USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
თბილისის მერიის სხდომაზე, კახა კალაძის გამოსვლის სრული ჩანაწერი (18.10.2023)
თარიღი:  621

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა, რეკრეაციული სივრცე მოაწყო.

„მზიურის“ პარკის მიმდებარე ტერიტორია წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობა განახორციელა და ეს ტერიტორია თბილისელებს დაუბრუნდა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციულ სივრცეს მოვაწყობდით. სამუშაოები უკვე დასრულებულია. შედეგად „მზიურის“ პარკის ტერიტორია 2.5 ჰექტრით გაიზარდა.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორია გამწვანდა, ახალი ხე-მცენარეები დაირგო. მოეწყო მოსასვენებელი და სატრენაჟორო სივრცეები. ყველა პირობაა შექმნილი, რომ ადამიანმა დაისვენოს და განიტვირთოს. პარასკევს, 19:00 საათზე, „მზიურის“ პარკში გელოდებით ყველას კონცერტზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ისაუბრა კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცის შესახებ, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობამ მოაწყო.

„გლდანის მესამე მიკრორაიონში, დაახლოებით, 1 ჰექტარ ფართობზე გლდანის რაიონის გამგეობამ პარკი მოაწყო. აქამდე ამ ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენ ადგილობრივებს დავპირდით, რომ ამ ყველაფერს მოვაწესრიგებდით. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთის მოედანი, ველობილიკი და ფიტნეს სივრცე. ასევე, სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სხვადასხვა ტიპის საპარკო ინფრასტრუქტურა.

მინდა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო ამ პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. მან მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე მუშაობის დაწყება დაავალა.

„საუბარია ორ ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა იქ შესაძლებელია ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცის, პარკის მოწყობა. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ტერიტორიის განაშენიანების იდეა საბურთალოს რაიონის გამგებელს გიზო ვასაძეს ეკუთვნის.

ასევე, კახა კალაძე გამოეხმაურა დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს და პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გეგმაზე ისაუბრა.

„დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე არსებული მდგომარეობასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა პროტესტი, გულისწყრომა და მინდა, ამ ადამიანებს განვუმარტო, რას გეგმავს დედაქალაქის მერია. ვიცი, რომ ჩემი მოადგილეები შეხვდნენ მოსახლეობას და ამ ადამიანებმა გაიგეს ყველაფერი, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

დედაქალაქი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოსაწყობად, რაც დაგვეხმარება, დავაკმაყოფილოთ 2014 წელს გაფორმებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული გარემოსდაცვითი ვალდებულება. აღნიშნული პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვასა და უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან მეთანის გაზის შეგროვებას.

EBRD-მ დედაქალაქს დაუქირავა საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია Enviroplan S.A., რომლის კონსულტანტებმაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩაატარეს ყველა საჭირო კვლევა. კომპანია მიმდინარე წლის დეკემბერში დაასრულებს პროექტზე მუშაობას, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება გაზშემკრები სისტემისა და გაზის უტილიზაციის შესახებ ტენდერი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით. ტენდერის დასრულების შემდეგ კი, დაიწყება პროექტის განხორციელება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ნარჩენების სეპარირების მიმართულებით ის კონკრეტული პროექტებიც დაასახელა, რომლის განხორციელებაც ლილოს პოლიგონზე იგეგმება.

„EBRD-ისა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ ICP-ის დახმარებით, ახლო მომავალში იგეგმება მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკური ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მშენებლობა. ოქტომბრის ბოლოსთვის მზად იქნება ამ შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების კონცეპტუალური დიზაინი. ეს იქნება ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების, განთავსებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი. გარდა ამისა, ლილოს პოლიგონზე იგეგმება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რაც დღეს სერიოზული პრობლემაა. ამ ეტაპზე ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება მიმდინარეობს, რის შემდეგაც EBRD-ის ეგიდით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნული პროექტი მომავალი წლის განმავლობაში დასრულდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ვარკეთილის დასახლებაში, კალოუბნის ქუჩის N18-ში 3-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიად შპს „ბიქეი კონსთრაქშენი“ გამოცხადდა.

„ამჟამად, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დასრულებულია. მომდევნო ეტაპზე, პერიმეტრის დახიმინჯება და ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი. ოჯახებს, რომლებიც ქირით ჰყავს მუნიციპალიტეტს გაყვანილი, დავაბრუნებთ გარემონტებულ, თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში. ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ისაუბრა ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს შესახებაც,  კერძოდ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.

„იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, ფაქტობრივად, ჩაბნელებული იყო. პროექტის ფარგლებში, მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე მონაკვეთში და ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსზე,  გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო და თანამედროვე LED სანათები დამონტაჟდა.  გარდა ამისა, საჰაერო ქსელები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. ტროტუარი მოწესრიგდა და განახლდა. აქამდე აქ ფეხით გავლაც შეუძლებელი იყო. იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ თავისუფალ სივრცეში გზაგამყოფი გამწვანებული კუნძული მოეწყო და დაირგო ხე-მცენარეები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას გმირთა მოედნის განახლების საკითხიც დააანონსა.

„მინდა, ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს გმირთა მოედნის მოწესრიგება დავავალო. აქ ჯერ კიდევ არსებობს საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების ბოძები, ყვითელი განათებებით, ჰაერში გადაჭიმული კაბელებით. აღნიშნული მოედანი მთლიანად განახლებას საჭიროებს. განათების სისტემები მოსაწესრიგებელია და უნდა დავამონტაჟოთ თანამედროვე LED სანათები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ასევე, კახა კალაძემ ისაუბრა აპლიკაცია „ფიქს თბილისის“ შესახებაც და აღნიშნა, რომ პროექტის ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 5 638 მიმართვა დაფიქსირდა, საიდანაც 2 434-ზე რეაგირება უკვე მოხდა.

„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა „ფიქს თბილისი“, რასაც მოქალაქეების დიდი დაინტერესება მოჰყვა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავის მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთოს აღნიშნული პროგრამა და დააფიქსიროს სხვადასხვა პრობლემა ქალაქის მასშტაბით - გადაუღოს ფოტო, გააკეთოს კომენტარი, მიუთითოს ადგილმდებარეობა და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ახდენენ რეაგირებას. პროექტის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში, 5 638 მიმართვა შემოვიდა ოთხი მიმართულებით: ეს არის ხე-მცენარეების, საპარკო ინფრასტრუქტურის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების დაზიანება. აქედან 2 434 მოთხოვნა უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენი შესრულების სხვადასხვა ეტაპზეა. მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს ამდენად მაღალი ინტერესისთვის და პროგრამაში ჩართულობისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო სწრაფი ტემპით შევძლოთ ამ კატეგორიის პრობლემებზე რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, მან ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, პროგრამაში დაფიქსირებულ პრობლემებზე უკეთესი რეაგირებისთვის დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე იზრუნოს.

სხდომის დასასრულს, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას გოგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს.

მან წარმატებები უსურვა გოგი ჩიქოვანს და მადლობა გადაუხადა ლაშა მაჭავარიანს, რომელიც ამ დრომდე იკავებდა აღნიშნულ პოზიციას.

„მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გოგი ჩიქოვანის კანდიდატურა. მან რამდენიმე თვის წინ დაიკავა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არის კარგი მენეჯერი, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია თამამად შეეჭიდოს გამოწვევებს. გოგი ჩიქოვანმა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე კარგი შედეგი აჩვენა. მინდა მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის ლაშა მაჭავარიანს, რომელიც აქამდე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. წარმატებებს ვუსურვებ მას მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.