დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, კალოუბნის ქ. N18-ში სამსართულიანი შენობის ადგილზე, მრავალბინიანი, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.
მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, ავარიული სახლების მობინადრეები მიიღებენ გარემონტებულ და ზუსტად იმ ფართის საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც ავარიულ სახლში, მათ საკუთრებაში გააჩნდათ.
თბილისის მერის განცხადებით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პერიოდში ადგილობრივი მცხოვრებლები ქირით იქნებიან უზრუნველყოფილი.
„ქალაქში, დაახლოებით, 10 000-მდე სახლია, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული. ჩვენთვის მოქალაქეთა უსაფრთხოება და აღნიშნული შენობა-ნაგებობების ახალი, თანამედროვე კორპუსებით ჩანაცვლება მნიშვნელოვანია. ყველა იმ ოჯახს, რომლის ავარიული სახლის ჩანაცვლება მოხდება, მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე, გარემონტებული, მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები დაუბრუნდება. მშენებლობის პროცესში ყველა ოჯახი ქირით იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ახალ პროექტს, თბილისის მერის თქმით, კალოუბნის N18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია.
„გამოვლენილია გამარჯვებული სამშენებლო კომპანია და მომდევნო დღეების განმავლობაში, უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. დაახლოებით, 30 ოჯახი ცხოვრობს ასეთ გაუბედურებულ კორპუსში, რომელიც იყო ავარიული, უმძიმეს მდგომარეობაში და სიცოცხლისთვის საშიში. აღნიშნული ავარიული შენობის ადგილზე კი თანამედროვე საცხოვრებელი სახლი განთავსდება. სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვადა 30 თვეა. მინდა გთხოვოთ, იაქტიუროთ. ჩვენ მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდში და დაგეხმარებით, რომ ავარიული საცხოვრებელი სახლები ახალი და მოწესრიგებული შენობა-ნაგებობებით ჩავანაცვლოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რომელსაც მუნიციპალიტეტი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან მოლაპარაკებების პროცესში აწყდება.
„45 მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა. ზოგის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ნაწილი კი სანებართვო პროცედურებს გადის. არის პროექტები, რომლებზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესში არაერთ სირთულეს ვაწყდებით. მაგალითად, კონკრეტული ადამიანები ითხოვენ იმაზე მეტ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მათ დღეს გააჩნიათ. ამას მუნიციპალიტეტი ვერ გააკეთებს. გვაქვს სრული მზაობა, რომ ჩანაცვლების შემდეგ, ყველა იქ მცხოვრებ ადამიანს საცხოვრებელი ფართები გადაეცეს იმ კვადრატული მეტრობით, რაც დღეს მათ საკუთრებას წარმოადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საცხოვრებელი ფართებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ დღემდე 71 ბინაა შეძენილი.
„უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დაპირებებს, რა თქმა უნდა, ვასრულებთ. გასულ წელს შევიძინეთ 55-ზე მეტი ბინა. დღეის მდგომარეობით, ჯამში, 71 ბინა გვაქვს შესყიდული და ამდენი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული ადამიანი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული და აღნიშნული პრობლემა მოხსნილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ადამიანმა, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღოს. შემდეგ მის საქმეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებული და სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განცხადებების წარმოდგენის ვადა 27 ივლისს იწურება.
კახა კალაძის თქმით, მსგავს შენობებში მცხოვრებ ადამიანებს უამრავი პრობლემა ექმნებოდათ იმის გამო, რომ ნაგებობები არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული.
„სამშენებლო ამნისტიის მისაღებად, მერიაში განცხადებების წარმოდგენისთვის განსაზღვრული იყო ორი წელი. ეს ვადა უკვე იწურება მიმდინარე თვის ბოლოს - 27 ივლისს. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ და მოგიწოდოთ, რომ ვისაც დღემდე არ გისარგებლიათ ამ უფლებით, შეაგროვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, 27 ივლისამდე შემოიტანეთ განცხადება მერიაში და მოითხოვეთ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. დედაქალაქში ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენდა მშენებლობადასრულებული ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. ამის მიზეზია მშენებლობების წარმოება კანონმდებლობის დარღვევით, რათა სამშენებლო კომპანიებს მეტი სარგებელი მიეღოთ.
ამ პროცესით საბოლოოდ მხოლოდ იქ მცხოვრები მოქალაქეები ზარალდებიან, რადგან ჯერ ერთი, მათ ქონებას აქვს სტატუსი „მშენებარე ობიექტი“. ეს კი რასაკვირველია, არ ქმნის საკუთრების სრულფასოვნებას და უფლებრივად ყოველთვის ნაკლიანი ქონებაა. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ეს შენობები არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, იქ მცხოვრებლები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და თავის მხრივ, ვერ სარგებლობენ მუნიციპალიტეტში არსებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, შესაბამისი კანონი ორი წლის წინ იქნა მიღებული.
„ჩვენი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ ორი წლის წინ განხორციელდა ცვლილებები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“. ამ ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი გახდა, ექსპლუატაციაში მიღება ისეთი შენობა-ნაგებობების, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით. მაგალითად, დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და ა.შ. ამასთანავე, ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, იქვე დაზუსტდა, რომ ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით, უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღებულია 400-მდე ობიექტი, ხოლო მიმდინარე წარმოებაშია 700-ზე მეტი განცხადება.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება. აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად გასხვისდა, რომელიც მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა მთავრობამ გამოისყიდა.
„ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ დაგეგმილი მშენებლობა არ განხორციელდებოდა. დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. მოვახდინეთ ადგილმონაცვლეობა, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა მერიას და აღნიშნული ტერიტორია მოსახლეობას დაუბრუნდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა 2025 წლის 1-ელი ივლისისთვის.
„აღნიშნული ტერიტორია ისტორიულად საჩოგბურთო კორტებს წარმოადგენდა. 2021 წელს გამოცხადდა აუქციონი, რომელიც მიზნად ისახავდა მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კორტების აღდგენასა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას - ჯამში, 5 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას. დღეის მდგომარეობით, მესაკუთრეს მოპოვებული აქვს სამშენებლო ნებართვა და იწყებს მშენებლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია იწყება, რომელიც ელექტრონულად, სამ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge წარიმართება.
„პირველი ეტაპი დაიწყება 10 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 16 ივლისის 00:00 საათამდე. პირველ ეტაპზე, დარეგისტრირდებიან მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას; ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; გ) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; დ) მარტოხელა მშობლის შვილი; ე) მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან/და ნაშვილები; ვ) სამხედრო მოსამსახურეების შვილები; ზ) საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები; თ) საჯარო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები; მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 17 ივლისს, 10:00 საათზე და 24 ივლისის 00:00 საათამდე გასტანს.
რაც შეეხება მესამე ეტაპს, თბილისის მერის განმარტებით, ის გულისხმობს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც 25 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.
„რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება ორი წელი. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის“ ორგანიზებით, თბილისში Urban Sport Fest - ტურნირი 3X3 კალათბურთში დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში, შესარჩევი ეტაპი 2023 წლის 2 ივლისს გაიმართა, ხოლო 9 ივლისს, 19:00 საათზე ღონისძიების ფინალური ეტაპი გაიმართება.
„ტურნირის მოთამაშეთა რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამის ვებგვერდზე. პროექტით დაინტერესება საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ ინფორმაციის განთავსებიდან ნახევარი საათის შემდეგ, ჩემპიონატის მონაწილე გუნდები დაკომპლექტდა. ტურნირში მონაწილეობს 24 გუნდის 100-მდე სპორტსმენი. სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება და პროექტის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ტურნირს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები დაესწრებიან.
„ტურნირი იმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის საპარკინგე სივრცის ტერიტორიაზე. შესარჩევ და ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით გამორჩეული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოთი და სხვადასხვა პრიზით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს, ირაკლი გვილავას სამომავლოდ მსგავსი პროექტების განხორციელება დაავალა.
„სამომავლოდ, ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. ამიტომ, მინდა, ირაკლი გვილავას დავავალო, წარმოადგინოს გეგმა, თუ რა სიახლეები შეიძლება ახალგაზრდებს მთელი წლის განმავლობაში შევთავაზოთ. თბილისის მერია სამომავლოდაც აქტიურად ჩაერთვება მსგავსი ღონისძიებების განხორციელების პროცესში, რათა სპორტში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.