USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
თბილისის მერია დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობას აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს - იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები
თარიღი:  805

დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაადგილება შეიზღუდა კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.

თბილისის მერია გავრცელებულ ინფორმაციაში განმარტავს, რა მარშრუტით იმოძრავებენ გადაკეტილ ქუჩებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

„თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ პანდუსამდე, ხოლო რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე; მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით; ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება და ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩიდან, მაჩაბლის ქუჩის გავლით.

პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრას მძღოლები სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით, შემდგომ კი, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ; მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა, დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების საშუალებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, შეძლებენ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მოძრაობდა ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, ამჯერად ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს; გორგასლის ქუჩიდან და ავლაბრის მოედნიდან მოძრავი ავტობუსები მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას, თავდაპირველად, მოუხვევენ პუშკინის ქუჩის დასაწყისში, შემდეგ კი გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

ავტობუსები: N301, N309, N310, N337 და N345 ბარათაშვილის ხიდიდან მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით გადაინაცვლებენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისკენ, შემდეგ კი მგზავრთა მომსახურებას დადგენილი სქემით განახორციელებენ. აღნიშნული ავტობუსები უკუმიმართულებით მოძრაობისას, ისარგებლებენ იმავე გზასავალით, ხოლო პუშკინის ქუჩის დასაწყისთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით; N359 მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით იმოძრავებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისკენ და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით.

თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის