თბილისის მერია დედაქალაქის სკვერებში ხე-მენარეების შეწამვლის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ თბილისის მცენარეული საფარის წამლობა, გარდა ზამთრის სეზონისა, მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს და აქამდე არ დაფიქსირებულა ადამიანისა თუ ცხოველის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების არცერთი შემთხვევა.
როგორც თბილისის მერია განმარტავს, პროცესი მიმდინარეობს ღამის საათებში, როდესაც გამწვანებული ზონები დამსვენებლებისგან დაცლილია.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც თბილისის სკვერებში ხე-მცენარეების შეწამვლის პროცესია ასახული. აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოების ნაწილის ინტერესი გამოიწვია - იწვევს თუ არა შეწამვლის პროცესი ტერიტორიის დაბინძურებას.
გაცნობებთ, რომ მცენარეების შეწამვლა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც ბოლო წლებია დედაქალაქში რეგულარულად ხორციელდება. ეს ხე-მცენარეებსა თუ ბუჩქოვან მცენარეებს სხვადასხვა მავნებლებისგან და დაავადებებისგან იცავს.
წამლობის მეთოდიკა და შესაბამისი ნივთიერებები კვალიფიციური სპეციალისტების რეკომენდაციით შეირჩევა. ყველა პრეპარატი აპრობირებულია საერთაშორისო დონეზე, ასევე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული, საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდების ნუსხაშია წარმოდგენილი.
წამლობა ხორციელდება ღამის საათებში, როდესაც გამწვანებული ზონები დამსვენებლებისგან დაცლილია.
„ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოების წარმოების დროს იყენებენ სპეციალურ აღჭურვილობას, რადგან მათ ყოველდღიურად უშუალო შეხება აქვთ პრეპარატებთან, როგორც შეწამვლის დროს, ასევე გაზავებამდე, როდესაც ისინი მაღალი კონცენტრაციისაა.
„ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ თბილისის მცენარეული საფარის წამლობა, გარდა ზამთრის სეზონისა, მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს. აქამდე არ დაფიქსირებულა ადამიანისა თუ ცხოველის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების არცერთი შემთხვევა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წამლობის პროცესის შეფერხება ან შეწყვეტა გამოიწვევს შეუქცევად პროცესებსა და თბილისის მცენარეული საფარის დიდი ნაწილის განადგურებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ 25.7 ათასი დოლარის ღირებულების ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლები და სხვა ორგანოების იმპორტი განახორციელა. 2022 წლის დასაწყისში ქვეყანაში შემოტანილი ორგანოების მოცულობა გასული 4 წლის ანალოგიური პერიოდების იმპორტს აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკით ორგანოთერაპიისთვის შემოტანილი ამ დასახელების საქონლის მოცულობა იანვარ-მარტში 0.13 ტონა იყო.
რაც შეეხება ორგანოების იმპორტის წლიურ მონაცემებსა და იმ ქვეყნებს, სადაც საქართველო საქონელს ყიდულობს, საქსტატის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს გვქონდა (183 ათასი დოლარი, 0.74 ტონა). აღსანიშნია, რომ პანდემიის დაწყების პირველ წელს საქართველოდან 0.23 ტონა ორგანოების შესაძენად 155 ათასი დოლარი გავიდა. გასულ წელს კი 0.44 ტონა იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 89.9 ათასი დოლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების ყველაზე დიდი მომწოდებელი საქართველოსთვის აშშ-ია - 77.9 ათასი დოლარი, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო - 3.8 ათასი დოლარი, ჰონ-კონგი - 3.3 ათასი დოლარი, გერმანია - 2.1 ათასი დოლარი, ავსტრალია - 0.9 ათასი დოლარით. საიმპორტო ქვეყნებს შორისაა: კანადა, იტალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, ბელგია და შვეიცარია.
წყარო:https://bm.ge/