აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე სანქციები მკაცრდება, შესაბამისი კანონი კი მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ დრომდე, ჯარიმის დადგენილი ოდენობები აკუსტიკური ხმაურის გადაჭარბების პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა.
„კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ან საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია და დადგენილია შესაბამისი ფულადი ჯარიმებიც, თუმცა დღემდე დადგენილი სანქციები, ჯარიმის ოდენობები, არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, დარღვევის იმ შინაარსს, რაც რეალურად ხდება. ამიტომაც, მოვამზადეთ კანონპროექტი და წარვუდგინეთ პარლამენტს. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან აღნიშნული კანონი და ერთმანეთს დისკომფორტი არ შეუქმნან.
„გვესმის ბიზნესის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების უფლებები, რომლებზეც დასაშვებ დონეზე მეტად წარმოქმნილი ხმაური უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობასა თუ ემოციურ მდგომარეობაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონის მიხედვით: ა) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით; ბ) იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით; გ) მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/