USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
თბილისის მერია ბიზნესსექტორს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს
თარიღი:  450

თბილისის მერიამ 1-ელი აპრილიდან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისი აამოქმედა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

„თბილისის მერია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს. სერვისი ამოქმედდა მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან და რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge. აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ მიერ რეგისტრირებულ განაცხადში წარმოდგენილ ერთ ან მეტ მიწის ნაკვეთზე ან კონკრეტულ არეალზე მიიღონ ნებისმიერი მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ქალაქთმშენებლობით წარმოებას, დოკუმენტის განმარტებას, სამშენებლო ნებართვასა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე კონსულტაციას. პერსონალური კონსულტანტის მომსახურება შესაძლებელი იქნება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. განაცხადის რეგისტრაციისთანავე გამოიყოფა კონკრეტული კონსულტანტი, რომელიც დაუკავშირდება ბიზნესსექტორის წარმომადგენელს და ინდივიდუალური, სატელეფონო კონსულტაციის რეჟიმში მოემსახურება მას. თანამშრომელი შეისწავლის არეალს, უპასუხებს დამკვეთის შეკითხვებს, განუმარტავს დოკუმენტაციას და მისცემს შესაბამის მიმართულებას წარმოების შედეგიანად მიმდინარეობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მომსახურება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუქმნის ნიადაგს წარმოების სწორად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის, რაც საბოლოოდ შეამცირებს წარმოების დროს.

„თითოეულ განაცხადზე მომსახურების გაწევის მინიმალური ვადაა სამი თვე. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, 1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის 3 თვეზე 6 000 ლარია, რაც თვეში შეადგენს 2 000 ლარს; 1-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთისთვის შეადგენს 12 000 ლარს; იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება 5 ჰა-ს - მომსახურების საფასური შეადგენს 30 000 ლარს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, პირადი კონსულტანტები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინდივიდუალურ რეჟიმში მოემსახურებიან შემდეგი მიმართულებებით: ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავებისა და დამტკიცებისათვის ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ადმინისტრაციულ ორგანოებში, კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოებისთვის კოორდინაციის პროცესში ხელშეწყობა; შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შენიშვნის/ხარვეზის/მოთხოვნის განმარტება.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც ადამიანებს გაუადვილებს მშენებლობის ნებართვის მიღებას, სხვადასხვა დოკუმენტთან ან არეალთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას და ა.შ. ამისთვის თანამშრომლები სპეციალურად გადავამზადეთ, გაიარეს სტაჟირება. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს იმისთვის, რომ თითოეული კონსულტანტი ყველანაირად კვალიფიციური იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის