USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
თბილისის მერია - თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან დააკავშირებს
თარიღი:  992

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი თაბორის ქედზე სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობას გაეცნენ, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სტუმრებს ინფორმაცია პროექტის შესახებ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაიდარაშვილმა მიაწოდა.

საბაგირო გზა სულ რამდენიმე წუთში ფარავს მანძილს თავისუფლების მოედნიდან თაბორის ქედამდე.

„ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს. ეს არის თაბორზე სასტუმრო კომპლექსი და საერთაშორისო სტანდარტის გოლფის მოედნები. თვითონ სასტუმროს რაც შეეხება, ესაა „ავტოგრაფის“ ბრენდი, 175-ნომრიანი. რაც შეეხება ინვესტიციებს, 175 მილიონი დოლარი ჩაიდო ამ პროექტის განხორციელებაში, რომელიც ახალ წელს გაიხსნება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება დედაქალაქს. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ თავისუფლების მოედნიდან ზუსტად ხუთ წუთში შეიძლება საბაგირო გზით ამოსვლა. გარდა ამისა, კომპლექსს ექნება შესაძლებლობა, ბოტანიკურ ბაღთან ჰქონდეს კავშირი და აქ მომსვლელმა სტუმარმა თუნდაც ფეხით გაისეირნოს ბოტანიკური ბაღის მიმართულებით. წარმატებები ასეთ საქმეებს. ყოველთვის გამიხარდება, როგორც დედაქალაქის მერს, ასეთი პროექტების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მათივე ინფორმაციით, საბაგირო გზა ორსექციიანი და ჯამში 34-გონდოლიანია. საბაგიროს ორივე სექციას საათში 1000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

საბაგირო გზის პროექტი, რომლის ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის