USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
თბილისის გერბი და დროშა იცვლება - ახალი სიმბოლიკა ჰერალდიკის კანონების დაცვით უნდა შეიქმნას
Date:  

თბილისის მერიაში დედაქალაქის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს - დროშისა და გერბის ნიმუშების შესარჩევი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა კონკურსის ჩატარების პირობებსა და ვადებზე იმსჯელეს. კომისიის წევრების მოსაზრებით, თბილისის დღევანდელი სიმბოლიკა გარკვეული ფორმით ფუნქციონირებას გააგრძელებს მას შემდეგაც, რაც დედაქალაქს შესაბამისი გერბი და დროშა ექნება.

კომისიის წევრის, ისტორიკოს მამუკა წურწუმიას განცხადებით, ახალი სიმბოლიკა ჰერალდიკის კანონების დაცვით უნდა შეიქმნას, რადგან არსებული ემბლემა არ პასუხობს მოთხოვნებს.

„სხდომამ გადაწყვიტა, რომ თბილისს ჰქონოდა გერბი და დროშა. მინდა დავაზუსტო, რომ აქ არ არის საუბარი ახალ გერბზე, რადგან არსებული ემბლემის, რომელიც ცნობილი მხატვრის მიერ არის შექმნილი და მხატვრულად მაღალი ღირებულების ნაწარმოებია, ამოღება დღის წესრიგში არ დგას. ძველი ემბლემა არ პასუხობდა გერბის მოთხოვნებს, ის რეალურად ემბლემაა და არა გერბი. ახალი გერბი და დროშა უნდა მომზადდეს ჰერალდიკის კანონების დაცვით. თუ რას უნდა პასუხობდეს გერბი, ეს ყველაფერი ახალი კონკურსის პირობებში იქნება ასახული. დადგინდება კონკურსის ვადები და პირობები, რომელიც ჰერალდიკის ყველა კანონის დაცვით უნდა ჩატარდეს და შედეგად გვექნება ქალაქის გერბი, რომელიც უპასუხებს ჰერალდიკის ყველა მოთხოვნას“, - განაცხადა მამუკა წურწუმიამ.

მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, დედაქალაქის გერბის და დროშის შესარჩევი კონკურსი, შეხვედრაზე გამოხატული მოსაზრებების გათვალისწინებით, მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.

„დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა კომისიისა, რომელმაც უნდა განსაზღვროს სამომავლოდ ქალაქის გერბისა და დროშის ბედი. ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის კონკურსთან დაკავშირებით. უკვე მომავალი წლის დასაწყისში იქნება ინიცირებული კონკურსი იმ მოსაზრებების გათვალისწინებით, რაც გამოითქვა სხდომაზე“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრას გერბისა და დროშის შესარჩევი კომისიის წევრები - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრები, „ჰერალდიკის, ვექსილოლოგიისა და სიმბოლიკის კვლევის ცენტრის“ საბჭოს წევრები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ჰერალდიკის საკითხებზე მომუშავე მეცნიერები ესწრებოდნენ.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way