USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე დედაქალაქი მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში ერთვება
თარიღი:  
 

კახა კალაძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში დედაქალაქის ჩართვით ხელი შეეწყობა როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებების, ასევე, მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას.

„იუსტიციის სამინისტროსთან ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზე თბილისის ტერიტორიაზე დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება. ეს პროექტი დიდი ხანია მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით, თუმცა ამ პროცესში ჩართული არ იყო თბილისის მუნიციპალიტეტი, ამიერიდან კი თბილისში სისტემური რეგისტრაციის დაწყება ხელს შეუწყობს იმ მოქალაქეების საკუთრების უფლების და ინტერესების დაცვას, რომლებსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქვთ მიწის ნაკვეთები და მას აქამდე სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო ვერ არეგისტრირებდნენ. ამ პროექტის განხორციელება ასევე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ინტერესის გათვალისწინებისა და მისი ტერიტორიების იდენტიფიცირების მიზნითაც“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე განმარტებით, პროექტს საჯარო რეესტრი განახორციელებს, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას თბილისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

„ეს მემორანდუმი კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია იმისა, რომ უწყებების გაერთიანებული ძალისხმევა, ეფექტიანი კოორდინირებული მუშაობა ზრდის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვის ხარისხს. მინდა წარმატება ვუსურვო საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას. ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ოჯახი ელოდება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ის პრობლემები, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს, ამ პროექტის განხორციელებით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდება და უზრუნველყოფს სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნას.

პროექტი მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დაცვისკენ და მიზნად ისახავს შერჩეულ არეალებში, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე შესაბამის უფლებამოსილ პირთა საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას, ცალკეულ შემთხვევაში რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებას, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას.

პროექტის განხორციელების შედეგად, ასევე, იდენტიფიცირებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებად დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები და განხორციელდება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ფონდის მონაცემების სრულყოფაც.

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის