USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
თბილისის მერია - ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერში, მისი ალტერ ეგოს - ფერდინანდ ვანეკის სკამის ანალოგი დამონტაჟდა
дата:  388

ვაკის რაიონში, ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერში, სადაც ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ძეგლია განთავსებული, მისი ალტერ ეგოსა და მისი ერთ-ერთი პიესის „აუდიენცია" პერსონაჟის, ფერდინანდ ვანეკის სკამის ანალოგი დამონტაჟდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღესვე, ჩეხ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად აღინიშნა მათთვის მნიშვნელოვანი თარიღი - ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავი, რომლითაც ჩეხოსლოვაკიაში მშვიდობიანი გზით დაემხო საბჭოთა რეჟიმი, რამდენიმე წელში კი ჩეხეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა.

ვაცლავ ჰაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პეტრ კუბერნატმა. ღონისძიებას ასევე საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, ასევე ჩეხური დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ნოემბერი და დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი თარიღია ჩეხეთის რესპუბლიკისთვის და ჩეხი ხალხისთვის. ჩვენი მეგობრობა წლებს ითვლის, ვაკის რაიონი და პრაღა 6-ის რაიონი დამეგობრებული რაიონებია და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ძეგლი სწორედ აქ, ვაკის გამგეობის ეზოში - ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერშია დამონტაჟებული. ჩვენთვის დიდი პატივია ეს ღირშესანიშნავი თარიღი ჩვენს ჩეხ მეგობრებთან ერთად აღვნიშნოთ", - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

„ვაცლავ ჰაველის ალტერ ეგოს - ფერდინანდ ვანეკის სკამის ერთი ნაწილი სიმბოლურად ლუდის კასრის ფორმისაა, რადგან ვაცლავ ჰაველი ერთ დროს ტრუტნოვში, ლუდსახარშ ქარხანაში მუშაობდა. გარდა ამისა, ჰაველის პიესაში "აუდიენცია" ერთ-ერთი სცენის სიუჟეტი სწორედ ლუდსახარშშია განვითარებული. ამ სცენის ორი პერსონაჟიდან ერთ-ერთია ზემოთხსენებული ფერდინანდ ვანეკი. სკამზე ამოტვიფრულია ციტატა ზემოთ ხსენებული პიესიდან: „მე, პრინციპში, ვერ მივიღებ მონაწილეობას ისეთ მოქმედებაში, რომელსაც არ ვეთანხმები".

აღნიშნული სკამი პირველად დეივისში, 2017 წლის 18 დეკემბერს, ვაცლავ ჰაველის გარდაცვალებიდან ზუსტად ექვსი წლის შემდეგ, ეროვნული ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობის წინ დაიდგა. ეს ტერიტორია რამდენიმე წუთის სავალზეა Dělostřelecká ქუჩიდან, სადაც ვაცლავ ჰაველი ცხოვრობდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати