშნულის აუცილებლობა დადგა, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

რაც შეეხება მეტროსადგურზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კახა კალაძის განცხადებით, ის სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა.

მისივე თქმით, აქამდე არსებული ორმხრივი პანდუსი ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხო ორმხრივ სამანქანო მოძრაობას და საჭირო გახდა ახალი პანდუსის მოწყობა.

„საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის პანდუსის მშენებლობა დასრულდა და უკვე რამდენიმე დღეა, მძღოლები სარგებლობენ აღნიშნული გზით. ვინაიდან, აქამდე არსებული ორმხრივი პანდუსი ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხო ორმხრივ სამანქანო მოძრაობას, საჭირო გახდა ახალი პანდუსის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზა, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის ზღუდეები. ასევე, მოეწყო ახალი გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. საკმაოდ პრობლემური იყო გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩასვლა, იქმნებოდა საავარიო სიტუაციები. პროექტის განხორციელების შემდეგ კი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, აღნიშნული კვანძი პრობლემას აღარ წარმოადგენს და გოთუას ქუჩიდან ჩამსვლელები ისარგებლებენ ახალი პანდუსით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ქალაქ ნანტში მოქმედ საზაფხულო ბანაკში „შეხვედრა რაგბის ირგვლივ“, 2023 წლის 11 აგვისტოდან 21 აგვისტომდე, თბილისიდან, ნანტიდან, ზაარბრიუკენიდან და კარდიფიდან, 13-15 წლის 60-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტის მიზანი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მოზარდების დამეგობრება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

„ბანაკი იფუნქციონირებს პორტ-ბარბის ღია სივრცეში, რომელიც 10 ჰექტარს მოიცავს. ახალგაზრდები კარვებში იცხოვრებენ. პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მოზარდების დამეგობრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და დაძმობილებულ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისიდან ბანაკში 15 მოზარდი და სამი ახალგაზრდული მუშაკი გაემგზავრება.

„ბანაკში გასამგზავრებლად უკვე ემზადება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შერჩეული 15 მოზარდი და სამი ახალგაზრდული მუშაკი. ბანაკში მონაწილეობისთვის შერჩეულ თბილისელ მოზარდებს შორის არიან სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 
tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way